ზაფხულის მოკლე ღამეები... ასტრონომებისთვის ეს ყველაზე უფრო მოუხერხებელი პერიოდია. ჩრდილოეთში "თეთრი ღამეები" შეუძლებელს ხდის ვარსკვლავებზე დაკვირვებას.
საქართველოში თეთრი ღამეები არ იცის, მაგრამ ზაფხულში 22 საათზე ცა ჯერ კიდევ ნათელია. ჩვენც ვუღალატოთ ტრადიციას და ცამრგვალი 15 ივლისის ღამის 2 საათის მიხედვით განვიხილოთ.
ზაფხულის მწუხრისფერ ცაზე პირველად სამი კაშკაშა ვარსკვლავი გამოჩნდება: ვეგა (ქნარის α), დენები (გედის α) და ალტაირი (არწივის α). სწორედ ესაა უზარმაზარი "ზაფხულის სამკუთხედი" – ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულის ღამეების უცვლელი ნიშანი (სურათი 147).
სურ. 147. "ზაფხულის სამკუთხედი" – ვეგა, დენები და ალტაირი |
აგვისტოს ბნელ ღამეს, მოცისფრო ვეგას ოდნავ ქვემოთ, ოთხი მქრქალი ვარსკვლავი მოჩანს, რომლებიც წარმოსახვითი პარალელოგრამის წვეროებს შეადგენენ. ეს ქნარის თანავარსკვლავედის ჯადოსნური ინსტრუმენტია, რომელზედაც ოდესღაც თვით ორფეოსი უკრავდა – მითიური მუსიკოსი, რომელმაც თავისი ხელოვნებით თვით ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებიც კი მოხიბლა (სურათი 148).
სურ. 148. ზაფხულის ცის თანავარსკვლავედები |
გედის თანავარსკვლავედისთვის დამახასიათებელია ჯვარი, რომლის წვეროც თეთრი დენებითაა აღნიშნული. ძველებურ რუკებზე ვხედავთ გედს, რომელიც ქვემოთ, დედამიწისკენ მოფრინავს (სურათი 149). ძველი ბერძნები ირწმუნებოდნენ, რომ აქ გამოსახული იყო თვით ყოვლისშემძლე ზევსი, რომელიც ჰერას ეჭვიანობას გამოექცა და ლედასთან გაემართა. შემდგომში ლედა კასტორისა და პოლუქსის დედად მოგვევლინა.
ალტაირის, კაშკაშა ცისფერი მნათობის, ზემოთ და ქვემოთ ორი კაშკაშა ვარსკვლავი მოჩანს – არწივის γ და β. მათგან მარჯვნივ მყოფ δ ვარსკვლავთან ერთად ისინი ამ მცირე თანავარსკვლავედის დამახასიათებელ ფიგურას შეადგენენ. თუ ძველბერძნულ ლეგენდებს დავუჯერებთ, აქ ცაზე გამოსახულია მტაცებელი ფრინველი, რომელიც 10 000 წლის განმავლობაში კიკნიდა მთაზე მიჯაჭვული პერსევსის ღვიძლს (იხ. "ლეგენდა ამირანზე"). ეს გულკეთილი გმირი სასტიკად დასაჯეს ღმერთებმა იმის გამო, რომ ადამიანებს ოლიმპოდან ცოდნის ცეცხლი ჩამოუტანა.
ქნარისგან მარჯვნივ – ჰერკულესის თანავარსკვლავედია. ეს სწორედ ის ჰერკულესია, რომელმაც კომბლით გააფრთხობია სული სისხლისმსმელ ნემეურ ლომს, შემდეგ ლერნეს მრავალთავიანი ჰიდრა დაახრჩო და კიდევ ათი შესანიშნავი გმირობა ჩაიდინა. ჰაველიუსის მოხატულ ვარსკვლავიერ რუქაზე (XVII ს.) ჰერკულესი ძლიერი ხელით ჰიდრას ახრჩობს, ხოლო მხარზე უკვე გადაუგდია ნემეური ლომის ტყავი. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ ჰერკულესი, სხვა თანავარსკვლავედებთან მიმართებაში, გადაყირავებულია (სურათი 149).
ჰერკულესის ქვეშ გველისმჭერისა და გველის თანავარსკვლავედებია; ძნელია დავასახელოთ რაიმე გარკვეული მოხაზულობა, რასაც მათი შემადგენელი ვარსკვლავები წარმოქმნიან. როგორც ჩანს, აქ უცნობი მითიური გმირია, ან გამოსახულია ადამიანი, რომელსაც გველი დაუჭერია.
სამაგიეროდ, ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედს, რომელიც ცაზე ვარსკვლავთა ნახევარწრედ წარმოგვიდგება (სათავეში უდგას ჰემა – ჩრდ. გვირგვინის α), ლამაზი ლეგენდა უკავშირდება.
სურ. 149. ზაფხულის თანავარსკვლავედების ლეგენდარული პერსონაჟები |
მითიურმა გმირმა თეზევსმა ლამაზი არიადნა მოიტაცა, ხოლო შემდეგ შეუბრალებლად მიატოვა ზღვის პირას. არიადნა დიდხანს და ხმამაღლა ტიროდა და ღმერთებს შველას ევედრებოდა. ბოლოსდაბოლოს, მას ღვთაება ბახუსი გამოეცხადა და ტანჯული არიადნას უკვდავყოფა გადაწყვიტა, რისთვისაც მან ცაში აისროლა არიადნას გვირგვინი. სანამ გვირგვინი ცისკენ მიფრინავდა, მისი ძვირფასი ქვები ვარსკვლავებად იქცა, რომლებიც უხსოვარი დროიდან ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედს ქმნიან.
ცამრგვალის სამხრეთ ნაწილში, ჰორიზონტთან ახლოს, უძველეს თანავარსკვლავედთა ჯაჭვია. აქ მოჩანს მერწყული, თხისრქა, მშვილდოსანი და მორიელი. მორიელში კაშკაშა წითელი მნათობი – ანტარესი ბრწყინავს. ამ თანავარსკვლავედებს რაიმე დამახასიათებელი ფიგურა არა აქვთ, ამიტომ მათი მოძებნა ცალკეული ვარსკვლავების მეშვეობით გვიხდება.
გველისმჭერის მსგავსად, მერწყული მხოლოდ იმ ადამიანს ასახავს, წყალს რომ ღვრის, ხოლო მეზობელი თანავარსკვლავედი, თხისრქა – მითიურ ცხოველს. ეს უბედური ცხოველი ცხვრისა და ... თევზის ჰიბრიდია! ყოველ შემთხვევაში, ვარსკვლავიერ რუკებზე აქ ასახულია ცხოველი, რომელსაც ვაცის თავი და ქერცლებით დაფარული თევზის კუდი აქვს.
მშვილდოსნის თანავარსკვლავედის წარმოშობა უფრო გარკვეულია. აქ უკვდავყოფილია კენტავრი ქირონი, მითიური ცხენკაცა, უამრავი ლეგენდის გმირი.
ძნელი სათქმელია, რა იყო ცაზე მორიელის თანავარსკვლავედის გამოჩენის მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, ეს ერთერთი უძველესი თანავარსკვლავედია. არსებობს ლეგენდა ფაეტონზე, სადაც ნათქვამია, რომ მზის ღმერთის შვილი ურჩობისათვის დაისაჯა; თუმცა ის მორიელმა შეაშინა, რომელიც მისი დაღუპვის ჭეშმარიტი მიზეზია.
ზაფხულის ცაზე რამდენიმე პატარა და გაეგნულად უფერული თანავარსკვლავედია: დელფინი, კვიცი, მელაკუდა, ისარი და ფარი. მათგან დელფინი – ყველაზე უფრო შესამჩნევია. მისთვის დამახასიათებელია ფიგურა – პატარა რომბი, რომლის ქვედა მარჯვენა მხრიდან სამი სუსტი ვარსკვლავის ჯაჭვი გამოდის (სურათი 149). აქ დელფინისა და მისი ჰორიზონტისაკენ ჩაშვებული კუდის წარმოდგენა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
დელფინის მაღლა და მარჯვნივ, ზედ ალტაირის თავზე, ისრის თანავარსკვლავედი მოჩანს, სადაც γ, δ, α და β ვარსკვლავები თითქოს–და, მფრინავი ისრის კუდის ფოჩს წარმოქმნიან. ეს ორი, პატარა თანავარსკვლავედი ასევე უძველესია, დიდი დათვის, ორიონისა და კასიოპეას მსგავსად. სხვა ყველა თანავარსკვლავედი, რომლებიც აქ ვახსენეთ, გაცილებით ახალია.
კვიცი პირველად უძველესი ასტრონომის – ჰიპარქეს (II ჩ.წ.) კატალოგშია ნახსენები. ძნელი სათქმელია, რამ აიძულა ჰიპარქე შემოეღო ეს თანავარსკვლავედი, თუმცა მას შემდეგ აქ, ფრთოსან პეგასთან ახლოს, კვიცის ამოყირავებული თავია გამოსახული.
მელაკუდასა და ფარის თანავარსკვლავედები ჰაველიუსის შედევრებია (1690). ჰაველიუსის სიტყვებით: "მელაკუდა ეშმაკი, სასტიკი და ღორმუცელა ცხოველია, არწივის მსგავსად", და ამის გამო, ცაზე მათი მეზობლობა ბუნებრივია. რაც შეეხება ფარის თანავარსკვლავედს, ანუ, ჰაველიუსის მიხედვით, სობესკის ფარს, ის პოლონელი ასტრონომის პატრიოტულ გატაცებათა შედეგია. ეს ერთადერთი თანავარსკვლავედია ვარსკვლავიერ ცაზე, რომელიც კონკრეტული ისტორიული მოღვაწის – პოლონელი სარდლისა და მეფის, იან სობესკის სახელს უკავშირდება.
No comments:
Post a Comment