Tuesday, August 30, 2016

გველისმჭერი

    გველის თანავარსკვლავედის ორი ნახევრის შუაში გველისმჭერის თანავარსკვლავედი განთავსდება. გველისმჭერის დიდ თანავარსკვლავედში აუცილებლად იპოვეთ 9m,7 პატარა ვარსკვლავი, რომელიც თავის დროზე სახელგანთქმულმა ამერიკელმა ასტრონომმაბარნარდმა შეისწავლა. პირობითაც კი ვერ იტყვი, რომ ის უძრავია. "ბარნარდის მფრინავი ვარსკვლავი" – ასე უწოდებენ მას ასტრონომები უჩვეულოდ სწრაფი საკუთარი მოძრაობის გამო. წლის განმავლობაში ის ცამრგვალზე 10'',27 გაივლის, ხოლო 188 წლის მანძილზე მთვარის დისკის განიკვეთის ტოლ მანძილზე გადაადგილდება. ყველა ვარსკვლავი ასეთი მოუსვენარი რომ ყოფილიყო, თანავარსკვლავედების ფიგურები რამდენიმე თაობის თვალწინ შესამჩნევად შეიცვლებოდა (სურათი 195).

სურ. 195. გველისმჭერის თანავარსკვლავედის  საინტერესო ობიექტები

    ბარნარდის ვარსკვლავიცივი წითელი ჯუჯაა, რომელიც მზეზე 2005-ჯერ უფრო ნაკლებ სინათლეს გამოასხივებს. სწორედ ამ მიზეზით და ასევე, დედამიწასთან სიახლოვის გამო (1,8 პს) ბარნარდის ვარსკვლავი 9m და 10m სიდიდის აურაცხელ მნათობთა შორისაა ჩაკარგული. და მაინც, თუკი თქვენ მის მოძებნას მოახერხებთ, რამდენიმე წლის დაკვირვების შედეგად თვითონვე შეძლებთ სივრცეში მისი ფრენის შემჩნევას!
    
ვარსკვლავი გველისმჭერის 70კარგად შესწავლილი ორჯერადია. ორი 4m,2 და 5m,9 კაშკაშა ნარინჯისფერი ვარსკვლავი ერთმანეთისაგან ამჟამად 4'',6 მანძილზე იმყოფება. ისინი უწყვეტად გარემოიქცევიან სიმძიმის საკუთარი ცენტრის გარშემო 87,85 წლის პერიოდით. უფრო მძიმე ვარსკვლავის მასა მზის მასის 89% შეადგენს. მეორე კომპონენტის მასა ცოტა უფრო მცირეამზის მასის 72%. მოძრაობა 0,50 ექსცენტრისიტეტის გაწელილ ორბიტაზე ხდება. ამასთან, მზეების ეს წყვილი დედამიწასთან საკმაოდ ახლოს – 5,4 პს მანძილზე იმყოფება (სურათი 196).

 სურ. 196. გველისმჭერის 70 ვარსკვლავი

    გველისმჭერის თანავარსკვლავედში ოთხი კაშკაშა სფერული ვარსკვლავიერი გროვა განთავსდება, რომლებიც ორ წყვილად არიან გაერთიანებული. პირველი წყვილი თანავარსკვლავედის შუაში იმყოფება, ციური ეკვატორის ცოტა ქვემოთ (M12 და M10). ისინი 5,8 და 5,0 პს მანძილებზე იმყოფებიან. ორივე ერთნაირი რაოდენობის ვარსკვლავებს მოიცავს, მაგრამ M12-ში გაცილებით მეტი ცხელი ვარსკვლავია. ვიდრე M10-ში (სურათი 197).

სურ. 197. M10 და  M12 სფერული ვარსკვლავიერი გროვები გველისმჭერში
 
    სხვა ორი "ვარსკვლავიერი ბურთი", M62 და M19 თანავარსკვლავედის სამხრეთ კიდესთან, მორიელის თანავარსკვლავედის ε ვარსკვლავსა და გველისმჭერის θ ვარსკვლავს შორის დაიკვირვება. ისინი ერთნაირადაა დაშორებული დედამიწიდან 6,9 კპს მანძილით, თუმცა M19-ში უფრო მეტი ვარსკვლავია, მაშინ, როცა M62-ში უფრო ცივი მნათობები განთავსდება. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს საკმაოდ იშვიათ მოვლენას, როგორიცაა ორმაგი სფერული ვარსკვლავიერი გროვაორჯერადი ვარსკვლავის თავისებური ანალოგი. (სურათი 198).

სურ. 198. M62 და M19 სფერული ვარსკვლავიერი გროვები გველისმჭერში
 
    გველისმჭერის 70ის ჩრდილოეთით განთავსდება პლანეტური ნისლეული NGC 6572. ის მცირე ზომისაა, ჭეშმარიტი განიკვეთით 9000 .., რაც თითქმის 27-ჯერ მცირეა მელაკუდას ნისლეულის განიკვეთზე (არ აგერიოთ მელაკუდას თანავარსკვლავედში). ცოტა არ იყოს, მქრქალია; მისგან წამოსულ სხივებს კი დაახლოებით 4000 წელი ესაჭიროება, რომ ჩვენამდე მოაღწიონ (სურათი 199).

სურ. 199. NGC 6572 გველისმჭერში

გველი

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, გველის თანავარსკვლავედი ორი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნაწილისაგან შედგება. დასავლეთ ნაწილიგველის თავია, ვინაიდან სწორედ ეს ნაწილია ასახული ვარსკვლავიერ რუკებზე, როგორც ქვეწარმავლის წინა ნახევარი; აღმოსავლეთის ნაწილი კი გველის კუდია (სურათი 190).

სურ. 190. გველის თანავარსკვლავედი

    გველის თანავარსკვლავედში, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ორი ორჯერადი ვარსკვლავი. გველის თანავარსკვლავედში არის δ ვარსკვლავი, რომელიც სკოლის ტელესკოპში ორი ერთნაირი, 4m,2 და 5m,2 მოყვითალო მნათობების სახით წარმოგვიდგება, რომელთა შორის 4'' მანძილია. ეს ფიზიკური წყვილია, თუმცა მათი გარემოქცევის პერიოდი მრავალი ასეული წლით განისაზღვრება (სურათი 191).

სურ. 191. გველის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

    გველის კუდის თავზე კი ლამაზი ორჯერადი θ ვარსკვლავი განთავსდება. ორი 4m,5 და 5m მომწვანო ყვითელი ვარსკვლავი ერთმანეთისაგან 21'' მანძილზეა დაშორებული. საინტერესოა, რომ ისინი გველის მომნუსხავ თვალებს მოგვაგონებენ. კომპონენტებს შორის უზარმაზარი მანძილია, თუმცა პარამეტრების ერთობლიობა მიუთითებს, რომ ეს ფიზიკური წყვილია (სურათი 192).

 სურ. 192. გველის θ ვარსკვლავის სისტემა

    გველის მთავარი მნათობის ქვეშ ძალიან კაშკაშა სფერული ვარსკვლავიერი გროვა – M5 განთავსდება. ეს გროვა ბინოკლშიც კი კარგად მოჩანს, ხოლო სასკოლო ტელესკოპში ცალკეული ვარსკვლავებიც გაირჩევა. ფიზიკური თავისებურებებით M5 ჩვენთვის უკვე ნაცნობ M13- მოგვაგონებს. M5 დაახლოებით 60000 მნათობისაგან შედგება და ჩვენგან 8,3 კპს მანძილზეა (სურათი 193).

სურ. 193. სფერული ვარსკვლავიერი გროვა M5
 
    გველის თანავარსკვლავედში არის ასევე კაშკაშა დიფუზური ნისლეული M16 (არწივის ნისლეული). ის სამხრეთითგველის კუდთან იმყოფება და ცაზე თითქმის მთვარის დისკისოდენა ფართობი უჭირავს. ნისლეულის ნათება მის შიგნით მყოფი O კლასის უცხელესი ვარსკვლავითაა გამოწვეული (სურათი 194).

სურ. 194. დიფუზური ნისლეული M16 გველის თანავარსკვლავედში

Saturday, August 27, 2016

ფარი

 სურ. 185. ფარის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

    ამ მცირე ზომის თანავარსკვლავედში მხოლოდ 20 ვარსკვლავია, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეინიშნება. შეიძლება ითქვას, რომ ფარის თანავარსკვლავედი ირმის ნახტომის შიგ შუაგულში იმყოფება. ყველაზე ბნელ და გამჭვირვალე ღამეებში ჩვენ აქ კარგად ვარჩევთ კაშკაშა ვარსკვლავიერ ღრუბელს (სურათი 185), რომელიც ერთ-ერთია ირმის ნახტომის შემადგენელი ღრუბლებიდან. საქართველოში ის განსაკუთრებით კარგად მოჩანს.

 სურ. 186. ვარსკვლავიერი ღრუბელი ფარის თანავარსკვლავედში. (c) გიორგი კაჟიაშვილი

    ფარის თანავარსკვლავედში ყურადღება მიაქციეთ ორ კაშკაშა გაფანტულ ვარსკვლავიერ გროვას. ერთერთი მათგანი, M11 (სურათი 187), რომელიც გრძელპერიოდიანი ცვალებადის - ფარის R- სიახლოვეს განთავსდება, დიამეტრში 12' აღწევს და 200-მდე ვარსკვლავს მოიცავს, რომელთაგან უმეტესობა თეთრი გიგანტებია. მათში მცირე რაოდენობით გამოერევა კიდევ უფრო გვიანი კლასის მნათობებიც. გროვის ჭეშმარიტი განიკვეთი 5,5 პს შეადგენს და იქამდე 1600 პს მანძილია.

სურ. 187.  გაფანტულ ვარსკვლავიერგროვა – M11

    სამხრეთით, თანავარსკვლავედის მოპირდაპირე მხარეზე, არის ნაკლებად კაშკაშა გროვა M26 (სურათი 188), რომელიც 75 ვარსკვლავისაგან შედგება. სივრცეში ამ გროვას 6,6 პს უჭირავს და ერთერთი ყველაზე უფრო შორეული გროვათაგანია - ჩვენგან 2300 პს მანძილითაა დაშორებული.

სურ. 188.  გაფანტულ ვარსკვლავიერგროვა – M26

   ფარის თანავარსკვლავედში ერთმანეთთან ახლოს განთავსდება კიდევ ორი საინტერესო ობიექტი: პლანეტური ნისლეული IC 1295 და სფერული ვარსკვლავიერი გროვა  NGC 6712 (სურათი 189).

სურ. 189.  პლანეტური ნისლეული IC 1295 და  
სფერული ვარსკვლავიერი გროვა  NGC 6712

მელაკუდა (პატარა მელა)

    მელაკუდას თანავარსკვლავედი ცამრგვალის ფერმკრთალი ობიექტია, რომელიც ზაფხულის სამკუთხედის (ვეგა, დენები და ალტაირი) შუაში განთავსდება. თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა მნათობია 4,44m სიდიდის α ვარსკვლავი. ის წითელი გიგანტია, რომელიც ჩვენგან 297 სინათლის წლითაა დაშორებული (სურათი 182). 

    1967 წელს ქემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოსლინ ბელმა მელაკუდას თანავარსკვლავედში პირველი პულსარი, თანაბარი პერიოდულობით საშინლად სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავიPSR B1919+21 აღმოაჩინა. თხუთმეტი წლის შემდეგ, პირველი პულსარიდან სულ რამდენიმე მინუტის დაშორებით, აღმოაჩინეს პირველი მილიწამების სიჩქარით მობზრიალე პულსარიPSR B1937+21.

სურ. 182. მელაკუდას თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

  ისევე, როგორც ისრის თანავარსკვლავედში, მელაკუდას თანავარსკვლავედშიც არის შედარებით კაშკაშა ცეფეიდი T, რომლის ბრწყინვალება 5m,9-6m,8 ფარგლებში იცვლება 4,44 დღე-ღამის განმავლობაში. მელაკუდას  T ცეფეიდის მოსაძებნად გავავლოთ წარმოსახვითი ხაზი გედის ζ ვარსკვლავსა და მელაკუდას 15 ვარსკვლავს შორის. აქ, შედარებით კაშკაშა 32 და 31 ვარსკვლავს შორის მელაკუდას  T ცეფეიდი განთავსდება. (სურათი 183).

 სურ. 183. მელაკუდას თანავარსკვლავედის  T ცეფეიდის ადგილმდებარეობა

    იშვიათია, როდესაც პლანეტური ნისლეულები გარეგნულად პლანეტების დისკებს მოგვაგონებენ. მელაკუდას თანავარსკვლავედში არსებული პლანეტური ნისლეული კი გამონაკლისია.

    ამ კაშკაშა, მსხვილ (ხილული ზომებით 8' х 4') პლანეტურ ნისლეულს ძალზე უჩვეულო ფორმა აქვს (სურათი 184). პირველად ის მესიემ შეამჩნია 1764 წელს და თავის კატალოგში 27 ნომრად შეიტანა. ბინოკლში ნისლეული საკმაოდ გარკვევით მოჩანს, ხოლო სასკოლო ტელესკოპებში მისი ფორმის გარჩევაც შეიძლება.

სურ. 184. პლანეტური ნისლეული M27 მელაკუდას თანავარსკვლავედში. (c) ალექსანდრე არტ-დვალი

    ისევე, როგორც სხვა პლანეტური ნისლეულები, ეს ობიექტიც შიგნით მყოფი ძალზე ცხელი ვარსკვლავის ხარჯზე ანათებს, რომლის ზედაპირული ტემპერატურა 100 000° К
 ფარგლებშია. გავიხსენოთ პლანეტური ნისლეული ქნარში, რომლის განათების მექანიზმი ნისლეულის ატომების ლუმინესცენციაში გამოიხატება, რაც მანათობელი ვარსკვლავის ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენის შედეგია.

    მელაკუდაში არსებული ნისლეული საკმაოდ შორეული ობიექტია, იქამდე 300 პს მანძილია. ამ მანძილის გათვალისწინებით გამოდის, რომ ნისლეულის საშუალო განიკვეთი 240 000 . . უნდა იყოს.

    როგორც უკვე ვთქვით, პლანეტური ნისლეულების წარმოშობის მექანიზმები ჯერ კიდევ უცნობია, და ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს.

ჩრდილოეთის გვირგვინი

   ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი ჰერკულესის თანავარსკვლავედის მარჯვენა "ხელ–ფეხსა" და მენახირის თანავარსკვლავედს შორის განთავსდება. შეუძლებელია მისი გვირგვინის მსგავსი მოხაზულობა რამეში აგვერიოს (სურათი 177). ეს თანავარსკვლავედი მდიდარია საინტერესო ობიექტებით.

სურ. 177. ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

    ჩრდილოეთის გვირგვინის მთავარი α მნათობია უზარმაზარი ცხელი ცისფერი ვარსკვლავიგემა (ალფეკა). დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, გემა ბნელებად-ცვალებადი და სპექტრულად ორჯერადი ვარსკვლავი აღმოჩნდა დაახლოებით 17 დღის პერიოდითა და 0m,1 ამპლიტუდით (სურათი 178).

სურ. 178. გემა ანუ ალფეკა –  ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედის მთავარი α მნათობი

    ასევე საინტერესოა ორჯერადი ვარსკვლავი σ, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ძლივს გაირჩევა. ის ორი ვარსკვლავისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისაგან 6",6' მანძილზე იმყოფებიან. ამ სისტემაში გარემოქცევა ძალზე გაწელილ ორბიტაზე (ექსცენტრისისტეტი 0,78) ხდება, 1000 დღის პერიოდით. F8 კლასის უფრო კაშკაშა კომპონენტი, თავის მხრივ, სპექტრულად ორჯერადი ვარსკვლავია სულ რაღაც 1,14 დღეღამის პერიოდით. ამგვარად, ჩრდილოეთის გვირგვინის პატარა ვარსკვლავი σ, უნდა ითქვას, საკმაოდ საინტერესო სამჯერად ვარსკვლავს წარმოადგენს (სურათი 179).

სურ. 179. ჩრდილოეთის გვირგვინის σ ვარსკვლავის სისტემა ნიუტონის 150მმ რეფრაქტორში

  1946 წლის 9 თებერვალს, დილის 5 საათზე, ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედში უცნობი ვარსკვლავი შენიშნეს. ის სიკაშკაშით გემასაც კი აღემატებოდა. ეს ვარსკვლავი სრულიად უცვლიდა იერსახეს თანავარსკვლავედის ჩვეულ მოხაზულობას. მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩრდილოეთის გვირგვინში ახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ.

    სიმართლე ითქვას, ეს ვარსკვლავი მთლად ახალი არ იყო. ამ მოვლენამდე ზუსტად 80 წლით ადრე, 1866 წელს, მან უკვე განიცადა აფეთქება და მას მერე ვარსკვლავთა კატალოგებში Т ასოთი იყო აღნიშნული. ჩრდილოეთის გვირგვინის Т ვარსკვლავი, როგორც ახლა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, .. ახლისმაგვარ ვარსკვლავებს მიეკუთვნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს მინიატურული ახალი ვარსკვლავებია. მათი აფეთქებები, ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით, მართლაც მოგვაგონებენ ჩვეულებრივი ახალი ვარსკვლავების აფეთქებებს, იმ განსხვავებით, რომ ახლისმაგვარ ვარსკვლავებს ბრწყინვალების ცვალებადობის ამპლიტუდა გაცილებით ნაკლები აქვთ: ახლებში ეს 12m –ს შეადგენს, ხოლო ახლისმაგვარებში დაახლოებით 8m-.

    ჯერ კიდევ 1934 წელს აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო ნაკლებია ცვალებადი ვარსკვლავების ბრწყინვალების მრუდის ცვალებადობის ამპლიტუდა, მით უფრო ხშირად ფეთქდება ვარსკვლავი და პირიქით. ტიპიური ახალი ვარსკვლავებისათვის, რომელთა ბრწყინვალების ცვალებადობის ამპლიტუდა 12m ფარგლებში იცვლება, აფეთქებები საშუალოდ ყოველ 5000 წელიწადში უნდა განმეორდეს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ არ იქნა აქამდე დაკვირვებული ერთი და იგივე ახალი ვარსკვლავის ორი და მეტი აფეთქებაასტრონომიულ მეცნიერებათა ასაკი ამისათვის ძალზე მცირეა.

    1866 წლისათვის არსებული ბრწყინვალების მრუდის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ 8m,6 ამპლიტუდის მქონე ჩრდილოეთის გვირგვინის Т- აფეთქებები ყოველ 80 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს. 2026 წლისათვის შესაძლებელი გახდება ამ ვარაუდის პრაქტიკული დადასტურების შეფასება.

    აფეთქებებს შორის ჩრდილოეთის გვირგვინის T-11m ვარსკვლავის ბრწყინვალება და უჩვეულო სპექტრი აქვს: M3 და ცხელი B0 ვარსკვლავთა სპექტრების უჩვეულო ნარევი. როგორც ჩანს, დედამიწიდან 800 პს მანძილზე მყოფი ჩრდილოეთის გვირგვინის Т ორი მნათობის სისტემას წარმოადგენს; აქედან ერთერთი ცივი წითელი გიგანტია, ხოლო მეორეცხელი თეთრი ჯუჯა. როგორც ჩანს, სწორედ ეს უკანასკნელი უნდა იყოს ახლისმაგვარი ვარსკვლავი (სურათი 180).

სურ. 180. ჩრდილოეთის გვირგვინის Т–ს ვარსკვლავიერი სისტემა: ძალზე მცირე ზომის თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი (მარჯვნივ) დიდი წითელი გიგანტისგან (მარცხნივ) აირებს წარიტაცებს, რის გამოც ვარსკვლავიერი სისტემა ლურჯად მანათობელი გაზის საბურველშია გახვეული

    ჩრდილოეთის გვირგვინში კიდევ ერთი ახლისმაგვარი ვარსკვლავიაR, რომელიც მნიშვნელოვანი თავისებურებებით გამოირჩევა. ჩრდილოეთის გვირგვინის R- დროის უმეტეს შუალედში 6m სიდიდე აქვს და მისი ბრწყინვალება ძალზე მცირედ და უწესრიგოდ იცვლება. თუმცა, ზოგჯერ ვარსკვლავის ბრწყინვალება მკვეთრად სუსტდება რამდენიმე ვარსკვლავიერი სიდიდით (სურათი 181). ცნობილია შემთხვევები, როდესაც ჩრდილოეთის გვირგვინის R- ვარსკვლავიერი სიდიდე 10m და 15m- კი ყოფილა.

 სურ. 181. ჩრდილოეთის გვირგვინის R- ბრწყინვალების მრუდი

    ბრწყინვალების მინიმუმში ყოფნის ხანგრძლივობა ვარსკვლავისათვის რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს, რის შემდეგ ჩრდილოეთის გვირგვინის R კვლავ ჩვეულ სიკაშკაშეს უბრუნდება.

    ბრწყინვალების მრუდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩრდილოეთის გვირგვინის R - ეს არის "ამობრუნებული" ახალი ვარსკვლავი: ტიპიურ ახალ და ახლისმაგვარ ვარსკვლავებში დროდადრო შეინიშნება აფეთქებები, ხოლო ჩრდილოეთის გვირგვინის R- ტიპის მნათობებში პირიქით - ბრწყინვალების მრავალჯერადი კლება. თუმცა, მინიმუმში ამ ვარსკვლავებს მკვეთრი ემისიური ხაზების მქონე სპექტრები აქვთ, რაც საფუძველს იძლევა, რომ ისინი ახლისმაგვარი ვარსკვლავების ერთ ჯგუფს მივაკუთვნოთ.

    ჩრდილოეთის გვირგვინის R-ის ტიპის ვარსკვლავთა უჩვეულო ატმოსფეროები, ძირითადად, ნახშირბადის ატომებისაგან შედგება. სპექტრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზოგიერთი ამ ვარსკვლავთაგანი ძალზე იშვიათ R სპექტრულ კლასს განეკუთვნება. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთის გვირგვინის R-ის ტიპის ვარსკვლავებში ბრწყინვალების კლება მათი ატმოსფეროების პერიოდული უჩვეულო ამღვრევითაა გამოწვეული. ასეა თუ ისე, ეს ვარსკვლავები იმდენად თავისებურია, რომ ასტრონომიის ნებისმიერი მოყვარული მოისურვებს, თვალი შეავლოს ჩრდილოეთის გვირგვინის R- და განსაზღვროს მოცემული მომენტისათვის მისი ბრწყინვალება.