თანამედროვე მეტეოროლოგია ამ მეთოდით ნამდვილად არ ხელმძღვანელობს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვძებნოთ ციური ვირუკები და მათი საკვები ადგილი – ბაგა.
კიბორჩხალას γ და δ ამ დიდი თანავარსკვლავედის ყველაზე უფრო კაშკაშა მნათობებია. მათ შორის და ოდნავ მარჯვნივ აშკარად შეინიშნება რაღაცნაირი ნისლოვანი ვარსკვლავი. რაოდენ მახვილი მხედველობაც არ უნდა გქონდეთ, ეს ε ვარსკვლავი შეუიარაღებელი თვალით არაფრით არ გაგიმხელთ საიდუმლოებებს (სურათი 138).
სურ. 138. კიბორჩხალას თანავარსკვლავედის მდებარეობა და საინტერესო ობიექტები |
საქმე იმაშია, რომ კიბორჩხალას ε ვარსკვლავი კი არა, ზამთარ–გაზაფხულის ცის ერთერთი ულამაზესი გაფანტული ვარსკვლავიერი გროვაა, რომელსაც უხსოვარი გროვიდან უწოდებდნენ "ბაგას". მხოლოდ გალილეიმ შეძლო გამოეცნო, თუ რა იმალებოდა ამ ვარსკვლავის მაცდური გარეგნობის მიღმა – მისი ტელესკოპის მხედველობის არეში ბაგა აურაცხელი რაოდენობის სუსტად მნათ ვარსკვლავად გადაიქცა (სურათი 139).
დააკვირდით ვარსკვლავთა ამ "გროვას" ბინოკლში ან სუსტი გადიდების ტელესკოპში და მიხვდებით, თუ რატომ გადაირია გალილეო ამ შესანიშნავი სანახაობის გამო.
სურ. 139. ვარსკვლავიერი გროვა M 44 – "ბაგა" |
კიბორჩხალას თანავარსკვლავედში არის კიდევ ერთი გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა – M 67 (სურათი 140). ვარსკვლავიერი ცის რუკით მისი მოძებნა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ის კიბორჩხალას α-დან ოდნავ მარჯვნივ განთავსდება (სურათი138). აი მისი "საპასპორტო მონაცემები": მანძილი – 800 პს, დიამეტრი – დაახლ. 4 პს. M 67-ს შემადგენლობაში 80 ვარსკვლავი შედის 10m-დან და 14m-მდე. აქაც, უმეტესობა თეთრი, ცხელი გიგანტებია.
სურ. 140. ვარსკვლავიერი გროვა – M 67, იგივე NGC 2682, "სამეფო კობრა"
ბაგა და M 67 ტყუპები არიან, მაგრამ დედამიწელი დამკვირვებლისათვის მათი გარეგნული სახე საოცრად არაერთგვაროვანია – ბაგა შეუიარაღებელი თვალითაც შესანიშნავად მოჩანს, როგორც 3m,7 ნისლოვანი ვარსკვლავი; M 67-ის ინტეგრალური ნათობა კი 7m,3 შეადგენს და სამოყვარულო ტელესკოპში მხოლოდ ნათელ ლაქად წარმოგვიდგება. ამ განსხვავების მიზეზი მანძილია: M 67 ჩვენგან დაახლოებით 6-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე – "ბაგა".
კიბორჩხალას თანავარსკვლავედში არის არაჩვეულებრივი ჯერადი ζ ვარსკვლავი. ადრეულ ხანაში ის მარტოხელა 5m ვარსკვლავად მიაჩნდათ, სანამ 1656 წელს ტობიას მაიერმა (ჩვენ ის უკვე ვახსენეთ ანდრომედას გალაქტიკასთან მიმართებაში) ორად არ "გაჰყო". 1781 წელს, უილიამ ჰერშელის მიერ ჩატარებული დაკვირვებების შემდეგ, იგი სამჯერად ვარსკვლავად ითვლებოდა. დღეს კი ჩვენთვის ცნობილია, რომ ოდესღაც უღიმღამო მნათობი, სინამდვილეში, ურთულესი ხუთჯერადი სისტემაა!
მთავარი, 5m,7 ყვითელი A ვარსკვლავი ჩვენი მზის მსგავსია. მისგან 1'',2 მანძილზე ცხელი, ცისფერი თანამგზავრია – 6m,0 B ვარსკვლავი. A ვარსკვლავიდან 6" დაშორებით მოჩანს 6m C ვარსკვლავი, რომელსაც, თავის მხრივ, 7m,8 თანამგზავრი D ვარსკვლავი ჰყავს. და ბოლოს, სპექტრული ანალიზი გვიჩვენებს, რომ B ვარსკვლავსაც ჰყავს თანამგზავრი E ვარსკვლავი (სურათი 141).
სურ. 141. კიბორჩხალას ζ ვარსკვლავის სისტემა 155 მმ რეფრაქტორში |
ეს რთული, ხუთვარსკვლავიანი სისტემა ძალიან კარგადაა შესწავლილი: A და B ვარსკვლავები სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო 60 წლის პერიოდით მიმოიქცევიან. მათ გარს უვლის C ვარსკვლავი 1137 წლის პერიოდით. ამასთანავე ის D ვარსკვლავთან ერთად გარემოიქცევა 17,6 წლის პერიოდით. აი, რა სირთულეები იმალება გარეგნული უბრალოების მიღმა!
მაშ, მიმართეთ თქვენი ტელესკოპები ცის ამ საოცარი ობიექტისაკენ. როგორ ფიქრობთ, მხედველობის არეში რა გამოჩნდება?
No comments:
Post a Comment