Saturday, August 22, 2020

თანავარსკვლავედების სახელწოდებათა შესახებ

ახალბედას, რომელიც ვარსკვლავიერი ცის შესწავლას შეუდგება, უპირველესად, თანავარსკვლავედების სახელწოდებები გააოცებს. როგორც წესი, ვარსკვლავების განლაგებებში, მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანიც კი ვერ გაარჩევს იმას, რაც თანავარსკვლავედის სახელწოდებაში აისახება. მაგალითად, დიდი დათვი (ყოველ შემთხვევაში, მისი უდიდესი ნაწილი მაინც) ჩამჩას უფრო გავს. ხოლო მის ახლომახლო უწესრიგოდ მიმოფანტული მკრთალი ვარსკვლავების ჯგუფები, რომლებსაც ჟირაფისა და ფოცხვერის თანავარსკვლავედებს უწოდებენ, არაფრით არ მოგვაგონებენ ნამდვილ ჟირაფსა და ფოცხვერს.

სახელწოდებათა მრავალფეროვნება არანაკლებ უცნაურია. ცაზე ერთმანეთთან ცხოვრებას იოლად ეგუებიან თანავარსკვლავედები: მენახირე და სექსტანტი, ჰიდრა და ბუზი, მიკროსკოპი და ხვლიკი! მაინც, რითია გამოწვეული თანავარსკვლავედების სახელწოდებათა ეს, ერთი შეხედვით, სრულიად ქაოსური კრებული?

ვარსკვლავიერ ცაზე სხვადასხვა ეპოქა და ყველა ჯურის ხალხთა შემოქმედება აისახება. თანამედროვე, საყოველთაოდ აღიარებულმა ანუ ოფიციალურმა ვარსკვლავიერმა რუკებმა, 88 თანავარსკვლავედით, ბოლო მოუღეს მრავალსაუკუნოვან მცდელობებს დაემკვიდრებინათ ზეცაზე ობიექტები, რომლებიც ამას ყოველთვის როდი იმსახურებდნენ. თანავარსკვლავედების ისტორიაში ბევრი რამაა მოგონილი, ზოგჯერ კი, უბრალოდ, უაზრო. ხშირად შეუძლებელიც კია გაარკვიო, თუ რა მოტივით გამოჩნდა ცაზე ესა თუ ის თანავარსკვლავედი, ხოლო ზოგიერთი თანავარსკვლავედის სახელწოდების მნიშვნელობაზე დღემდე დაობენ. დღეისათვის არსებული 88 თანავარსკვლავედის სიაც კი შედგენილია არა მარტო რაღაც ლოგიკური პრინციპის მიხედვით, არამედ სურვილით, რომ ბოლოს და ბოლოს უცვლელად შევინახოთ ცის ამ დროისათვის ჩამოყალიბებული სურათი.

ჩვენ არ ვისახავთ მიზნად მოგითხროთ თანავარსკვლავედების ისტორია - ეს თემა საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე ცალკე წიგნს მოითხოვს. ჩვენ მხოლოდ თანავარსკვლავედების სახელწოდებრივი კლასიფიკაციით შემოვიფარგლებით, ხოლო შემდგომში, თანავარსკვლავედის განხილვისას, მისი სახელწოდების წარმოშობასაც მოვფენთ ნათელს.

88 თანამედროვე თანავარსკვლავედიდან უმეტესობას საკმაოდ სოლიდური ასაკი აქვს. ეს თანავარსკვლავედები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იყო ცნობილი და ცნობები მათ შესახებ მოიპოვება ბიბლიაში; ჰომეროსის, ჰეზიოდეს, თალესის, ევდოქსის, ჰიპარქესა და სხვა უძველესი ავტორების ნაწარმოებებში. აი, ამ უძველეს თანავარსკვლავედთა ჩამონათვალი: დიდი დათვი, ორიონი, კურო, დიდი ძაღლი, მენახირე, პატარა დათვი, დრაკონი, ჰერკულესი, მერწყული, თხის რქა, მშვილდოსანი, მეისრე, დელფინი, კურდღელი, ერიდანუსი, ვეშაპი, სამხრეთის თევზი, სამხრეთის გვირგვინი, სამსხვერპლო, კენტავრი, მგელი, ჰიდრა, ფიალა, ყორანი, სასწორი, ბერენიკეს თმები, სამხრეთის ჯვარი, კვიცი, ჩრდილოეთის გვირგვინი, გველისმჭერი, მორიელი, ქალწული, ტყუპები, კიბო, ლომი, მეეტლე, ცეფევსი, კასიოპეა, ანდრომედა, პეგასი, ვერძი, სამკუთხედი, თევზები, პერსევსი, ქნარი, გედი, არწივი. ამ 47 თანავარსკვლავედიდან უმეტესობა მორფოლოგიური წარმოშობისაა - მათში ძველი ბერძნული მითებისა და ლეგენდების პერსონაჟებია ასახული. თანავარსკვლავედების ფიგურებიანი რუკის მაგალითი მოყვანილია სურათზე 1.

სურ. 2. თანავარსკვლავედების უძველესი ფიგურებიანი რუკა.

თანავარსკვლავედების სხვა ჯგუფი პირველად მოიხსენიება ასტრონომ ჟან ბაიერის მიერ, რომელმაც 1603 წელს ვარსკვლავიერი ცის შესანიშნავად გაფორმებული ატლასი გამოსცა. მასში შედიან: ფარშავანგი, ტუკანი, წერო, ფენიქსი, მფრინავი თევზი, სამხრეთის ჰიდრა, ოქროს თევზი, ქამელეონი, სამოთხის ფრინველი, სამხრეთის სამკუთხედი, ინდიელი. სავარაუდოდ, მკითხველი ამ ჩამონათვალში დროების სურნელს შეიგრძნობს - ეს იყო უდიდესი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა, როდესაც ევროპელების თვალწინ უცნობი სამხრეთის ქვეყნების ეგზოტიკური პეიზაჟები გადაიშალა. აქ თითქმის არ არის ნახსენები მორფოლოგიური სახელი, მაგრამ არიან ეპოქის ისეთი აქტუალური პერსონაჟები, როგორებიცაა ინდიელი, ფარშავანგი თუ სამოთხის ფრინველი.

დედამიწის სფეროს ჭეშმარიტი სურათი თანდათანობით გამოიკვეთება და ამასთანავე, ახალი თანავარსკვლავედებით ივსება სამხრეთის უცნობი ვარსკვლავიერი ცა. თუმცა, ფეხდაფეხ ივსება ჩრდილოეთის ცის თეთრი ლაქებიც.

XVII საუკუნის დასასრულს, სახელოვანი დანიელი ასტრონომის, ჰეველიუსის მიერ შედგენილ თანავარსკვლავედთა სიაში ვხვდებით საუკუნის განმავლობაში წარმოქმნილ კიდევ მთელ რიგ ახალ თანავარსკვლავედს. ესენია: ჟირაფი, ბუზი, მარტორქა, მტრედი, მეძებარი ძაღლები, მელაკუდა, ხვლიკი, სექსტანტი, პატარა ლომი, ფოცხვერი, ფარი.

1752 . სამხრეთის ვარსკვლავიერი ცის სახელგანთქმულმა მკვლევარმა, ფრანგმა ასტრონომმა ლაკაილმა, ეს ჩამონათვალი კიდევ 14 თანავარსკვლავედით შეავსო. აი, ისინიც: მოქანდაკე, ღუმელი, საათი, ბადე, საჭრისი, მხატვარი, სამსხვერპლო, კომპასი, ტუმბო, ოქტანტი, ფარგალი, ტელესკოპი, მიკროსკოპი, მაგიდა მთა. ყველა ეს თანავარსკვლავედი ვარსკვლავიერი ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე განთავსდება. ისღა დაგვრჩენია, რომ სია კიდევ ხუთიოდე თანავარსკვლავედით შევავსოთ. სამი მათგანია: კიჩო, გემბანი და იალქანი - რაც უძველეს დროში გემის თანავარსკვლავედის მთავარ ნაწილებს შეადგენდა - სწორედ იმ მითიური გემის, რომლითაც, თუკი ძველბერძნულ ლეგენდებს დავუჯერებთ, გმირი არგონავტები კოლხეთისაკენ გაემგზავრნენ. მეოთხე თანავარსკვლავედი - გველი, იმითაა შესანიშნავი, რომ ვარსკვლავიერ რუკებზე მას ცამრგვალის ორი განცალკევებული ნაწილი უჭირავს. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ცამრგვალზე ერთმანეთის მახლობლად გველის ორი თანავარსკვლავედი განთავსდება. სინამდვილეში კი ეს ერთი თანავარსკვლავედია, რომელიც გველისმჭერის თანავარსკვლავედით გაიყოფა. უძველეს ვარსკვლავიერ რუკებზე გამოსახულია ადამიანი, რომელსაც ხელში გველი უჭირავს. თანამედროვე რუკებზე კი ეს ძველი თანავარსკვლავედი ორადაა გაყოფილი. ესენია: გველისმჭერი და გველი. ბოლო, 88- თანავარსკვლავედი თარაზო (გონიო), სამხრეთის ვარსკვლავიერ ცაზე განთავსდება და მისი წარმოშობაც ისევე უნებლიეა, როგორიც სამხრეთის სამკუთხედის.

თანავარსკვლავედების ამ მოკლე ჩამონათვალიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მათგან ყველაზე ხნიერები თავის წარმოშობას სხვადასხვა ძველ მითებს უნდა უმადლოდნენ. რაც შეეხება XVII და XVIII საუკუნეებში აღმოცენებულ თანავარსკვლავედებს, "კლასიკური" მორფოლოგიური სახელწოდების მქონეები მათ შორის თითქმის არ არსებობენ, რის გამოც მათი შემთხვევითი წარმოშობა მხოლოდ ავტორების ფანტაზიებს თუ შეიძლება მიეწეროს.

აქამდე მხოლოდ ევროპელების მიერ შემოღებულ თანავარსკვლავედებზე ვსაუბრობდით. ეს, ცხადია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აზიისა თუ ამერიკის ხალხები ვარსკვლავიერი ცის "დარაიონებით" არ ყოფილან დაკავებული. ვარსკვლავთა ხილულ განლაგებებს სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა ფიგურებად აღიქვამდა. მაგალითად, შუა აზიაში დიდი დათვის შვიდვარსკვლავა ჩამჩას "მიბმულ ცხენს" უწოდებდნენ. ძველ ეგვიპტეში კი იგივე თანავარსკვლავედს "ჰიპოპოტამი" ეწოდებოდა.

საინტერესოა, რომ XVII და XVIII საუკუნეებში ზოგიერთი ევროპელი ასტრონომი, სხვადასხვა მოტივით, ცდილობდა ცამრგვალზე ახალი თანავარსკვლავედები დაემკვიდრებია, ზოგჯერ უკვე არსებული უძველესი თანავარსკვლავედების დამახინჯებისა და განადგურების ხარჯზეც კი. ასე, მაგალითად, 1725 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ფლემსტიდმა, ხელქვეითის თვალთახედვიდან გამომდინარე, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედის მთავარ ვარსკვლავს "კარლოს II-ის გული" უწოდა (დღეს მას სირიუსი ეწოდება). ამ მაგალითს მიმბაძველებიც გამოუჩნდა: XVIII საუკუნის ბოლოს ინგლისელმა ასტრონომმა ჰელმა ცამრგვალზე "გეორგის ქნარი" განათავსა, ხოლო გერმანელმა ასტრონომმა ბოდემ - "ფრიდრიხ II-ის რეგალიები". სხვათა შორის, პრუსიელი მეფის "რეგალიებისათვის" ადგილის გასუფთავების მიზნით ბოდემ "გვერდზე გაწია" ანდრომედას ხელი, რომელიც მას სამიათასი წლის განმავლობაში ჰქონდა გაწვდილი!

შემდეგი ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ რა დონემდე მიდიოდა ზოგჯერ თანავარსკვლავედთა ავტორების სულელური ქმედებები. ცნობილმა ფრანგმა ასტრონომმა ლალანდმა ცამრგვალზე კატის თანავარსკვლავედი განათავსა. ნაწარმოებებში ის თავის საქციელს ამგვარად განმარტავს: "მიყვარს კატები, მე მათ პირდაპირ ვაღმერთებ. იმედია, როგორმე მომიტევებენ, თუკი ჩემი დაუღალავი სამოცწლიანი მუშაობის შემდეგ მათ ზეცაში განვათავსებ."

ზოგიერთი ასტრონომის მიერ განხორციელებული ყველა ეს რეფორმატორული ქმედება არაფერია თანავარსკვლავედების სრული "რეკონსტრუქციის" პროექტებთან შედარებით, რაც XII საუკუნეში ეკლესიის ზოგიერთი მსახურის მიერ იქნა შემოთავაზებული. ერთერთი ასეთი შემოთავაზების მიხედვით, თანავარსკვლავედების "უწმინდური წარმართული" სახელწოდებები ქრისტიანულით უნდა შეეცვალათ. მაგალითად, ვერძის თანავარსკვლავედი უნდა წოდებულიყო პეტრე მოციქულის თანავარსკვლავედად, თევზები - მოციქულ მათეს და .. რაც ყველაზე უარესია, პროექტის მარცხიანი ავტორი ამას როდი დასჯერდა. იგი მოითხოვდა, რომ მზისათვის იესო ქრისტე ეწოდებინათ, ხოლო მთვარისათვის - ქალწული მარიამი. პლანეტებსაც შესაფერის სახელებს დაარქმევდნენ - მაგალითად, ვენერა იოანე ნათლისმცემლად იქცეოდა!

ასტრონომებმა, ცხადია, კატეგორიულად უარყვეს ამგვარი რეფორმა. უფრო მეტიც, მის უაზრობაზე ეკლესიის მსახურთა პროგრესულად მოაზროვნე ნაწილიც კი მიუთითებდა. მართლაც, თუკი ციურ მნათობებს შემოთავაზებულ სახელებს დაარქმევდნენ, იძულებული იქნებოდნენ, რომ წარმოეთქვათ არა უბრალოდ შეუსაბამო, არამედ - ღვითსსაგმობელი ფრაზებიც კი. მაგალითად: "იესო ქრისტე ჰორიზონტს იქით ჩაეშვა" ან "მოხდა ქრისტეს დაბნელება ქალწულ მარიამის მიერ"!

ვარსკვლავიერი ცის უძველეს ჩუქურთმებზე თავდასხმა (თუმცა, უკვე უკანასკნელად) XIX საუკუნეშიც კი განხორციელდა. 1808 წელს ნაპოლეონის ზოგიერთი ქლესა გერმანელი მეცნიერის მიერ შემოთავაზებული იქნა, რომ მისი სახელი ორიონის თანავარსკვლავედისათვის ეწოდებინათ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ თვით ფრანგ ასტრონომებსაც კი ეს იდეა სრულიად აბსურდულად და მიუღებლად მოეჩვენათ.

1922 წელს ჩატარდა საერთაშორისო ასტრონომიული ყრილობა, რომელმაც, როგორც იქნა, საბოლოოდ დაამყარა წესრიგი ციურ "მეურნეობაში". ციდან ერთხელ და სამუდამოდ მოაცილეს როგორც ფრიდრიხის რეგალიები, ასევე - ლალანდის კატაც და 27 სხვა უიღბლო თანავარსკვლავედი. დარჩენილ 88 თანავარსკვლავედს შორის კი მკვეთრი საზღვრები იქნა გავლებული.


ყრილობის ერთერთი დელეგატის მიერ ისიც კი იქნა შემოთავაზებული, რომ საერთოდ გაეუქმებინათ თანავარსკვლავედები და შეეცვალათ ისინი სტანდარტული ზომის ოთხკუთხა ფართობებით. მაგრამ ასტრონომთა უმეტესობამ ამას მხარი არ დაუჭირა. ყრილობის გადაწყვეტილებით, შენარჩუნებული იქნა თანავარსკვლავედების უძველესი სახელწოდებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცის თანამედროვე მკვლევარს ისინი თითქმის აღარაფერში სჭირდება, ვინაიდან ამჟამად ვარსკვლავებს მათი კოორდინატების მიხედვით პოულობენ. თუმცა, მეორეს მხრივ, თანავარსკვლავედები სასარგებლოა ვარსკვლავიერ ცასთან პირველი ნაცნობობის დროს. ხოლო რაც მთავარია, თანავარსკვლავედები - ეს არის უძველესი კულტურის ძეგლების სამუდამოდ დამკვიდრება, რომლებიც თავისებურად, მაგრამ მაინც ასახავენ ასტრონომიის განვითარების ეტაპებს.