Saturday, November 21, 2015

მენახირე

  მენახირის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი - არქტური - პირველი მნათობი იყო, რომლის დანახვაც დღისით შეძლეს ტელესკოპის საშუალებით. ეს 1635 წელს გალილეოს თანამედროვემ, ფრანგმა მეცნიერმა მორენმა მოახერხა. იმ დროს ასტრონომისა და ასტროლოგის სპეციალობები ერთმანეთს ერწყმოდა, ამიტომ მორენიც ცნობილია, როგორც საფრანგეთის ერთერთი უკანასკნელი ასტროლოგი, რომელმაც ლუდოვიკო XIV-ს შეუდგინა ჰოროსკოპი.

  დღეს ნებისმიერს შეუძლია მორენის დაკვირვებები გაიმეოროს. მთავარია, დღის ცაზე არქტურის მდებარეობა საკმარისად ზუსტად იყოს ცნობილი. არქტური ძალზე კაშკაშა 0m,2 ვარსკვლავია. დედამიწის ცის უკაშკაშესი მნათობების სიაში მას მეექვსე ადგილი უჭირავს. არქტურის ნარინჯისფერი შეფერილობა თვალშისაცემია დამწყები დამკვირვებლისათვისაც კი (სურათი 123).

სურათი 123. მენახირის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

  არქტური უზარმაზარია - მისი დიამეტრი 26-ჯერ აღემატება მზისას; ამიტომ მას ნარინჯისფერ გიგანტს უწოდებენ. მზესთან შედარებით ცოტა ცივია - 5000°K, თუმცა დედამიწასთან სიახლოვე (11 პს) და მნიშვნელოვანი ზომები საშუალებას აძლევს კაპელასაც კი გაეჯიბროს.

  არქტურს მნიშვნელოვანი საკუთარი მოძრაობა ახასიათებს: მთვარის ხილული განიკვეთის ტოლ კუთხურ მანძილს ეს ვარსკვლავი დაახლოებით 800 წლის განმავლობაში გაივლის. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ არქტური პირველი იყო, რომელსაც გალილეიმ ჯერ კიდევ 1717 წელს შეატყო სივრცეში აშკარა გადაადგილება. იმ დროს ვარსკვლავთა უძრაობის თეორიის დამარცხებას უდიდესი სამეცნიერო და ფილოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა.

  მენახირის თანავარსკვლავედში რამდენიმე საინტერესო ორჯერადი ობიექტია. პულკოვოს ობსერვატორიის დამაარსებელი ვ. სტრუვე კაშკაშა ε ვარსკვლავს ულამაზეს ორჯერადად მიიჩნევდა. მართლაც, მთავარ ყვითელ 3m ვარსკვლავს დაახლოებით 3" დაშორებით ჰყავს 6m მოცისფრო თანამგზავრი. ამასთან, მთავარი ვარსკვლავი სპექტრულად ორჯერადია; მაშასადამე, ჩვენს წინაშეა არა ორჯერადი, არამედ - სამჯერადი სისტემა (სურათი 124).
სურ. 124. მენახირის ε ვარსკვლავის სამჯერადი სისტემა (მესამე კომპონენტი არ ჩანს, 6"f/8 ნიუტონის რეფლექტორი)
 
  მენახირის π ვარსკვლავი 4m,9 და 5m,8 ცხელი, ცისფერი მნათობებისაგან შედგება, რომელთა შორის 5”,6 შუალედია. სპექტრის მიხედვით, თითოეული მათგანი ორჯერადია, ანუ ეს კიდევ ერთი "ოთხჯერადი" ვარსკვლავია (სურათი 125).
სურ. 125. მენახირის π ვარსკვლავის სისტემა (ჩანს მხოლოდ ორი მთავარი კომპონენტი, 6"f/8 ნიუტონის რეფლექტორი)

  ტელესკოპში იოლად გაიყოფა მენახირის ორჯერადი ξ. მთავარ 4m,9 ორჯერად ვარსკვლავს 5”,3 მანძილზე 6m,8 მოწითალო თანამგზავრი ჰყავს. ამ წყვილის კომპონენტებს შორის მხოლოდ 32 ა.ე. მანძილია, ხოლო გარემოქცევის პერიოდი 150 წელიწადია (სურათი 126).
სურ. 126. მენახირის ξ-ს ვარსკვლავიერი სისტემა (Celestron C8 A-XLT რეფლექტორი)

  სრულიად უნიკალურია მენახირის ორჯერადი ζ. ორი 4m,6 ცისფერი, ცხელი გიგანტი სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო 123 წლის პერიოდით გარემოიქცევა. ეს არის წამოუდგენლად გაწელილი ორბიტა, რომლის ექსცენტრისიტეტი 0,96 ტოლია. სამწუხაროდ, კომპონენტებს შორის მანძილი 1",2 შეადგენს, ამიტომ სასკოლო ტელესკოპში ისინი ცალ-ცალკე არ გამოჩნდება.

  მენახირის ε-ს გვერდით 5m მოწითალო ვარსკვლავია, რომელიც W ასოთია აღნიშნული. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ მისი ბრწყინვალება 5m,4-მდე ეცემა. სხვები ვერავითარ ცვლილებას ვერ ამჩნევენ. ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული (სურათი 127). მენახირის თანავარსკვლავედის W ვარსკვლავი აღინიშნება აგრეთვე, როგორც 34.

სურ. 127. მენახირის თანავარსკვლავედის W ვარსკვლავის ბრწყინვალების მრუდის ცვალებადობა 1971-დან 2000 წლამდე

Tuesday, May 12, 2015

ქალწული

  თანავარსკვლავედის მთავარი α ვარსკვლავი, სახელად სპიკა, რეგულზე ბევრად უფრო კაშკაშა, მსხვილი და ცხელია. მხოლოდ 600 მზე შექმნიდა ენერგიის ისეთ ნაკადს, რომელსაც ერთი სპიკა გამოასხივებს.

სურ. 120. ქალწულის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

სპიკა რეგულზე უფრო შორსაა, თითქმის 48 პს მანძილზე, მაგრამ მას ბრწყინვალებით მაინც აღემატება - 1m,2. ტელესკოპში სპიკას გვერდით თანამგზავრები არ მოჩანს, თუმცა ფოტოელექტრული გაზომვები გვიჩვენებს ბრწყინვალების მკაცრად პერიოდულ რყევას, 0m,1  ამპლიტუდით. სპიკა ბნელებადი ცვალებადია. მისი მჭიდრო კომპონენტების გარემოქცევის პერიოდი მხოლოდ 4 დღეა.

  ძალზე საინტერესო მნათობია ქალწულის γ (სურათი 121). ეს ორჯერადი ვარსკვლავი შედგება ტყუპი, მოყვითალო-მოთეთრო ვარსკვლავისაგან, რომელთა ფიზიკური მახასიათებლები თითქმის იდენტურია. მათ შორის კუთხური მანძილია 5"; ისინი ჯერ კიდევ 1718 წელს გამოიკვლია ბრადლეიმ. მას შემდეგ ვარსკვლავებმა თითქმის ორჯერ შემოუარეს გარს სიმძიმის საერთო ცენტრს, ვინაიდან მათი გარემოქცევის პერიოდი 172 წელიწადია. ვარსკვლავთა ცენტრები ერთმანეთს 44 ა.ე. მანძილით არიან დაშორებული და მზისგან თითქმის 10 პს მანძილზე იმყოფებიან.

სურ. 121. ქალწულის ორჯერადი γ ვარსკვლავის სისტემა ნიუტონის 6"f/8 ნიუტონის რეფლექტორში

  ქალწულის თანავარსკვლავედის ზედა ნაწილში, ცის იმ უბანში, რომელიც ε, δ. γ, η, β და ο ვარსკვლავებითაა შემოსაზღვრული, გალაქტიკების აურაცხელი რაოდენობა განთავსდება: მძლავრ ტელესკოპებში აქ "სისტემათა სისტემა" მოჩანს - გალაქტიკების გრანდიოზული ღრუბელი, რომელიც ორიათას ხუთასამდე "ვარსკვლავიერ კუნძულს" მოიცავს, ასე რომ წააგავს ჩვენს სისტემას (სურათი 122). ღრუბლის ცენტრი ჩვენგან 4 მილიონ პარსეკზეა, ხოლო თვით ღრუბელი, სახელგანთქმული "წითელი წანაცვლების" მიხედვით, 1200 კმ/წმ სიჩქარით გვშორდება!

სურ. 122. ქალწულის გალაქტიკური გროვა

  სამწუხაროა, მაგრამ ამ გალაქტიკებს შორის უკაშკაშეს სისტემასაც კი მხოლოდ  10m  ინტეგრალური ბრწყინვალება აქვს, რის გამოც სამოყვარულო ტელესკოპებით მათზე დაკვირვება შეუძლებელია.

Saturday, March 28, 2015

ლომი და პატარა ლომი

  უპირველეს ყოვლისა, გაიცანით რეგული - ლომის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი (სურათი 117). ცის ოცი უკაშკაშესი მნათობების სიაში რეგულს ბოლო ადგილი უჭირავს. ეს თეთრი, ცხელი ვარსკვლავია ზედაპირის ტემპერატურით 14000°K. ნათობის მხრივ რეგული 140-ჯერ აჭარბებს მზეს. სირიუსის ადგილას ის 6-ჯერ უფრო კაშკაშა გამოჩნდებოდა, მაგრამ ფაქტიურად 10-ჯერ უფრო შორსაა, რის გამოც მისი ხილული ბრწყინვალებაა 1m,3.

სურ. 117. ლომის და ლომუკას თანავარსკვლავედების საინტერესო ობიექტები

  რეგული მსხვილი ვარსკვლავია, მისი განიკვეთი მზისაზე 2,8-ჯერ დიდია. ტელესკოპში ამ ვარსკვლავის უცნაურ კომპანიას დავინახავთ: 117” კუთხურ მანძილზე მოჩანს  7m,6 ყვითელი ვარსკვლავი, რომელიც ფიზიკური თვისებებით ძალიან ჰგავს მზეს (ბოლო მონაცემებით ეს ვარსკვლავიც ორჯერადია!). ვარსკვლავის ორბიტული მოძრაობა ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, თუმცა არსებობს არგუმენტები, რომ ეს ორი ვარსკვლავი ერთმანეთთან ფიზიკურად არიან დაკავშირებული. თუმცა რეგულს მეორე თანამგზავრიც ჰყავს - სუსტი 13m ვარსკვლავი, რომელიც ჩვენთვის უკვე ნაცნობი ლეკვის მსგავსად, თეთრი ჯუჯა უნდა იყოს. სამი სრულიად განსხვავებული მნათობი რატომღაც ერთიან ფიზიკურ სისტემაშია გაერთიანებული; ასეთი უცნაური თანამეგობრობის ყველა ამოცანა როდია დღემდე ამოხსნილი (სურათი. 118).

სურ. 118. რეგულის ვარსკვლავიერი სისტემა (ჩანახატი ორიგინალიდან, (c)მ. ტარასაშვილი)

  საინტერესო სანახავია ლომის ორჯერადი γ ვარსკვლავი: ეს არის ნარინჯისფერი (2m,6) და ყვითელი (3m,8) მნათობების წყვილი, რომლებიც რკალის დაახლოებით 4 სეკუნდ მანძილზე არიან ერთმანეთს დაშორებული. უკვე დიდი ხანია, რაც სისტემაში აღმოაჩინეს და შეისწავლეს ორბიტული მოძრაობა, რაც 619 წელიწადის პერიოდულობით ხორციელდება (სურათი 119).
სურ. 119. ლომის ორჯერადი γ ვარსკვლავი - ალგიება. (6" f/8 ნიუტონის რეფლექტორი)

  ეს პერიოდი უფრო მცირეა (181 წელი) ლომის ორჯერადი ι ვარსკვლავის სისტემაში. ცხელ, მოცისფრო-მოყვითალო კომპონენტებს შორის მანძილი მხოლოდ 45 ა.ე. შეადგენს, რაც მზესა და პლუტონს შორის არსებულ მანძილზე ნაკლებია.

  ლომის თანავარსკვლავედში არის საინტერესო გალაქტიკები, თუმცა სამოყვარულო ტელესკოპებში მათზე დაკვირვება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პატარა ლომი - ლომუკა
  ამ თანავარსკვლავედში, რომელიც ჰეველიუსის სურვილით ორ ათეულ სუსტ ვარსკვლავს აერთიანებს, ისეთი არაფერია, რამაც ჩვენი ყურადღება შეიძლება მიიპყროს (სურათი 117). თუმცა სამი ვარსკვლავი 4m,5 ზე მეტი სიდიდისაა. ესენია: ლომუკას 46, ლომუკას β და ლომუკას 21. ლომუკას 46 ნარინჯისფერი გიგანტია, ჩვენგან 95 სინათლის წლის დაშორებით; ლომუკას β ორჯერადი ვარსკვლავია ნარინჯისფერი და თეთრი კომპონენტებით; ლომუკას 21 კი მთავარი მიმდევრობის თეთრი ვარსკვლავია, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო დიდი სიჩქარით ბზრიალებს. 

Friday, March 27, 2015

გაზაფხულის ცის თანავარსკვლავედები


  როგორი ბნელია გაზაფხულის ვარსკვლავიერი ცა! სამი თვის წინათ ცამრგვალის სამხრეთი შვიდი უკაშკაშესი თანავარსკვლავედით იყო მოჭედილი. ახლა კი ჩვენს ყურადღებას მხოლოდ სამი, პირველი სიდიდის ვარსკვლავი იპყრობს, რომლებიც ეულად ციმციმებენ გაზაფხულის ცის მცირერიცხოვანი და მქრქალი მნათობების ფონზე.

  მარტის ბოლოა, ღამის 11 საათი. ციური მერიდიანის ოდნავ მარჯვნივ, სამხრეთის წერტილსა და ზენიტს შორის, თითქმის შუაში, მოჩანს ლომის თანავარსკვლავედი, რომელშიც იოლად გამოიცნობა "ცხოველთა მეფის" ფაფარი და სხეულის მოხაზულობა. ამ თანავარსკვლავედის  მთავარი ვარსკვლავია რ ე გ უ ლ ი (სურათი 115).

სურ. 114. გაზაფხულის ცის საინტერესო ობიექტები

  სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი კაშკაშა ვარსკვლავი მოჩანს: უფრო ზემოთ - ნარინჯისფერი არქტურია, უბრწყინვალესი გაზაფხულის მნათობთა შორის, მენახირის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი; ქვემოთ და მარჯვნივ - მოცისფრო სპიკაა, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავია.

  ლომი, მენახირე და ქალწული გაზაფხულის ცის ყველაზე უფრო შესამჩნევი თანავარსკვლავედებია.

  ლომისგან მარჯვნივ კიბორჩხალას თანავარსკვლავედია, ხოლო მის თავზე - პატარა ლომის უღიმღამო თანავარსკვლავედი. მენახირის მარჯვნივ მოჩანს მეძებარი ძაღლებისა და ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედები, ხოლო ქალწულის მარჯვნივ და ქვემოთ - ყორანის თანავარსკვლავედის უსწორმასწორო ოთხკუთხედი, რომელიც თითქმის ერთნაირი ბრწყინვალების მქონე ვარსკვლავებისგან შედგება. ჰიდრას გრძელ თანავარსკვლავედში იოლად ვიპოვით შედარებით კაშკაშა 2α ვარსკვლავს. სამაგიეროდ, ლომსა და ჰიდრას შორის განთავსებული ფიალა და სექსტანსი იმდენად უფერულია, რომ მათი კონტურები არ კი გაირჩევა. სპიკას მარცხნივ და ქვემოთ, ჰორიზონტის თავზე, მოჩანს ორი 2m,8 და 2m,6 ვარსკვლავი  - სასწორის თანავარსკვლავედის α და β.

სურ. 115. ლომის და პატარა ლომის თანავარსკვლავედი

  გაზაფხულის ცის ზოგიერთი თანავარსკვლავედის სახელწოდების წარმოშობა ძალზე საინტერესოა. მაგ. ლომის თანავარსკვლავედში სამუდამო სახელი დაიმკვიდრა მრისხანე ნემეურმა ლომმა, რომელზე გამარჯვებაც ერთერთი იყო ლეგენდარული ჰერკულესის მიერ ჩადენილი ოცი გმირობიდან. სხვათა შორის, იქვე ახლოს, ჩვენ ვიპოვით ძალუმი ჰერკულესის კიდევ ერთ მსხვერპლს - ლერნეს ჰიდრას. ამ ცხრათავიან ურჩხულთან შერკინებისას ჰერკულესმა დიდი გამომგონებლური ნიჭი გამოამჟღავნა: ჰიდრას დამხმარე უზარმაზარი კიბოს (ისიც გაზაფხულის ცაზეა აღბეჭდილი) მიუხედავად, გამარჯვება მაინც გმირ ჰერკულესს დარჩა.

  მენახირის, მითიურ ნიმფა კალისტოს ვაჟიშვილის ისტორიას ჩვენ უკვე ვიცნობთ. აი, ქალწულის თანავარსკვლავედის წარმოშობა კი ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთერთი უძველესი ვარიანტის თანახმად, აქ აღბეჭდილია ცერერა - სამკალის ქალღმერთი. ყოველ შემთხვევაში, ძველ ვარსკვლავიერ რუკებზე ასახულ ციურ ქალწულს ხელში მწიფე თავთავი უჭირავს, რომელსაც ვარსკვლავი სპიკა ასახავს.

  ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედს ძალზე საინტერესო ლედენდა უკავშირდება: ეგვიპტის მეფე პტოლომეუს ევერჰათს (III ს. ჩვენს ერამდე) ულამაზესი მეუღლე ჰყავდა - დედოფალი ბერენიკე. მას უმშვენიერესი, წელამდე დაშვებული თმა ჰქონდა. როდესაც პტოლემეუსი ომში წავიდა, მისმა დამწუხრებულმა მეუღლემ ღმერთებს შეჰფიცა, რომ თმებს მათ მსხვერპლად შესწირავდა, თუკი მისი უსაყვარლესი მეუღლე უვნებელი დაბრუნდებოდა.

  მალე პტოლემეუსი უვნებლად დაბრუნდა, თუმცა თმებშეკრეჭილი მეუღლის დანახვამ ძალიან გაანაწყენა. სამეფო წყვილი ასტრონომმა კონონმა დაამშვიდა, როდესაც განაცხადა, რომ ღმერთებმა ბერენიკეს თმები ზეცაში აიტაცეს, სადაც ისინი სამარადჟამოდ დაამშვენებენ გაზაფხულის ღამეებს.

  სასწორის თანავარსკვლავედი ასევე უძველესია, თუმცა მისი წარმომავლობა ბუნდოვანია. შესაძლოა, სასწორისა და ქალწულის თანავარსკვლავედები (თავთავთან ანუ სპიკასთან ერთად) ერთობლიობაში ძველი ვაჭრებისა და მიწათმოქმედების სამეწარმეო ინტერესებს ასახავენ.

  უძველეს ვარსკვლავიერ რუკებზე ყორანი და ფიალა ჰიდრაზეა განთავსებული. ყორანი რატომღაც ჰიდრას უნისკარტებს, ფიალა კი საცაა გადმოვარდება. ამ უცნაური შეთავსების წარმოშობის შესახებ, კაცობრიობის მეხსიერებაში არსებული ყოველგვარი კვალი სრულიად წაშლილია. ზოგიერთი მოსაზრებით, აქ ასახული უნდა იყოს ყორანი, რომელიც აპოლონმა თასით წყლის მოსატანად გააგზავნა, რათა გარკვეული რელიგიური რიტუალი შეესრულებია. ყორანმა აპოლონის დავალება არ შეასრულა, რის გამოც ის ავბედით თასთან ერთად საძაგელ, კლაკნია ციურ ურჩხულზე განათავსეს.

  გაზაფხულის ცის სამი დანარჩენი თანავარსკვლავედი - პატარა ლომი (ლომუკა), მეძებარი ძაღლები და სექსტანტი შედარებით ახლო წარსულში გამოჩნდა. ისინი XVII საუკუნეში ჰეველიუსმა შემოიღო, ჩვეულებისამებრ, ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე.

  ლომუკა ცაში ასტროლოგიური მოსაზრებებით მოათავსეს. ორ ციურ დათვსა და ლომს ასტროლოგები ცუდ გავლენას მიაწერდნენ, ამიტომ ჰეველიუსმა ტრადიციას არ უღალატა და დიდ დათვსა და ლომს შორის ასეთივე "დამღუპველი გავლენის" მქონე ცხოველი განათავსა - ლომის ბოკვერი, ან უფრო სოლიდურად - პატარა ლომი (სურათი 116).

სურ. 116. გაზაფხულის ცის ლეგენდების პერსონაჟები

  ასევე უადგილოდ, ჰეველიუსმა ლომის ფეხებთან კუთხის ასტრონომიული საზომი ხელსაწყო - სექსტანსი მოათავსა. ამ შემთხვევაში მან შემდეგი სახის მტკიცებულება მოიყვანა: "ის აქ განვათავსე არა იმის გამო, რომ ვარსკვლავთა განლაგება ამ ინსტრუმენტს მოგვაგონებს, - წერს სახელგანთქმული ასტრონომი, - და არც იმის გამო, რომ აქ მისთვის შესაფერისი ადგილია; იგი მე 1658-დან 1679 წლამდე მემსახურებოდა ვარსკვლავთა განლაგების დადგენის მიზნით, ვიდრე კაცთა მოდგმის ბოროტებამ არ გაანადგურა ის ჩემს ობსერვატორიასთან და იმ სიმდიდრესთან ერთად, რაც კი გამაჩნდა, მისცა რა ყოველივე ცეცხლის ალს. მეც ვულკანის ეს ნაწარმოები ცაში ავამაღლე ურანიუსის სადიდებლად. ასტროლოგები დაასკვნიან, რომ ეს ძეგლი სწორედაც რომ თავის ადგილზე დგას - ლომსა და ჰიდრას შორის, სასტიკი არსებები რომ არიან".

 თუმცა, ჰეველიუსის ამ ცელქობებს გულმოწყალედ უნდა მოვეპყროთ - ის ხომ აღმომჩენის პრივილეგიით სარგებლობდა - სახელს ურჩევდა ახალ ობიექტებს. ამიტომ, დიდად არ ანაღვლებდა, თუ როგორ აღიქვამდნენ მის უარგუმენტო გადაწყვეტილებებს მომავალი თაობები.

თანავარსკვლავედები მარტორქა და ერიდანუსი

  მარტორქის უზარმაზარი თანავარსკვლავედი კაშკაშა მნათობების ნაკლებობას განიცდის. იქ მხოლოდ ერთი ვარსკვლავია 4m-ზე უფრო ბრწყინვალე (სურათი 110). სამაგიეროდ, ბევრია ნისლეული.

სურ. 110. მარტორქას თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

  ყურადღება მიაქციეთ ერთ-ერთ ობიექტს, შესანიშნავ დიფუზურ ნისლეულს, რომელსაც ასტრონომები "როზეტას" უწოდებენ (სურათი 111). კარგ ფოტოსურათებზე ის მართლაც ვარდის გაფურჩქნულ კოკორს წააგავს, და ამ გარეგნული ნიშნით (დისკოსებური ფორმა) იგი პლანეტურ ნისლეულებს შეიძლება მივაკუთვნოთ.

სურ. 111. ნისლეული "როზეტა" და გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა NGC 2244 (Caldwell 50) 135 მმ ტელესკოპში

  თუმცა, სინამდვილეში ის დიფუზური ნისლეულია, რომელიც შიგნიდან ძალზე ცხელი, O სპექტრული კლასის ვარსკვლავებითაა განათებული. მისი ხილული განიკვეთი ორჯერ აღემატება მთვარისას. ნისლეულამდე 1100 პს მანძილია.

  რაც შეეხება ერიდანუსს, უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ამ ფართო და გრძელი თანავარსკვლავედის მხოლოდ ნაწილი მოჩანს, და ისიც არა ყველაზე კაშკაშა (სურათი 112).

სურ. 112. ერიდანუსის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

  ერიდანუსის თანავარსკვლავედში იპოვეთ სამჯერადი ο2 ვარსკვლავი. მთავარ  4m,6 ვარსკვლავს, რკალის მინუტის ცოტა უფრო დიდ მანძილზე  9m,7  თანამგზავრი  ჰყავს, რომელიც ასევე ორჯერადი ვარსკვლავია - მესამე კომპონენტია 11m,2 ვარსკვლავი (სურათი 113). ეს ვარსკვლავი ცნობილია ასევე, როგორც ერიდანუსის 40 და ქეიდი.

სურ. 113. ერიდანუსის სამჯერადი ο2 ”ქეიდი” ტელესკოპში (6" f/8 ნიუტონის რეფლექტორი)

  მთავარი ვარსკვლავი ჩვენი მზის მსგავსია, ცოტაოდენ უფრო პატარა და ცივი. მეორე ვარსკვლავი ძალიან ცივი, წითელი ჯუჯაა, რომელიც მზეზე დაახლოებით 5-ჯერ პატარა და მსუბუქია. მესამე ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, რომელიც მოცულობით მზეზე 50-ჯერ ნაკლებია, სამაგიეროდ სიმკვრივით 64 000-ჯერ აღემატება. თეთრი და წითელი ჯუჯები 250-წლიან "ფერხულში" არიან ჩაბმული. ისინი მთავარი ვარსკვლავის გარშემო ერთად გადაადგილდებიან დიდ ორბიტაზე, რისი პერიოდიც ჯერ კიდევ არ არის საიმედოდ განსაზღვრული. ეს სამჯერადი ვარსკვლავი ჩვენი მეზობელია, თითქმის 5 პს მანძილზე იმყოფება.
 

  ერიდანუსის ε იმითაა შესანიშნავი, რომ ცის ჩრდილოეთ ნახევარზე ერთერთი ის ვარსკვლავია, რომლის გარშემოც, სავსებით შესაძლებელია, დასახლებული პლანეტები ბრუნავდეს (სურათი 114). ყოველ შემთხვევაში, ვეშაპის τ-ს მსგავსად, ეს მნათობიც განუწყვეტლივ იმყოფება დაკვირვების ქვეშ. უკეთ რომ ვთქვათ, "რადიოდაკვირვების", ვინაიდან ამ ვარსკვლავისაკენ დედამიწის რადიოტელესკოპების ძალიან მგრძნობიარე "ყურებია" მიმართული.

სურ. 114. ერიდანუსის ε-ს ეგზოპლანეტური სისტემა

  წარმატების იმედი მართლაც არსებობს: ერიდანუსის ε მზეს მოგვაგონებს. ის მარტოხელაა; თუმცა მზეზე ოდნავ ცივია, მაგრამ ზომითაც და მასითაც მისი მსგავსია; საკუთარი ღერძის გარშემო ნელა ბრუნავს. 1995 წელს ასტრონომებმა ერიდანუსის ε-ს გარშემო მსრბოლავი პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.

  ამ ვარსკვლავამდე მანძილი მხოლოდ 3 პარსეკია, ანუ ის ვეშაპის τ-ზე უფრო ახლოა. როდესაც კაცობრიობა მზის გალაქტიკური უბნების ათვისებას დაიწყებს, ერიდანუსის ε-ს ალბათ აუცილებლად შეიტანენ პირველი ვარსკვლავთშორისი გადაფრენების სიაში.

Sunday, March 22, 2015

ტყუპების თანავარსკვლავედი

  კასტორი და პოლუქსი ტყუპების თანავარსკვლავედის ორი უკაშკაშესი ვარსკვლავია (სურათი 105). სახელებიდან გამომდინარე, თითქოს და, ძალიან უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს; თუმცა, ბუნებამ მითებისათვის ანგარიშის გაწევა არ ისურვა და ეს ორი მნათობი სრულიად განსხვავებული თვისებებით დააჯილდოვა.

სურ. 105. ტყუპების თანავარსკვლავედი ღამის ცაზე

  კასტორი ჯერადი ვარსკვლავია, რომლის ორი კომპონენტი ცხელი, ცისფერი ვარსკვლავებია. პოლუქსი მარტოხელა მნათობია, ცივი და ნარინჯისფერი. პოლუქსი ჩვენთან უფრო ახლოა - 10 პს მანძილზე, ხოლო კასტორი - 14 პარსეკითაა დაშორებული. პოლუქსი დიდი ღირსშესანიშნაობით არ გამოირჩევა, მაშინ როცა კასტორი ერთერთი ყველაზე უცნაური ვარსკვლავია.

  დიდ სამოყვარულო რეფრაქტორში თქვენ იოლად აღმოაჩენთ, რომ კასტორი  2m,0  და  2m,9 ცისფერი ვარსკვლავისაგან შედგება. ისინი 4”,1 მანძილით არიან ერთმანეთისაგან დაშორებული. ეს იყო პირველი ორჯერადი ვარსკვლავი, რომელშიც ჯერ კიდევ ჰერშელმა, 1804 წელს, აშკარა ორბიტული მოძრაობა აღმოაჩინა (თანამედროვე მონაცემებით, 341 წელია). ვარსკვლავებს შორის მანძილი 76 ა. ე. ტოლია.

  ვარსკვლავთა ამ წყვილიდან 73'' დაშორებით, რომელთა კომპონენტებს კასტორის A და კასტორის B ეწოდება, მოჩანს 9m ვარსკვლავი - კასტორის C. ორი ცხელი  გიგანტისაგან განსხვავებით, კასტორის C პატარა ჯუჯაა, მოწითალო ფერის ცივი მნათობი. ის მთავარი ვარსკვლავებიდან, სულ მცირე, 960 ა.ე. მანძილზეა დაშორებული. "სულ მცირე" იმიტომ, რომ გაზომილი მანძილი წარმოადგენს ციურ სფეროზე ჭეშმარიტი მანძილის პროექციას. ერთნახევარი საუკუნის განმავლობაში კასტორის C-ს არ გამოუმჟღავნებია  ორბიტული მოძრაობის რაიმე ნიშან-თვისება. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან სისტემის სიმძიმის ცენტრის გარშემო მისი გარემოქცევის პერიოდი ათეულ ათასობით წელიწადზე ნაკლები როდია!

  მოგვიანებით, სამივე კომპონენტის სპექტრების გულდასმით შესწავლამ გამოავლინა, რომ თითოეული მათგანი სპექტრულად ორჯერადია. კასტორის A და კასტორის B ტყუპი ვარსკვლავების ორი წყვილია, რომლებიც მხოლოდ 10 მლნ კილომეტრის მანძილზე არიან დაშორებულნი ერთმანეთს, რაც 6-ჯერ ნაკლებია მზესა და მერკურის შორის მანძილზე! ასეთი ახლო მეზობლობის შემთხვევაში ორივე ვარსკვლავი ელიპსოიდის ფორმისა უნდა იყოს.

  კასტორის C ტყუპი ჯუჯაა, რომლებიც მხოლოდ 2,7 მლნ კილომეტრით არიან ერთმანეთს დაშორებული. ეს მხოლოდ ორჯერ აღემატება თვით მზის ზომას. ამ ვარსკვლავთა ორბიტები ისეა განლაგებული, რომ კასტორის C ბნელებადი ცვალებადია  მხოლოდ 19 საათის პერიოდით! ორი სხვა, ბევრად უფრო სოლიდური წყვილი, სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო შედარებით ნელა გარემოიქცევა: კასტორის A-ს სისტემაში 9 დღის, ხოლო კასტორის B-ს სისტემაში - სამი დღე-ღამის პერიოდით (სურათი 106).


სურ. 106. კასტორის ექვსჯერადი ვარსკვლავიერი სისტემა

  მაშ ასე, კასტორი "ექვსჯერადი" ვარსკვლავია, ისევე, როგორც ორიონის θ. ვინ იცის, იქნებ ამ სისტემის შემადგენლობაში შედის პლანეტები, რომელთა ზეცა დროდადრო ექვსი მზითაა გაცისკროვნებული!

  ამ ექვსვარსკვლავიანი თანამეგობრობის შემდეგ, რომლის წარმოშობაც კოსმოგონიისათვის  ერთერთი უდიდესი გამოცანაა, ორჯერადი δ ვარსკვლავი უკვე არც ისე უჩვეულოდ მოგვეჩვენება. და მაინც, ღირს თვალი შევავლოთ ვარსკვლავთა ფიზიკურ წყვილს, რომელთაგან მთავარი - 3m,5 მოყვითალო გიგანტია და 6’,8 მანძილზე  8m,2  პატარა, წითელი თანამგზავრი ჰყავს (სურათი 107).

სურ. 107. ტყუპების δ ტელესკოპში

  ტყუპების თანავარსკვლავედში არის ორი კაშკაშა, ცვალებადი ვარსკვლავი. ერთ-ერთი მათგანი, ζ ვარსკვლავი ცეფეიდია, რომლის ბრწყინვალებაც პერიოდულად იცვლება  3m,9-4m,3 ფარგლებში. ეს პერიოდი 10 დღეს უახლოვდება და გარკვეული სახის რხევები ახასიათებს. მეორე ცვალებადი, ტყუპების η, იმითაა საინტერესო, რომ ერთდროულად სპექტრულად ორჯერადიცაა და ბნელებადი-ცვალებადიც 2984 დღის პერიოდით; ამას გარდა, ის ნახევრადწესიერი ცვალებადია, დაახლოებით 233 დღის პერიოდითა და 3m,1-3m,9 ამპლიტუდით (სურათი 108).

სურ. 108. ტყუპების თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

  ერთ ვარსკვლავში ცვალებადობის სხვადასხვა ტიპის არსებობა იშვიათი შემთხვევა როდია. ამ ცვალებადთან ახლოს განთავსდება გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა M35. ცაზე მას სავსე მთვარის ოდენა ფართობი უჭირავს, როცა სინამდვილეში, მისი საშუალო განიკვეთი 7 პარსეკამდეა. ის ჰიადებზე 20-ჯერ დიდია და ჩვენგან 800 პს მანძილზეა დაშორებული.

  ბინოკლში პატარა, სუსტად მნათი ვარსკვლავების გროვა მოჩანს (სურათი 109), რომელთა შორის უხვადაა ცხელი გიგანტები. რაც უფრო მძლავრია ტელესკოპი, მით მეტი ვარსკვლავი გამოჩნდება მხედველობის არეში. მე-19 საუკუნის სახელგანთქმული ასტრონომი, ლასსელი ამბობდა, რომ "ეს გასაოცარი, არაჩვეულებრივი ციური ობიექტია, და არავინ მეგულება ისეთი, რომ მისი პირველად დანახვისას აღტაცებით არ წამოიყვიროს". თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ემოციური გამოთქმა ლასსელის მძლავრ რეფლექტორს მივაწეროთ. და მაინც, სამოყვარულო ტელესკოპებში ტყუპების ვარსკვლავიერი გროვა - M35 ძალიან ლამაზად მოჩანს.

სურ. 109. ვარსკვლავიერი გროვა M35 (8" f/8 ნიუტონის ტელესკოპი)

პატარა ძაღლის თანავარსკვლავედი

  პატარა ძაღლის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი - მოყვითალო პროციონი, სირიუსს ზომით, ტემპერატურით და ნათობით ნამდვილად ჩამორჩება, თუმცა, ამ ორ ვარსკვლავს შორის არის რაღაც საერთო.

  ორივე პატარა თანავარსკვლავედის სათავეში დგას, სადაც ვერცერთი ვარსკვლავი ვერ შეედრება მათ ნათობის მხრივ; ორივე ვარსკვლავის თანამგზავრი - თეთრი ჯუჯაა, რომელთა აღმოჩენის ისტორიები საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

  სირიუსის მოძრაობის შესწავლასთან ერთად ბესელმა პროციონის საკუთარ მოძრაობაშიც აღმოაჩინა ანალოგიური ტალღისებური გადახრები. და აქაც, ბესელმა უხილავი სხეულის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომელიც პროციონის მოძრაობის შეშფოთებას იწვევდა.

  საინტერესოა, რომ სწორედ იმავე 1862 წელს, როდესაც კლარკმა სირიუსის თანამგზავრი შენიშნა, გერმანელმა ასტრონომმა აუვერსმა პროციონის ჯერ ისევ უხილავი თანამგზავრის ორბიტა გამოითვალა. თუმცა, მხოლოდ 34 წლის შემდეგ იხილა ლიკსის ობსერვატორიაში შებერლემ ის ციური სხეული, რომლის არსებობაც თეორიულად იყო ნაწინასწარმეტყველები ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ. და აი, უკვე მესამედ განმეორდა ნეპტუნის აღმოჩენის მსგავსი ისტორია. ვნახოთ, რა ვიცით დღეს ჩვენ პროციონისა და მისი თანამგზავრის შესახებ.

  პროციონი, 0m,5 მნათობი, ნათობით 5,8-ჯერ აღემატება მზეს. ის ცოტაოდენ უფრო მსხვილი და ცხელია, ზედაპირის ტემპერატურით 7000°K. სირიუსის მსგავსად, პროციონი ჩვენი ერთერთი მეზობელი ვარსკვლავია: ჩვენგან 3,5 პარსეკითაა დაშორებული. საერთოდ ეს ვარსკვლავი, თავისთავად, ბევრად არაფრით გამოირჩევა: რომ არა დედამიწასთან სიახლოვე (და ამით განპირობებული მნიშვნელოვანი ხილული სიკაშკაშე), იგი არ მიიპყრობდა ასეთ ყურადღებას (სურათი 104).

სურ. 104. პატარა ძაღლის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

  სულ სხვა საქმეა პროციონის თანამგზავრი. მოყვარული ასტრონომი ვერანაირად ვერ მოახერხებს ამ, მე-11 ვარსკვლავიერი სიდიდის მნათობის დანახვას, რომელიც პროციონიდან საშუალოდ 4” მანძილზე იმყოფება. ეს პატარა ვარსკვლავი 10-ჯერ უფრო ნაკლებ სინათლეს გამოასხივებს, ვიდრე სირიუსის თანამგზავრი: ის კიდევ უფრო მკვრივი ჯუჯაა, ვიდრე სირიუსის ”ლეკვი”. თუმცა, ამ ორი, სრულიად განსხვავებული ვარსკვლავების  (სირიუსისა და პროციონის, თავიანთი ჯუჯა თანამგზავრებით) თანამეგობრობათა მსგავსება უდაოა.

დიდი ძაღლის თანავარსკვლავედი

  დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი სირიუსი (სიტყვა ”სირიოს” ბერძნულად ”ბრწყინვალეს” ნიშნავს) ცის უკაშკაშესი ვარსკვლავია. ოდესღაც ეგვიპტეში, ზაფხულის ბუნიობის დღეებში, სირიუსი პირველად ჩნდებოდა ათინათზე. წლის ამ მომენტს ქურუმები გულმოდგინედ გამოითვლიდნენ ხოლმე, რადგანაც მას სულ მალე მოჰყვებოდა ნილოსის წყალდიდობა და აუტანელი ზაფხულის ხვატი.

  სირიუსს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ უწოდებდნენ "ძაღლის ვარსკვლავს". ლათინურად სიტყვა "ძაღლი" ჟღერს, როგორც "კანის". ზაფხულის ხვატში ძველი რომაელები ყოველდღიური სამუშაოებიდან ისვენებდნენ, რასაც "კანიკულები" ანუ - "ძაღლის დღეები" ეწოდებოდა. სასაცილოა, მაგრამ იმ დროში ეს არდადეგები საშიშ დღეებად მიიჩნეოდა: არსებობდა ცრურწმენა, რომ ძაღლის ვარსკვლავი იწვევს ცოფს ძაღლებში და ციებცხელებას ადამიანებში.

  ჩვენს დროში სირიუსს შიშით არავინ შეჰყურებს, სამაგიეროდ, აღფრთოვანებით მიაჩერდებიან ხოლმე. წარმოუდგენელია არ დატკბე ამ ციური ალმასის ცქერით, მისი ცისარტყელასებრი ლივლივით, რომელშიც აშკარად ჭარბობს ცისფერი. სირიუსის ბრწყინვალება -1m,4 ტოლია. სირიუსის გარდა მხოლოდ ერთი ვარსკვლავის - კანოპუსის ბრწყინვალება აღინიშნება ვარსკვლავიერი სიდიდის უარყოფითი მნიშვნელობით (სურათი 99).

სურ. 99. დიდი ძაღლის თანავარსკვლავედი და სირიუსი ღამის ცაზე

  სირიუსი ჩვენთან ერთერთი უახლოესი ვარსკვლავია, მზიდან დაშორების მიხედვით რიგით მეშვიდე. 10 კმ/წმ სიჩქარით მოძრავი რაკეტა სირიუსს 300000 წლის შემდეგ მიაღწევდა, მაშინ როცა იგივე მანძილის გადასალახავად სინათლეს მხოლოდ 9 წელიწადი ესაჭიროება.

  სირიუსი მზეზე ორჯერ ცხელია და დიამეტრითაც თითქმის ორჯერ აღემატება მას. ამასთან, მისი ნათობა 24-ჯერ აჭარბებს მზისას. მისი საკუთარი მოძრაობა შედარებით დიდია - 1”,3 წელიწადში. სპექტრის ხაზების გადანაცვლება გვიჩვენებს, რომ მზესა და უკაშკაშეს ვარსკვლავს შორის მანძილი ყოველ წამს 8 კილომეტრით იზრდება.

  სირიუსის სივრცეში გადაადგილებას სწავლობდა სახელგანთქმული გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი ბესელი. მან ჯერ კიდევ 1844 წელს შეამჩნია, რომ სირიუსის ტრაექტორია ციურ სფეროზე პროეცირებისას უცნაური, ტალღისებური მრუდით გამოისახებოდა (სურათი 100). ეს "კლაკნილება" ბესელმა მისი უხილავი თანამგზავრის ამღგზნები ზემოქმედებით ახსნა. მისი გამოთვლებით, სირიუსი და მისი თანამგზავრი 50 წლის პერიოდით მიმოიქცეოდნენ სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო.

სურ. 100. სირიუსის ”კლაკნია” გადაადგილებას ცამრგვალზე თანამგზავრი ვარსკვლავის არსებობით აიხსნება

  ბესელის თეორიული პროგნოზი ბრწყინვალედ დადასტურდა 1862 წლის იანვარში, როდესაც ახალი 18-დუიმიანი რეფრაქტორის გამოცდის დროს, სახელგანთქმულმა ამერიკელმა ოპტიკოსმა ალვან კლარკმა სირიუსთან ახლოს პატარა ვარსკვლავი აღმოაჩინა, რომლის ორბიტული გადაადგილება ბესელის გამოთვლებს სრულიად ემთხვეოდა. ეს იყო "გრავიტაციული ასტრონომიის" ტრიუმფი, რომელიც თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდებოდა ნეპტუნის აღმოჩენის ისტორიას.

  სირიუსის თანამგზავრი 8m,6 თეთრი ვარსკვლავია. სირიუსიდან უდიდესი დაშორებისას (დაახლოებით 11”) მისი გარჩევა მცირე ტელესკოპებითაც იოლად შეიძლება, თუმცა სირიუსთან მიახლოებასთან ერთად მასზე დაკვირვება სულ უფრო და უფრო რთულდება (სურათი 101).

სურ. 101. სირიუსი და მისი თანამგზავრი რენტგენის სხივების დიაპაზონში

  სირიუსის თანამგზავრი, რომელსაც ზოგჯერ "ლეკვსაც" უწოდებენ, ადამიანის მიერ აღმოჩენილი პირველი თეთრი ჯუჯაა. დღეს ჩვენ გაცილებით უფრო დიდი სიმკვრივის მქონე ვარსკვლავებს ვიცნობთ, მაგრამ თავის დროზე, ლეკვის ფიზიკური თვისებები ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ლეკვის მასა თითქმის ისეთივეა, როგორიც მზის, მაგრამ დიამეტრის მიხედვით სირიუსის თანამგზავრი მხოლოდ ორჯერ აღემატება დედამიწას; ამიტომაც, მისი ნივთიერების საშუალო სიმკვრივე იმდენად დიდია, რომ ერთი ასანთის კოლოფი ნივთიერება ერთ ტონას მაინც აიწონიდა! დღეს მსგავსი ვარსკვლავები "ბანკროტებად" მიიჩნევა, ვინაიდან მათ უკვე ამოწურეს წყალბადის საწვავი და მხოლოდ ძალზე ნელი შეკუმშვის ხარჯზე თუ ანათებენ. სირიუსის თანამგზავრისა და სხვა თეთრი ჯუჯების ნივთიერების მდგომარეობას შეიძლება "გადაგვარებული აირი" ეწოდოს. ამ ტერმინის ქვეშ ასტროფიზიკოსები გულისხმობენ იონიზირებული ატომებისა და თავისუფალი ელექტრონების უზარმაზარი წნევის მქონე ნარევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლაზმა თუჯზე უფრო მკვრივია, ის მაინც გაზად ჩაითვლება, ვინაიდან სწორედ გაზისათვის დამახასიათებელი მოქნილობა ახასიათებს. სირიუსის თანამგზავრის შესწავლამ გვიჩვენა, რომ ვარსკვლავებში ნივთიერება უჩვეულო მდგომარეობაში შეიძლება იმყოფებოდეს, რისი შესწავლაც (სპექტრული და სხვა მონაცემებით) საოცრად ამდიდრებს ბირთვულ ფიზიკას ძალზე სასარგებლო მონაცემებით. სწორედ ამის გამოა, რომ ვარსკვლავებს "ციურ ლაბორატორიებს" უწოდებენ.

  სირიუსის ქვემოთ იოლად მოიძებნება (ბინოკლშიც კი) ვარსკვლავი ο2. ეს არის ძალზე იშვიათი კლასის, ე.წ. ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავების წარმომადგენელი. ამ ვარსკვლავების სპექტრებში არსებული ფართო ემისიური ხაზები იმაზე მიუთითებენ, რომ ასეთი ვარსკვლავები სწრაფად იცლებიან აირებისაგან წამში რამდენიმე ათასი კილომეტრის სიჩქარით. მათი ატმოსფეროები უჩვეულოდ გაწელილია, ხოლო პროცესების სისწრაფე მიუთითებს, რომ ისინი რამდენიმე ათასი წელია, რაც ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაშასადამე, დიდი ძაღლის οვარსკვლავი დედამიწის ცის კაბადონზე ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა მნათობია (სურათი 102).

სურ. 102. დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის ვარსკვლავები და ნისლეულები

სირიუსსა და  ο2-ს შორის, სადღაც შუა გზაზე, კაშკაშა გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა - M41 განთავსდება (სურათი 103). ის ვარსკვლავებით შედარებით ღარიბია, თუმცა მცირე ტელესკოპში საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. ამ ვარსკვლავიერი ჯგროს განიკვეთი 7,4 პს შეადგენს, ხოლო მზიდან 50-ჯერ უფრო შორს იმყოფება, ვიდრე სირიუსი.

  დიდი ძაღლის თანავარსკვლავედში არის ვარსკვლავთა უნიკალური წყვილი, ბნელებადი-ცვალებადი UW. მისი ბრწყინვალება 4m,5-4m,8 ფარგლებში იცვლება 4,4 დღე-ღამის პერიოდით. სისტემის ორივე წარმომადგენელი O8 სპექრტული კლასის უიშვიათესი ზეგიგანტებია. ბრწყინვალების მრუდის მიხედვით, ორივე იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ურთიერთმიზიდულობის გავლენით ელიპსოიდური ფორმა შეიძინეს. მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის უკვე ცნობილია დიდი დათვის W ცვალებადის მაგალითზე. თუმცა, ყველაზე გასაოცარი დიდი ძაღლის UW სისტემის ზეგიგანტების მასაა. თითოეული მათგანი 71 500 × 1024 ტონას იწონის, ანუ თითქმის 30-ჯერ დიდია მზეზე და 10 მილიონჯერ დიდი დედამიწაზე!

სურ. 103. გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა - M41

  ასევე უნდა მოვიხსენიოთ დიდ ძაღლის β, რომელიც ძალზე წააგავს ჩვენთვის ნაცნობ ცეფევსის β-ს. ეს უცნაური ცვალებადი ვარსკვლავია ბრწყინვალების მცირე, მაგრამ მკაცრად პერიოდული რყევით.

  ირმის ნახტომი დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის ”უკან” გადაივლის, ამიტომ უამრავ ვარსკვლავიერ გროვას და ნისლეულს მოიცავს. ამ თანავარსკვლავედთან ახლოს შეგიძლიათ დააკვირდეთ შემდეგ ობიექტებს: NGC 2360, NGC 2362, NGC 2354, NGC 2359 და NGC 2298 (სურათი 102).

Sunday, March 15, 2015

თანავარსკვლავედი მეეტლე

  წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ჩვენს მიერ ამ თავში აღწერილი ვარსკვლავები სამოყვარულო ტელესკოპებში დიდი ვერაფერი სანახავია. და მაინც, ეს უჩვეულო ვარსკვლავებია, რაც მათი ბრწყინვალების მრუდების ცვალებადობამ და სპექტრის მახასიათებლებმა გამოავლინა.

  კაპელა ყვითელი, 0m,09 მოციმციმე ვარსკვლავია, რომელიც "სათავეში უდგას" მეეტლის თანავარსკვლავედს (სურათი 93). როდესაც მისი ფიზიკური თვისებები ჯერ კიდევ ცუდად იყო შესწავლილი, ზოგიერთი ასტრონომი მას მზის ორეულად მიიჩნევდა. მსგავსება მართლაც არსებობს, თუმცა მხოლოდ ფერსა და ტემპერატურაში. სხვა მხრივ, კაპელა სრულებითაც არ ჰგავს მზეს.

სურ. 93. მეეტლის თანავარსკვლავედი.

  როგორც აღმოჩნდა, კაპელა ორი ყვითელი გიგანტისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ძალზე ახლოს არიან. ერთერთი მათგანის დიამეტრი 12-ჯერ, ხოლო მასა 4,2-ჯერ აღემატება მზისას. მეორე შედარებით მცირე ზომისაა და მსუბუქი: მისი განიკვეთი 7-ჯერ აღემატემა მზისას და მასზე 3,3-ჯერ მძიმეა. ამ ვარსკვლავთა ცენტრებს შორის მანძილი თითქმის დედამიწის ორბიტის რადიუსის ტოლია. ამიტომაც, კაპელას სისტემა საკმაოდ ნათლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუკი მზეს ჩავანაცვლებთ კაპელას A-თი (დიდი კომპონენტით), ხოლო დედამიწას - კაპელას B-თი. ამასთანავე, აღვნიშნოთ, რომ პირველი მათგანი. მზესთან შედარებით, 110-ჯერ, ხოლო მეორე 70-ჯერ უფრო კაშკაშა იქნება (სურათი 94).

სურ. 94. კაპელას ვარსკვლავიერი სისტემისა და მზის შედარება
 
  კუთხური მანძილი კაპელას A-სა და კაპელას B-ს შორის უმცირესია - მხოლოდ 0",05, რაც მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპების გარჩევის უნარის ზღვარზეა. თუმცა, სპექტრული ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს კაპელას ორმაგ ბუნებაზე, და სპექტრული ხაზების პერიოდული გადანაცვლების მიხედვით იოლად გამოვითვლით, რომ ორი მზის სისტემაში გარემოქცევის პერიოდი 104 დღე-ღამეს უახლოვდება.

  ფოტოელექტრულმა გაზომვებმა გვიჩვენეს, რომ მეეტლის β, სულ ოდნავ (0m,1  ფარგლებში), მაგრამ მკაცრი პერიოდულობით იცვლის თავის ბრწყინვალებას. სპექტრისა და ბრწყინვალების მრუდის ანალიზმა საინტერესო ცნობები მოგვაწოდა ამ ბნელებად-ცვალებადი ვარსკვლავის შესახებ.

  ორივე კომპონენტი ცხელი, ცისფერი გიგანტია, რომლებიც ტყუპებივით გვანან ერთმანეთს (სურათი 95). მათი რადიუსები 1,9 მლნ/კმ-ს შეადგენს, ხოლო მასით 2,4-ჯერ აღემატებიან მზეს. მათი სიმკვრივე და ნათობაც ერთნაირია. ცენტრებს შორის მანძილი მხოლოდ 12,5 მლნ/კმ-ს ტოლია, გარემოქცევის პერიოდი კი 3,96 დღე-ღამეს უდრის.

სურ. 95. მეეტლის β-ს სისტემა.
  სულ სხვანაირადაა საქმე მეეტლის ζ-ს ვარსკვლავიერ სისტემაში (სურათი 96). ორი ვარსკვლავი სრულებით არ ჰგავს ერთმანეთს. ერთი მათგანი ძალიან ცხელი, მოცისფრო-მოთეთრო ვარსკვლავია, რომელიც მზეზე 13-ჯერ მძიმეა, ხოლო რადიუსით 4-ჯერ აღემატება. მეორე კომპონენტი მოწითალო-ნარინჯისფერი, ცივი ზეგიგანტია, რომელიც მზეზე 32-ჯერ მძიმეა და დიამეტრით 293-ჯერ აღემატება. ეს ვარსკვლავი ისეთი დიდია, რომ მზის ადგილას ჩაყლაპავდა მერკურისაც, ვენერასაც, დედამიწასაც და სულ ოდნავ "ვერ მისწვდებოდა" მარსს.

  ცისფერი ვარსკვლავის ზედაპირის ტემპერატურაა 15 000°K, წითლის - 3160°K. სამაგიეროდ, მეორე ვარსკვლავი მზეზე 1900-ჯერ მეტ სინათლეს გამოასხივებს, ხოლო პირველი მხოლოდ 400-ჯერ უფრო მეტს. ცისფერი ვარსკვლავი წითელის გარშემო სრბოლავს, დაახლოებით იუპიტერის ორბიტის მანძილზე. სრულიად შემთხვევით, დედამიწელი დამკვირვებლის მხედველობის სხივი თითქმის ამ ორბიტის სიბრტყეში ძევს, და ამის გამო ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ ფარავს ერთი ვარსკვლავი მეორეს პერიოდულად. ამასთანავე, როდესაც წითელი ვარსკვლავი ცისფერს გადაეფარება, ამ უკანასკნელის ბრწყინვალება საწყის მომენტში ძალზე მცირედ იკლებს, თითქოს-და მნათობი რაღაც გამჭვირვალე ბურუსში იძირებაო.


სურ. 96. მეეტლის ζ-ს ვარსკვლავიერი სისტემა – ხედი წარმოსახვითი პლანეტიდან

    ეს ბურუსი წითელი ზეგიგანტის უზარმაზარი, თვალუწვდენელი ატმოსფეროა. იქ წარმოქმნილი კალციუმის კოცონები (პროტუბერანცები) ზოგჯერ 233 მლნ. კმ-ს სიმაღლეზე აიტყორცნება, რაც 1,5-ჯერ აღემატება მანძილს მზესა და დედამიწას შორის! მეეტლის ζ-ს სისტემაში გარემოქცევის პერიოდი 972 დღეს უდრის, ამასთან წითელი ვარსკვლავის მიერ ცისფერის სრული დაბნელება თითქმის 40 დღეს გრძელდება!

  რაც არ უნდა გრანდიოზული და საოცარი იყოს ეს მოვლენები, მაინც ვერ შეედრება იმ გამაოგნებელ პროცესებს, რაც ბნელებადი-ცვალებადი მეეტლის ε-ში იქნა გამოვლენილი. აი, სად არ დაიშურა ბუნებამ თავისი საოცრებები, ნებისმიერ ადამიანს რომ განაცვიფრებს!

  უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, რომ მეეტლის ε ის ბნელებადი-ცვალებადია, რომელსაც ბრწყინვალების ცვალებადობის უდიდესი პერიოდი აქვს - 27 წელიწადი. ამასთან, ამპლიტუდა 0m,75 ფარგლებშია, ანუ ბრწყინვალების მაქსიმუმში მეეტლის ε 2-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მინიმუმში.

  ჯერ კიდევ 1937 წელს სახელგანთქმულმა ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა დ. კოიპერმა, ო. სტრუვემ და ბ. სტრემგრენმა მეეტლის ε-ს სპექტრისა და ბრწყინვალების მრუდის დაწვრილებითი ანალიზი ჩაატარეს, რამაც ისინი გამაოგნებელ დასკვნებამდე მიიყვანა.

  მეეტლის ε-ს სისტემა ორი ვარსკვლავისაგან შედგება. მათგან ერთი ხილულია, ხოლო მეორე - უხილავი. მეეტლის თანავარსკვლავედში ჩვენ ვხედავთ 4m მოყვითალო ვარსკვლავს, რომელიც სინამდვილეში უზარმაზარი, F კლასის ზეგიგანტია ზედაპირის ტემპერატურით 6300°K. ეს ვარსკვლავი 15-ჯერ მძიმეა მზეზე, ხოლო დიამეტრით მას 150-ჯერ აღემატება. თუმცა მისი ზომები არაფერია მეორე ვარსკვლავის ზომებთან შედარებით, რომელიც ჩვენთვის ცნობილ ყველა მნათობზე დიდია. მისი დიამეტრი 2700-ჯერ აღემატება მზისას. მის შიგნით თავიუფლად ჩაეტეოდა ყველა პლანეტის ორბიტა, მერკურიდან დაწყებული - სატურნის ჩათვლით. სურათ 97-ზე ნაჩვენებია მეეტლის ε-ს სისტემა, ფარდობითი მასშტაბები შენარჩუნებულია.

 სურ. 97.  მეეტლის  ε-ს სისტემა (c) Universe Today

  მეორე კომპონენტის საშინელი ზომების მიუხედავად, მისი ნათობა მცირეა და თითქმის მზისას უტოლდება. სისტემის დიდი ვარსკვლავის  ბრწყინვალება  16m  ფარგლებშია, ხოლო მეზობლიდან მისი კუთხური მანძილია 0”,03. კომპონენტების ხილულ ბრწყინვალებაში არსებული უდიდესი განსხვავებების გათვალისწინებით, ამ წყვილის ოპტიკური "გაცალკევება" გართულებულია.

  რატომაა, რომ წარმოუდგენელი ზომების მიუხედავად მეეტლის ეპსილონის A-ს ასეთი უბადრუკი ბრწყინვალება აქვს? როგორც აღმოჩნდა, იგი ძალზე ცივი მნათობია, ზედაპირის ტემპერატურით 500–1350°K, და ძირითადად უხილავ ინფრაწითელ სხივებს გამოასხივებს. ამასთან, მისი საშუალო სიმკვრივე იმდენად მცირეა, რომ ეპსილონის A გამჭვირვალეა; ამიტომაა, რომ ამ ვარსკვლავით მისი თანამგზავრის დაბნელება არ იძლევა სპექტრში სხვაობას. მაშ, რატომღა ირხევა ეპსილონის B-ს ბრწყინვალება?

  ამერიკელი მეცნიერების თვალსაზრისით, ეპსილონის B, რომელიც მზეზე 10 000-ჯერ მეტ სინათლეს გამოასხივებს, ინფრაწითელი ეპსილონის A-ს უახლოესი გარე შრეების იონიზირებას ახდენს. წარმოქმნილი "იონიზაციური ლაქა" ეპსილონის B-ს მოძრაობისას ეპსილონის A-ს ატმოსფეროს ზედაპირულ ფენებში გადაადგილდება. როდესაც პირველი ვარსკვლავი მეორის უკან აღმოჩნდება და "იონიზაციური ლაქა" მას დედამიწელი დამკვირვებლისაგან დაფარავს, ეპსილონის B-ს ბრწყინვალება სუსტდება, ვინაიდან იონიზირებული აირები უფრო გაუმჭვირვალეა, ვიდრე არაიონიზირებული. ეს მახვილგონივრული განმარტება სრულიად შეესაბამება დაკვირვების მონაცემებს (სურათი 98).

სურ. 98. მეეტლის ეპსილონის B-ს დაბნელება ეპსილონის A-ს ატმოსფეროს იონიზირებული აირებით

  აი, რამდენი სიახლე შეიძლება შევიტყოთ სინათლის სხივების ანალიზით, რომელიც ჩვენ ვარსკვლავებთან გვაკავშირებს.

  მეეტლის თანავარსკვლავედი მდიდარია არა მარტო ბნელებად-ცვალებადი ვარსკვლავებით, არამედ - გაფანტული ვარსკვლავიერი გროვებითაც. მოძებნეთ ბინოკლში ან ტელესკოპში სამი გროვა: M36, M37 და M38 მეეტლის θ-სა და კუროს β-ს შორის (სურათი 93); ისინი სამმაგ გროვას ქმნიან. გროვების შემადგენლობაში B სპექტრული კლასის ცხელი, თეთრი ვარსკვლავები ჭარბობს, რასაც შედარებით ცივი, მზის მსგავსი ვარსკვლავები "ერევა". საერთო ჯამში, სამივე გროვაში 350-მდე მნათობია, ხოლო მათგან ყველაზე უფრო კაშკაშაა M37. ამ გროვამდე და აგრეთვე, M36-მდე მანძილი 1100 პარსეკია, მაშინ როცა M38 შედარებით უფრო ახლოს, 850 პს მანძილზე იმყოფება. მათი რეალური განიკვეთები 6-11 პს ფარგლებშია.

კუროს თანავარსკვლავედი

  მითიურ მეფე ატლასს შვიდი ქალიშვილი ჰყავდა: ალციონე, ტაიგეტა, მეროპე, სელენა, ელექტრა, ასტეროპე და მაია. დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო (ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია) ეს დები სუსტად მნათი ვარსკვლავების ჯგუფად აქციეს, რომლებიც უხსოვარი დროიდან ამშვენებენ კუროს თანავარსკვლავედს (სურათი 86). ყოველ შემთხვევაში, პლეადები - NGC 1432 (ასე უწოდებენ ამ ვარსკვლავიერ გროვას) ბიბლიაშიც კია ნახსენები, მათზე წერდნენ ასევე ჰომეროსი და ჰეზიოდი. ამბობენ, რომ ოდესღაც შვიდივე პლეადა ერთნაირად კაშკაშა იყო, მაგრამ შემდეგ მეროპე მოკვდავს გაჰყვა ცოლად და "მისი ვარსკვლავი" გაფერმკრთალდა.

სურ. 86. კუროს თანავარსკვლავედი და პლეადები

  შეამოწმეთ თქვენი მხედველობის სიმახვილე: რამდენ ვარსკვლავს არჩევთ პლეადებში? თუ 6 ან 7 ვარსკვლავს, მაშინ თქვენ ნორმალური მხედველობა გაქვთ; თუ უფრო მეტს - შესანიშნავი. განსაკუთრებული მხედველობის ადამიანები პლეადებში ათეულობით ვარსკვლავს არჩევენ. გალილეიმაც კი, თავისი ფრიად არასრულყოფილი ტელესკოპით, პლეადებში 36 ვარსკვლავი დაითვალა.

  აიღეთ ბინოკლი და დატკბით ამ არაჩვეულებრივი გაფანტული ვარსკვლავიერი გროვით. პლეადების რუკის გამოყენებით, იპოვეთ გროვის მთავარი ვარსკვლავები. მათ შორის ციური დების მშობლებიც არიან: მამა - ატლასი და დედა - პლეიონე (სურათი 87).

სურ. 87. ვარსკვლავიერი გროვის - პლეადების ვარსკვლავები

   პლეადებს შორის ყველაზე კაშკაშაა ალციონე (კუროს η). მის შორიახლოს პატარა ვარსკვლავების სამკუთხედი მოჩანს. ეს ალციონეს "ოპტიკური" თანამგზავრებია. პლეადების მთავარი ვარსკვლავები, რომლებსაც საკუთარი მითიური სახელები აქვთ, ცხელი თეთრი გიგანტებია ზედაპირის ტემპერატურით 15 000°K. ამ ვარსკვლავიერ გროვაში შემავალ ათეულობით ვარსკვლავთა შორის არის მცირეოდენ უფრო გრილი ვარსკვლავებიც და ჩვენი მზის მსგავსი მნათობებიც. ეს სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავთა თანამეგობრობაა, თუმცა ყველა ტიპი როდია წარმოდგენილი (მაგ. არ არის წითელი გიგანტები).

  პლეადები ჩვენთან ერთერთი უახლოესი გაფანტული ვარსკვლავიერი გროვაა (130 პს). ამიტომაცაა ის ასე ეფექტური შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი. ცამრგვალზე პლეადებს უჭირავთ ფართობი, რომელიც რამდენჯერმე აღემატება სავსე მთვარეს (სურათი 88) (ძნელი დასაჯერებელია, არა?). სივრცეში კი პლეადები ყველა მხარეს 22 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ისევე, როგორც სხვა გაფანტულ ვარსკვლავიერ გროვებში, პლეადების მნათობები სივრცეში თითქმის პარალელურად და თითქმის ერთნაირი სიჩქარით მიფრინავენ.
სურ. 88. პლეადების ვიზუალური ზომა მთვარის დისკოსთან შედარებით.

  პლეადები გაცილებით უფრო კომპაქტურები არიან, ვიდრე ნებისმიერი O-ასოციაცია. თუმცა ასევე გამოირჩევიან ახალგაზრდა ასაკით. 1953 წელს პლეადების ასაკთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც მასში შემავალი 280 ვარსკვლავი 2,5 მილიონ წელზე მეტი ხნის არ უნდა ყოფილიყო. თუ ეს ასეა, მაშინ, პლეადები კაცობრიობის ასაკის ყოფილა!

  ჯერ კიდევ 1859 წელს იქნა აღმოჩენილი მსუბუქი, გამჭვირვალე ნისლეული, თავისებური საბურველი, რომელშიც პლეადებია ჩაძირული (სურათი 89). ორიონის ნისლეულისაგან განსხვავებით, ეს ნისლეული თვითმნათი როდია. იგი მასში ჩაძირული პლეადების შუქს ირეკლავს და ძირითადად წვრილი, მყარი კოსმოსური მტვერისაგან შედგება.

  კუროს თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი, მოყვითალო-მონარინჯისფრო ალდებარანი, ცამრგვალზე (მაგრამ არა სივრცეში!) სხვა გაფანტული ვარსკვლავიერი გროვის შუაგულში - ჰიადებში განთავდება (სურათი 89). ამ სახელწოდების ქვეშ გულისხმობენ დაახლოებით 200 ვარსკვლავის ჯგუფს, რომლებიც გარს ერტყმიან ალდებარანს. მათი საკუთარი მოძრაობის სიჩქარეები ცის ერთი წერტილისაკენაა მიმართული (ე.წ. ვერტექსი), რომელიც ბეთელგეიზეს მახლობლად განთავსდება (სურათი 90).
სურ. 89. ალდებარანი (კუროს α) ჰიადები და პლეადები

  ჰიადებში ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი მეშვეობით ვერტექსი იოლად მოიძებნება. თუმცა პლეადებისათვის ვერტექსი არ არის საიმედოდ განსაზღვრული. ამიტომაც ისეთ გროვებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, "ჩვენს თვალწინ" გადაადგილდებიან, მოძრავი გროვები ეწოდება.

სურ. 90. ვერტექსი: ჰიადები და მათი საკუთარი მოძრაობა

  ცხადია, ჰიადების ყველა ვარსკვლავი სივრცეში პარალელურად გადაადგილდება, ხოლო მათი გზების ვერტექსში დამთხვევა ისეთივე ხილული პერსპექტივაა, როგორიც, მაგ. რკინიგზის პარალელური რელსების თანხვედრა ჰორიზონტთან.

  უნდა ითქვას, რომ ჰიადების შემადგენლობა არანაკლებ მრავალფეროვანია, ვიდრე პლეადების. თუმცა, საერთო ჯამში ჰიადები უფრო ცივი და "მეჩხერია", ვიდრე პლეადები. აქ ბევრი ვარსკვლავია მზის მსგავსი და რამდენიმე წითელი გიგანტიც გვხვდება. ჰიადები პლეადების მსგავსად არ არიან ნისლეულში "გამოხვეული", და ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ გროვა დიდი ასაკის უნდა იყოს. ბევრი მონაცემის მიხედვით, ჰიადები დაახლოებით მილიარდი წლისაა.

  ჰიადები - ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავერი გროვაა. იქამდე მხოლოდ 40 პს მანძილია. ფორმა თითქმის სფერულია, საშუალო განიკვეთი - 33 სინათლის წლამდე. გამოთვლილია, რომ 80 000 წლის წინათ ჰიადებმა მზეს დღევანდელზე ორჯერ უფრო ახლო მანძილზე ჩაუფრინეს. 65 მილიონი წლის შემდეგ ჰიადები იმდენად დაგვშორდებიან, რომ ცაზე სავსე მთვარის დისკზე გაცილებით უფრო მცირე ადგილს დაიკავებენ; რაც შეეხება მათ უკაშკაშეს ვარსკვლავებს, რომლებიც ამჟამად შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად მოჩანს, ისინი 12m სიდიდის სუსტ ვარსკვლავებად იქცევიან. როგორც ვხედავთ, ციური სურათები ცვალებადია, ისევე, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში.

  ალდებარანი, როგორც უკვე აღინიშნა, არ განეკუთვნება ჰიადებს. ის ცივი, ნარინჯისფერი გიგანტია, რომლის დიამეტრი თითქმის 30-ჯერ აღემატება მზისას. ის ჩვენგან 21 პს მანძილზე იმყოფება (სურათი 91).

სურ. 91. კუროს თანავარსკვლავედის ვარსკვლავები და ნისლეულები

  კუროს თანავარსკვლავედი კიდევ ერთ განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობას მოიცავს - ესაა სახელგანთქმული კიბორჩხალა ნისლეული (სურათი 92). ის კაშკაშა ζ ვარსკვლავთან ახლოს განთავსდება. კიბორჩხალა ნისლეული დაკვირვებისათვის რთული ობიექტია. მხოლოდ ბნელ და გამჭვირვალე ღამეებში თუ შენიშნავთ აქ ტელესკოპში ან ძლიერ ბინოკლში პატარა, ოვალურ, მანათობელ ლაქას, რომლის ზომები მხოლოდ 6'x4' ფარგლებშია.

  როდესაც 1758 წელს მესიე ამ რეგიონში ერთერთ კომეტას ეძებდა, მან კინაღამ აურია ის იმ დროისათვის უცნობ კიბორჩხალა ნისლეულში. სწორედ ამ სამწუხარო გაუგებრობამ აიძულა იგი შეედგინა ნისლეულთა სახელგანთქმული კატალოგი, რომელშიც კიბორჩხალა ნისლეული პირველ ნომრად ირიცხება.

სურ. 92 კიბორჩხალას ნისლეული M1 ტელესკოპში.

  "რადიოხარვეზი № 1" (კიბორჩხალა ნისლეულის ზედმეტსახელი) უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერთა საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. ეს არის კოსმოსური რადიოგამოსხივების ერთერთი უმძლავრესი წყარო, რომელიც რადიოასტრონომების კატალოგში აღნიშნულია, როგორც "Taurus A". სწორედ ამ ადგილას, 1054 წელს იფეთქა კაშკაშა ზეახალმა ვარსკვლავმა. ახლა აქ მოჩანს პატარა, ძალზე უჩვეულო სპექტრის მქონე და უაღრესად ცხელი 9m ვარსკვლავი-პულსარი. მისი ტემპერატურა 150000 °K უნდა იყოს. ყველაზე უფრო შესანიშნავია ის, რომ კიბორჩხალა ნისლეულის შემადგენელი გაზები ამ ვარსკვლავიდან ყველა მიმართულებით მიჰქრიან დაახლოებით 1000კმ/წმ სიჩქარით! 20-30 წლის ინტერვალით გადაღებულ ფოტოსურათებზეც კი შეიძლება შევნიშნოთ კიბორჩხალა ნისლეულის გაფართოება.

  ძალზე ინტენსიური რადიოგამოსხივების მქონე ნისლეულებისათვის შემოღებულია ტერმინი "რადიონისლეული".

  კუროს თანავარსკვლავედის სხვა საინტერესო ობიექტებია, ასევე, ოპტიკურად ორჯერადი ვარსკვლავები θ, σχ და ბნელებადი ცვალებადი λ (ამპლიტუდა 3m,5 _ 4m,0 3,95 დღე-ღამის პერიოდით), NGC 1746, NGC 1817 და NGC 1647 (სურათი 91).