Friday, August 19, 2016

ჰერკულესი

      ჰერკულესის ფართო თანავარსკვლავედი, რომელშიც შეუიარაღებელი თვალით 140 ვარსკვლავი შეინიშნება, მთელ რიგ საინტერესო ობიექტებს მოიცავს (სურათი 166). უპირველეს ყოვლისა, ეს არის არაჩვეულებრივი ვარსკვლავიჰერკულესის α. კაშკაშა ვარსკვლავებს შორის ის ყველაზე უფრო მსხვილია და ზომებით მნიშვნელოვნად აღემატება ბეთელგეიზესაც კი. ჩვენი ფანტაზიის უნარი უძლურია წარმოიდგინოს ეს ძალიან ცივი, უსაზღვროდ დიდი წითელი მნათობი, რომელიც დიამეტრით 800-ჯერ აღემატება მზეს.

    ისევე, როგორც ბეთელგეიზე, ჰერკულესის α ცეფევსის δ- ტიპის ნახევრად წესიერი ცვალებადია. ერთი შეხედვით რთულ და ქაოტურ ბრწყინვალების მრუდში ორი რხევა იქნა გამოვლენილი: ერთერთი მათგანი გრძელპერიოდიანია, 6 წლის ფარგლებში, 0m.5 ამპლიტუდით. მასზე სხვა რხევები დაედება ცვალებადი ამპლიტუდებით 0m.3-1m.0 და 50-130 დღის პერიოდით. თავის დროზე, ამ რთულ სურათში გარკვევა იოლი ამოცანა როდი იყო!
სურ. 166. ჰერკულესის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები
 
    ჰერკულესის α-დან 4''.6 მანძილზე მოჩანს ყვითელი 5m.4 თანამგზავრი, რომელიც მთავარი ვარსკვლავის მიმართ სრულ გარემოქცევას 111 წელს ანდომებს. ეს თანამგზავრი, თავის მხრივ, სპექტრულად ორჯერადი ვარსკვლავია 52 დღეღამის პერიოდით, ამასთან, ორივე ვარსკვლავი გაფართოებადი აიროვანი გარსითაა გარშემორტყმული (სურათი 167).

სურ. 167.  ჰერკულესის α-ს სისტემა

        ჰერკულესის თანავარსკვლავედი, უპირველეს ყოვლისა, იმით არის შესანიშნავი, რომ აქ, უფრო ზუსტად, ჰერკულესისა და ქნარის თანავარსკვლავედების საზღვარზე, აპექსი განთავსდება - წარმოსახვითი წერტილი, რომლის მიმართულებითაც ჩვენი მზის სისტემა ერთიანად მიჰქრის კოსმოსურ სივრცეში.
 
    როდესაც ხშირ ნარგავებს მივარღვევთ, ხეები მიახლოებისას თითქოს-და განზე იწევიან; ხოლო უკან კი პირიქით - ხეები დაშორებისას თითქოს ერთმანეთისკენ მიისწრაფიან. მსგავსი მოვლენა შეინიშნება ცაზეც. ცხადია, უძრავი ვარსკვლავები, ისევე, როგორც უძრავი საგნები, ბუნებაში არ არსებობს: თითოეული მათგანი, სირიუსის მსგავსად, სივრცეში მოძრაობს. თუმცა იმ ვარსკვლავთა მოძრაობებში, რომლებსაც დედამიწიდან ვაკვირდებით, შეინიშნება გარკვეული საერთო მდგენელი, რომელიც სივრცეში მზის (და, მასთან ერთად, დედამიწისაც) გადაადგილებით არის გამოწვეული. ცის იმ მხარეს, რომლის მიმართულებითაც მზე მიფრინავს, ვარსკვლავები თითქოს-და სხვადასხვა მხარეს გაიწ-გამოიწევიან; ცის მოპირდაპირე მხარეზე კი, რომელსაც ანტი–აპექსი ეწოდება,  საპირისპირო ეფექტი შეინიშნება. ამ მოვლენის ძალზე დაწვრილებითი ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდა აპექსის ეკვატორული კოორდინატების განსაზღვრა (სურათი 168).

 სურ. 168. აპექსი (1) და ანტი–აპექსი (2). სურათზე სიმარტივისთვის ნაჩვენებია მხოლოდ B და A კლასის ვარსკვლავების გადაადგილება 200000 წლის განმავლობაში (კომპიუტერული სიმულაცია). ვარსკვლავთა მოძრაობის მდგენელის მიხედვით შესაძლებელი გახდა აპექსის ეკვატორული კოორდინატების განსაზღვრა.

    ვარსკვლავიერ ცაზე აპექსი–ს ზუსტად განსაზღვრისათვის გაავლეთ წარმოსახვითიათ ხაზი ქნარის γ ვარსკვლავსა და ჰერკულესის ο–ს შორის. შემდეგ ამ წარმოსახვით ხაზზე ქნარის κ ვარსკვლავიდან დაუშვით წარმოსახვითი მართობული (სურათი 169). აი საითკენ, უფრო სწორად, რა მიმართულებით მიფრინავს ჩვენი მზის სისტემა 20კმ/წმ სიჩქარით. ამ უწყვეტი მოგზაურობის დროს ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ორ მილიონ კილომეტრს გავიფრენთ.

 სურ. 169. აპექსის განსაზღვრა ღამის ცაზე (აღნიშნულია წითლად)

    მოძრაობა, რომლის შესახებაც აქ ვისაუბრეთ, არის მზის გადაადგილება უახლოესი ვარსკვლავების მიმართ. ის არ უნდა აგვერიოს მზის სისტემის გადაადგილებაში გალაქტიკის ცენტრის გარშემო, რაც 250კმ/წმ ფარგლებში ხორციელდება და რომელიც ჩვენს ეპოქაში ცეფევსის თანავარსკვლავედისაკენ არის მიმართული (სურათი 170).

 სურ. 170. მზის სისტემის გადაადგილება გალაქტიკის ცენტრის გარშემო. დროს, რომლის განმავლობაშიც მზე გალაქტიკის გარშემო ერთ სრულ გარემოქცევას დაასრულებს, გალაქტიკური წელიწადი ეწოდება. ჩვენს ეპოქაში მზის გალაქტიკის გარშემო გადაადგილება ცეფევსის თანავარსკვლავედისკენაა მიმართული

    ჩვენ უკვე არაერთხელ შევხვედრივართ სფერულ ვარსკვლავიერ გროვებს, მაგრამ აქ, ჰერკულესში, ორი შესანიშნავი წარმონაქმნი განთავდება:  მათ შორის უფრო კაშკაშა  M13 იოლად მოიძებნება ბინოკლითაც კი, ჰერკულესის ζ და η ვარსკვლავებს შორის. სამდუიმიან ტელესკოპში ის კიდეებზე ცალკეულ მნათობებად იშლება; საოცარი სანახავია ეს ლამაზი "ნაპერწკლები", რომლებიც გარს ერტყმის ვარსკვლავთა უკიდეგანო ბურთს (სურათი 171).

    M13 სფერულ გროვაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ვარსკვლავი განთავსდება, ძირითადად "გვიანი" სპექტრული კლასებისა. გალაქტიკური ვარსკვლავიერი გროვებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ცხელი გიგანტებისაგან შედგებიან, სფერული ვარსკვლავიერი გროვების ყველაზე კაშკაშა მნათობებიცივი წითელი გიგანტებია (მათ შორის M13-შიც). ცხელი ცისფერი გიგანტები აქ გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც ჩანს, სფერულ ვარსკვლავიერ გროვებში არც ისე ცოტაა მზის მსგავსი ვარსკვლავები.
  
სურ. 171. სფერული ვარსკვლავიერი გროვა M13. (c) ალექსანდრე არტ-დვალი.

    სფერულ ვარსკვლავიერ გროვებში ბევრი ცვალებადი ვარსკვლავი გვხვდება (M13-ში ისინი ოცამდეა), ძირითადად მოკლეპერიოდიანი ცეფეიდები. ყველა სფერული ვარსკვლავიერი გროვა ძალზე შორეული ობიექტია. მაგ. M13-დან მომავალი სხივები ჩვენსკენ 23 000 წლის განმავლობაში მოისწრაფიან!

    დღეისათვის ასამდე სფერული ვარსკვლავიერი გროვაა ცნობილი. ჩვენს გალაქტიკაში (და, როგორც ჩანს, სხვა გალაქტიკებშიც) სფერული ვარსკვლავიერი გროვები სფერულ ქვესისტემას ქმნიან.

    სფერული ვარსკვლავიერი გროვების დიამეტრები საკმაოდ შთამბეჭდავია: 130-300 სინათლის წელი. აღსანიშნავია, რომ "ვარსკვლავთა ბურთებში" მტვროვანი ან აიროვანი (გაზოვანი) ნისლეულები არ შეინიშნება. სფეროში ვარსკვლავთშორისი სივრცე ძალზე გამჭვირვალეა, ამიტომ ცისა და, მითუმეტეს, სფერული ვარსკვლავიერი გროვის ცენტრის ხედი, წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. წარმოიდგინეთ ათასობით ვარსკვლავი, რომლებიც სიკაშკაშით ვენერას არ ჩამოუვარდებიან, და კიდევ ათასობით სხვა ვარსკვლავი, რომლებიც მხოლოდ სირიუსს თუ ედრებიან; და ყველა ამ მნათობით გადაჭედილი ცა!

    სფერული ვარსკვლავიერი გროვები საოცრად მდგრადი წარმონაქმნებია. ჩვენთვის მათი წარმოშობის მექანიზმები ჯერჯერობით უცნობია; თუმცა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ წარმონაქმნებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე მილიარდობით წლების განმავლობაში იარსებონ.

    ჰერკულესის τ და η ვარსკვლავებს შორის და ზემოთ, თითქმის შუაში, მეორე სფერული ვარსკვლავიერი გროვა – M92 განთავსდება (სურათი 172). ის M13-ზე უფრო შორს, 7,3 კპს მანძილზეა და ვარსკვლავებით შედარებით ღარიბია, თუმცა ცაზე უფრო დიდი ფართობი უჭირავს:  M13-ის ხილული განიკვეთია 21', ხოლო M92-სა –  30'. M92-ის შემადგენლობა, ცოტა არ იყოს, უჩვეულოა: მის მნათობთა შორის ბევრი ცხელი გიგანტია, და ამ მხრივ ის უნიკალურად ითვლება.

 სურ. 172. სფერული ვარსკვლავიერი გროვა M92

No comments:

Post a Comment