Wednesday, May 31, 2017

ირმის ნახტომი და ზოდიაქო


    ირმის ნახტომი სუსტად მნათი, არათანაბარი და გაურკვეველი მოხაზულობის ზოლია, რომელიც მთელ ცას სარტყელივით გასდევს. მისი სიგანე სხვადასხვაა: ყველაზე ფართო ადგილებში 15º  შეადგენს, ხოლო ყველაზე ვიწრო უბნებში – რამოდენიმე გრადუსს (სურათი 258).
სურ. 258. ასე მოჩანს ირმის ნახტომი ღამის ცაზე. ავტორი – კახა გოგოლაშვილი.
5D MARK 2

    ირმის ნახტომი შემდეგ თანავარსკვლავედებს გაივლის: მარტორქა, პატარა ძაღლი, ორიონი, ტყუპები, კურო, მეეტლე, პერსევსი, ჟირაფი, კასიოპეა, ანდრომედა, ცეფევსი, ხვლიკი, გედი, მელაკუდა, ქნარი, ისარი, არწივი, ფარი, მშვილდოსანი, გველისმჭერი, სამხრეთის გვირგვინი, მორიელი, გონიო, მგელი, სამხრეთის სამკუთხედი, კენტავრი, ფარგალი, სამხრეთის ჯვარი, ბუზი, გემის ხერხემალი, იალქანი, კიჩო.

    ირმის ნახტომის ნაკუწელა შემადგენლობა თვალით მაშინვე შეიმჩნევა. ის ძალზე არაერთგვაროვანია: მქრქალ, ძლივს შესამჩნევ ადგილებს ალაგ-ალაგ იმდენად კაშკაშა ვარსკვლავიერი "ღრუბლები" ენაცვლება, რომ შეიძლება ისინი ჩვეულებრივ წვიმის ღრუბლებში აგვერიოს. ირმის ნახტომის ეს თავისებურება, უმეტესწილად, ორი მიზეზითაა გამოწვეული: 1. გალაქტიკაში მნათობთა ჭეშმარიტად არათანაბარი განაწილებით, სადაც ვარსკვლავიერი ღრუბლები შეიძლება თავისებურ სტრუქტურულ დეტალებად მივიჩნიოთ; 2. მშთანთქმელი გარემოს არსებობით, რომელიც ყველანაირი ზომისა და ფორმის ბნელი ნისლეულების ფორმით არსებობს და ირმის ნახტომს უცნაურ მოხაზულობას ანიჭებს. ამასთან, შეიძლება დავამატოთ, რომ დედამიწის ცაზე, ირმის ნახტომში არსებულ ვარსკვლავთა კონცენტრაცია, ჩვენი გალაქტიკის დისკისებური ფორმის შედეგია (როგორც ეს ადრე აღვნიშნეთ). ჩვენი სისტემა ფორმით სფერული ვარსკვლავიერი გროვის მსგავსი რომ ყოფილიყო, და ჩვენ მის ცენტრთან ახლოს ვიმყოფებოდეთ, ცაზე არავითარი ირმის ნახტომი არ იქნებოდა: ვარსკვლავები მთელ ცამრგვალზე თითქმის თანაბრად იქნებოდა განაწილებული.

    ირმის ნახტომის შიგნით შეიძლება წარმოსახვითი, შუალედური ხაზი გავავლოთ, რომელსაც გალაქტიკური ეკვატორი ეწოდება. ციურ სფეროზე ეს არის დიდი წრე, რომელიც ციური ეკვატორის სიბრტყის მიმართ 62º კუთხითაა დახრილი. ციური ეკვატორი და გალაქტიკური ეკვატორი ორ წერტილში გადაიკვეთება, რომლებიც არწივისა და მარტორქის თანავარსკვლავედებში განთავსდება. გალაქტიკური ეკვატორიდან 90º -ით დაშორებულ წერტილებს გალაქტიკის პოლუსები ეწოდება. გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსი ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედში ძევს  (α=12h40m, δ=+28º), ხოლო სამხრეთ პოლუსი – მოქანდაკის თანავარსკვლავედში (α=0h40m, δ=–28º). გალაქტიკის შესწავლისას უფრო მოხერხებულია კოორდინატთა გალაქტიკური სისტემით სარგებლობა, რომელშიც ძირითადი დიდი წრე – გალაქტიკური ეკვატორია (სურათი 259).

სურ. 260. კოორდინატთა გალაქტიკური სისტემა

    ირმის ნახტომზე დაკვირვებისათვის ყველაზე მოხერხებული დრო – აგვისტოს და სექტემბრის პირველი ნახევრის ბნელი ღამეებია. ირმის ნახტომის ნაფლეთი ხასიათი კარგად ჩანს გედის თანავარსკვლავედში. თუმცა, განსაკუთრებულად ღირსშესანიშნავი – ფარის თანავარსკვლავედში განთავსებული კაშკაშა და სქელი ვარსკვლავიერი ღრუბლებია. ზოგიერთი კაშკაშა ვარსკვლავიერი ღრუბელი შეიძლება მშვილდოსნის თანავარსკვლავედშიც შევნიშნოთ, თუმცა მათი ეფექტურობა ჰორიზონტთან ახლო მდებარეობის გამო მკვეთრად იკლებს.

    დენებიდან დაწყებული, ირმის ნახტომი ჰორიზონტისაკენ ეშვება ორი მანათობელი ნაკადის სახით. ირმის ნახტომში არსებული "დიდი ნაპრალი", როგორც მას უწოდებენ, იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ აქ მრავალრიცხოვანი და ჩვენთან შედარებით ახლოს მყოფი ბნელი ნისლეულები განთავსდება, რომლებიც ირმის ნახტომის მათ მიღმა არსებულ კაშკაშა უბნებს ეფარებიან. ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე, სამხრეთის ჯვარის ახლოს, სახელგანთქმული "ნახშირბადოვანი ტომარა" დაიკვირვება – ირმის ნახტომში არსებული უზარმაზარი "ჩავარდნა", რომელსაც XVII საუკუნის დამკვირვებლები სერიოზულად მიიჩნევდნენ "ცაში არსებულ ხვრელად". აქაც, სინამდვილეში, ჩვენს წინაშეა კოსმოსური "კვამლის" ბნელი ბოლქვები, რომლებიც მაცდური ვარსკვლავიერი სივრცეების თვალიერებაში გვიშლიან ხელს (სურათი 261).

სურ. 261. ე.წ. ნახშირბადოვანი ტომრები – კოსმოსური მტვერის ბნელი ღრუბლები. (c) NASA

    ირმის ნახტომის სტრუქტურის დეტალური შესწავლისათვის შესაძლებელია სპეციალური რუკების გამოყენება, სადაც შეუიარაღებელი თვალით წარმოებულ დაკვირვებებს, ბინოკლით მიღებული შედეგები უნდა შევუთავსოთ.

    დასასრულ, ყურადღებას მივაპყრობთ გარეგნობით მნათობების მსგავსი  ობიექტებისაკენ, რომლებიც თავიანთი არსებობით ხშირად "სიურპიზებს უწყობენ" თანავარსკვლავედების ჩვეულ მოხაზულობებს და შეიძლება ახალბედებში დაბნეულობა გამოიწვიონ. საუბარია პ ლ ა ნ ე ტ ე ბ ზ ე ; თუმცა, არა ყველა, არამედ – ყველაზე კაშკაშა ობიექტებზე.

    თავიდანვე გამოვრიცხოთ მერკური, რომელიც გამუდმებით ეფარება განთიადის სხივებს და ჩვენთან ვარსკვლავიერი ცის ფონზე თითქმის არასოდეს მოჩანს. ურანი, ნეპტუნი და პლუტონი ასევე არ გვიშლიან ხელს ვარსკვლავიერ ცაზე დაკვირვებისას, ვინაიდან მათი ხილული ბრწყინვალება მცირეა. იგივე მიზეზის გამო, ცაზე არ მოჩანს  მცირე პლანეტებიც – ა ს ტ ე რ ო ი დ ე ბ ი ს  ს ა რ ტ ყ ე ლ ი .

    სამაგიეროდ, ოთხი პლანეტა: ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი – დედამიწის ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტებს განეკუთვნებიან და ახალბედებს ისინი იოლად ერევათ კაშკაშა ვარსკვლავებში (სურათი 262). ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა მყარად დავიმახსოვროთ ზოდიაქოს ცამეტი თანავარსკვლავედი. აქ შედის ე.წ. "ასტროლოგიური" თორმეტი თანავარსკვლავედი და მივუმატოთ მათ გველისმჭერიც – გაუგებარი მიზეზების გამო ის დღემდე ოფიციალურად არ მიეკუთვნებოდა ზოდიაქოს, მაგრამ, ვინაიდან ეკლიპტიკის მნიშვნელოვან უბანს მოიცავს, 2016 წელს საერთაშორისო ასტრონომიული ყრილობის შედეგად, გ ვ ე ლ ი ს მ ჭ ე რ ს  ზოდიაქური თანავარსკვლავედის სტატუსი ოფიციალურად აღუდგა. – აი, ასე მცდარად "მანიპულირებენ" ე.წ. "ასტროლოგები"  ადამიანთა ბედით.

სურ. 262. იუპიტერი და მისი თანამგზავრები ცაზე. ამ გადიდებით პლანეტები იოლად შეიძლება ვარსკვლავებში აგვერიოს. ავტორი კახა გოგოლაშვილი. Nikon p520 42X

    ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი დედამიწის ცაზე  მხოლოდ ზოდიაქურ თანავარსკვლავედებში დაიკვირვება. მათი სხვა დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ კაშკაშა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, პლანეტები შესამჩნევად  არ ციმციმებენ. აქვე დავამატებთ, რომ ჰორიზონტთან ახლოს ან ძალზე მშფოთვარე ატმოსფეროს პირობებში პლანეტებიც ციმციმებენ.

    ჩამოთვლილი პლანეტებიდან თითოეულს დამახასიათებელი შეფერილობა აქვს. ვენერა – ჭახჭახა თეთრი ფერისაა, იუპიტერი – მოყვითალო-თეთრი, მარსი – მოწითალო, ხოლო სატურნი – მღვრიე ყვითელი.

    ვენერა ცამრგვალზე დასავლეთით ან აღმოსავლეთით მოჩანს და განთიადის ან მწუხრის სხივებში, ყველა ვარსკვლავზე ადრე გამოჩნდება (მაქსიმალური ბრწყინვალების დროს) (სურათი 263).  

სურ. 263. ვენერა მზის ჩასვლის შემდეგ, დასავლეთით. ავტორი – მარიკა ტარასაშვილი. Canon PowerShot SX10 IS

    მარსი, იუპიტერი და სატურნი ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მოჩანდნენ (სურათი 264). მზიდან და დედამიწიდან სხვა პლანეტების დაშორების მანძილი განუწყვეტლივ იცვლება, რის გამოც გამუდმებით იცვლება მათი ხილული ბრწყინვალებაც. ვენერა სიკაშკაშით ყველა პლანეტას აღემატება, მისი მაქსიმალური ბრწყინვალებაა -4m,8. მარსის მაქსიმალური ბრწყინვალებაა-1m,6. იუპიტერის -2m,3, სატურნის -0m,9. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პლანეტის ბრწყინვალება ძალზე შესამჩნევ ფარგლებში იცვლება. მაგალითად, მაქსიმალური დაშორების დროს მარსი 2m მოწითალო ფერის უღიმღამო ვარსკვლავად წარმოგვიდგება.

სურ. 264. მოყვარული ასტროფოტოგრაფის, ალექსანდრე დვალის მიერ ტელესკოპით და ციფრული კამერით გადაღებული იუპიტერი და სატურნი. Celestron NexStar 90SLT + Orion 52179 StarShoot Solar System Color Imaging camera.Registax5, PhotoshopCS5.1

    და ბოლოს, პლანეტების  ("მოხეტიალე მნათობების", "ცთომილების" ) მთავარი თავისებურებაა მათი გადანაცვლება თანავარსკვლავედების ფონზე. თუ ვარსკვლავიერ რუკაზე შეძლებისდაგვარად ზუსტად აღვიშნავთ პლანეტის მდებარეობას, ხოლო ორი-სამი კვირის შემდეგ გავიმეორებთ, ვარსკვლავთა ფონზე პლანეტების გადანაცვლება ცხადი გახდება (ცოტა არ იყოს, ძნელად შეიმჩნევა სატურნისათვის).

    ასე რომ, ზოდიაქური თანავარსკვლავედების შესწავლისას, მზად იყავით, რომ იქ შესაძლოა რომელიმე კაშკაშა პლანეტას გადაეყაროთ. თუმცა, კონკრეტული მონაცემები პლანეტების ხილვადობაზე იოლად შეიძლება მივიღოთ წინასწარ – ეს ყოველწლიურ ასტრონომიულ კალენდარში მოყვანილი მონაცემებითაა შესაძლებელი (სურათი 265). გარდა ამისა, არსებობს უამრავი ინტერნეტ-რესურსი და ინდივიდუალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევენ ასტრონომიის მოყვარულთ.

სურ. 265. "ასტრონომიული კალენდარი" (წელიწდეული) – ქართული ასტრონომიული კატალოგი, რომელიც 1961 წლიდან გამოდის

    ასე რომ, ვარსკვლავიერი ცის უმთავრეს ძვირფასეულობებს ჩვენ უკვე გავეცანით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველადი და ზედაპირული ნაცნობობაა; მაგრამ თუკი თქვენ გაგიტაცათ ამ ნაცნობობამ, და თუ თქვენში ციურ სხეულთა გასაოცარი მრავალფეროვნების უფრო ღრმად შესწავლის სურვილმაც გაიღვიძა, მისსია შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

Sunday, May 28, 2017

ანტარქტიკის ვარსკვლავიერი ცა

    სამხრეთის ვარსკვლავიერი ცის სრული აღწერა ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. ეს ბლოგი მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. თუმცა დღეს, მოგზაურობათა ხანაში, თითქმის ყველას შეიძლება მოუწიოს სამხრეთის ვარსკვლავიერი ცის ხილვა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ მოწოდებული ზოგადი აღწერა დიდ დახმარებას გაუწევს მოგზაურს, თუკი ის უცნობი, მაგრამ უმშვენიერესი სანახაობის ლაბირინთებში გარკვევას მოისურვებს.

    გონებრივად გადავინაცვლოთ  ა ნ ტ ა რ ქ ტ ი კ ი ს  მკაცრი მატერიკის ცენტრში – იქ, სადაც მბრწყინავ ვარსკვლავიერ უსასრულობაში, დედამიწის წარმოსახვითი ღერძია მიმართული. ჩრდილოეთში, რამდენი მნათობიც არ უნდა იმყოფებოდეს ამ ღერძის სიახლოვეს, ვერცერთი მათგანი პოლარულ ვარსკვლავს ბრწყინვალებით ვერ შეედრება. რაც შეეხება სამხრეთის პოლუსს, ის კაშკაშა ვარსკვლავებით ღარიბ ოქტანტის თანავარსკვლავედში განთავსდება (სურათი 248). ეს თანავარსკვლავედი საკმაოდ დიდი წარმონაქმნია, თუმცა აქ მხოლოდ სამი ვარსკვლავია 5m-ზე უფრო კაშკაშა და ისინიც შორს იმყოფებიან პოლუსიდან. სამხრეთის ცაზე პოლარული ვარსკვლავის როლს მცირედ შესამჩნევი 6m მნათობი – ოქტანტის σ ასრულებს. ის პოლუსიდან 54' მანძილზე იმყოფება, თუმცა უმნიშვნელო ბრწყინვალების გამო, გზამკვლევის როლი კაცობრიობის ისტორიაში მას არასოდეს შეუსრულებია.

 სურ. 248. ანტარქტიკის ცის თანავარსკვლავედები

    სამხრეთ პოლუსის ცაზე, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ხუთი ძალიან კაშკაშა, უცნობი ვარსკვლავი. მათ შორის ყველაზე კაშკაშა ბრწყინვალებით მხოლოდ სირიუსს თუ ჩამოუვარდება. ეს კანოპუსია, გემის ხერხემალის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი. დედამიწიდან მნიშვნელოვანი დაშორების მიუხედავად (კანოპუსამდე 180 სინათლის წელია), გემის ხერხემალის α წარმატებით ეჯიბრება სირიუსს. დედამიწის ცაზე ის 0m,9 მნათობია, ხოლო სინამდვილეში ის მოყვითალო ზეგიგანტია ზედაპირის ტემპერატურით 7600ºK. კანოპუსი ჩვენს მზეს დიამეტრში 85-ჯერ აღემატება, ხოლო ნათობით - 1900-ჯერ. ყურადღებას იპყრობს ასევე აქერნარი - ჩვენთვის უკვე ცნობილი ერიდანუსის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი. 15600ºK ზედაპირის ტემპერატურის მქონე თეთრი ზეგიგანტი მზეზე 800-ჯერ მეტ სინათლეს გამოასხივებს და დიამეტრით მას 3,4-ჯერ აღემატება. დედამიწის ცაზე ის 0m,6 ვარსკვლავია, ჩვენგან 43,5 პს მანძილზე იმყოფება (სურათი 249).

    სამი დანარჩენი კაშკაშა მნათობი ცაზე ერთმანეთის მეზობლად განთავსდება. ესენია: კენტავრის α და β და სამხრეთის ჯვარის α. მათი ბრწყინვალება, შესაბამისად, 0m,3, 0m,9 და 1m,4 ტოლია. ასე რომ, კენტავრის α დედამიწის მთელ ცაზე ბრწყინვალებით მესამე ვარსკვლავია (სირიუსისა და კანოპუსის შემდეგ).

    კენტავრის β და სამხრეთის ჯვარის α ერთმანეთის მსგავსია – ორივე ძალზე ცხელი, თეთრი ზეგიგანტია ზედაპირის ტემპერატურით 22500 ºK. ისინი მზესთან შედარებით 800-ჯერ და 900-ჯერ მეტ სინათლეს გამოასხივებენ. დედამიწიდან 62,5 და 67 პს მანძილებზე იმყოფებიან.

სურ. 249. სამხრეთის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები
 

    30º სიმაღლეზე კიდევ ერთი კაშკაშა მნათობი მოჩანს, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროდანაც დაიკვირვება ხოლმე. ეს ფომალჰაუტია ანუ – სამხრეთის თევზის α. ის ჩვენთან ზაფხულში მოჩანს, ცის სამხრეთ ნახევარზე, ჰორიზონტთან ახლოს. იგი ზომიერი სიდიდის ცისფერი ვარსკვლავია, რომელიც ფიზიკური მახასიათებლებით სირიუსს ან ალტაირს მოგვაგონებს. ნათობით ის მხოლოდ 11-ჯერ, ხოლო დიამეტრით 3,2-ჯერ აღემატება მზეს. ფომალჰაუტი ერთერთი უახლოესი მნათობია, ის მხოლოდ 70 პს მანძილზე იმყოფება. ბოლო კვლევების მიხედვით, ფომალჰაუტი სამმაგი ვარსკვლავია.  

  საინტერესოა, რომ 2004 წელს, სპეციალური ტექნოლოგის საშუალებით, ვარსკვლავთან მდებარე მოზრდილი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც ყველა პარამეტრებით პლანეტა უნდა ყოფილიყო. მას ფომალჰაუტ–b უწოდეს და წლების განმავლობაში ის ერთერთ პირველ  ე გ ზ ო პ ლ ა ნ ე ტ ა დ  (პლანეტა, რომელიც სრბოლავს სხვა ვარსკვლავის, არა ჩვენი მზის გარშემო) იწოდებოდა, რომლის ფოტოგრაფირებაც უშუალოდ განხორციელდა.

   სამწუხაროდ, მალე  ფომალჰაუტ–b-მ გაფერმკრთალება დაიწყო და 2014 წლიდან სრულიად გაუჩინარდა (სურათი 250). როგორც აღმოჩნდა, ეს ობიექტი მხოლოდ მტვრისა და ყინულის დიდი გროვა იყო! თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ფომალჰაუტ–b სპეციალური ფოტოგრაფიული მეთოდით დაფიქსირებული პირველი პლანეტა არ არის, ხოლო ეგზოპლანეტების პირდაპირი გადაღების მეთოდმა მეცნიერების მოლოდინი ნამდვილად გაამართლა - მას შემდეგ ათიათასობით პლანეტა იქნა სხვა ვარსკვლავების გარშემო აღმოჩენილი და დადასტურებული.

სურ. 250. ცრუ პლანეტა ფომალჰაუტ–b და მისის გაქრობის თანმიმდევრობა -   ნამდვილი სურათი, NASA/ ESA/ ა. გასპარ/ გ. რიეკე (არიზონას უნივერსიტეტი)/ Hubblesite.

    ყურადღებით დააკვირდით სამხრეთის ვარსკვლავიერი ცის რუკას. უცნობ თანავარსკვლავედებს შორის ცოტაა ისეთი, რომლებსაც გამოხატული, ადვილად დასამახსოვრებელი მოხაზულობები აქვს. მათ შორის სახელგანთქმული სამხრეთის ჯვარი ყველაზე ლამაზია. ასე მას ჯერ კიდევ მაგელანის თანამედროვეებმა უწოდეს XVI საუკუნეში. მართლაც, ოთხი კაშკაშა ვარსკვლავი (α, β, γ და δ) წარმოსახვითი ციური ჯვრის კიდეებს მოგვაგონებს. იქვეა კენტავრის თანავარსკვლავედი, რომელიც კაშკაშა (α, β და ε) ვარსკვლავების სამკუთხედით ხასიათდება (სურათი 251). გემის ხერხემალის, კიჩოსა და იალქნების თანავარსკვლავედებში, რომლებიც ოდესღაც არგოს თანავარსკვლავედში იყო გაერთიანებული, ბევრია კაშკაშა, მაგრამ – უწესრიგოდ გაბნეული ვარსკვლავი. ყოვლად შეუძლებელია აქ უძველესი გემის მოხაზულობა დაინახო. კიდევ უფრო ნაკლებად შეესაბამებიან თავიანთ მოხაზულობებს სამხრეთის ცის დანარჩენი თანავარსკვლავედები: ქამელეონი, მხატვარი და სხვები (სურათი 248).

სურ 251. კენტავრი და სამხრეთის ჯვარი და მათი საინტერესო ობიექტები

    ანტარქტიკის ვარსკვლავიერ ცაზე ტელესკოპით უამრავი ორჯერადი და ჯერადი ვარსკვლავის, ვარსკვლავიერი გროვებისა და ნისლეულის დანახვაა შესაძლებელი. ავირჩიოთ მათგან მხოლოდ ყველაზე გამორჩეული, ან თუნდაც უნიკალური ობიექტები, რომელთა მსგავსი ჩვენს ცაზე არ გვხვდება.

     ანტარქტიდის ცის მთავარი მნათობი, უეჭველია არის კენტავრის α ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავი. "ჩვენი მეზობელი მზე" – ასე უწოდებენ მას ასტრონომები. და, აი რატომ..

    კენტავრის α – სამმაგი ვარსკვლავია. მთავარ ყვითელ ვარსკვლავს, რომელიც ძალიან ჰგავს მზეს, 17'',7 კუთხურ მანძილზე ჰყავს ძალზე კაშკაშა 1m,7 ნარინჯისფერი თანამგზავრი. ამ თანამგზავრის ზედაპირული ტემპერატურა მხოლოდ 4400ºK შეადგენს და მზეს ბრწყინვალებით თითქმის სამჯერ ჩამორჩება. მასითა და ზომით ორივე ვარსკვლავი მზის მსგავსია, ხოლო მათი გარემოქცევის პერიოდი 80 წელს შეადგენს. ამ სამმაგი სისტემის მესამე კომპონენტია პროქსიმა (ანუ "უახლოესი"). ის ჩვენთან 2400 ა.ე. უფრო ახლოსაა, ვიდრე მთავარი ყვითელი ვარსკვლავი (სურათი 252).

სურ. 252.  კენტავრის α –ს  სამჯერადი ვარსკვლავიერი სისტემა – ნამდვილი სურათი. ორბიტული ტელესკოპი "Hubble". (NASA/ESA)


    კენტავრის პროქსიმა ცივი წითელი ჯუჯაა, რომელიც მზეზე 20 000-ჯერ ნაკლებ სინათლეს გამოასხივებს. პროქსიმასა და მთავარ კომპონენტებს შორის კუთხური მანძილი ძალიან დიდია და დაახლოებით ოთხი მთვარის ხილული განიკვეთის ტოლია. პროქსიმა რომ ისეთი უბრალო ვარსკვლავით შეგვეცვალა, როგორიცაა მაგ. ჩვენი მზე, კენტავრის თანავარსკვლავედი დედამიწის ცის ულამაზეს სამჯერად ვარსკვლავად იქცეოდა. მაგრამ პროქსიმა – 11m ვარსკვლავიერი სიდიდის პაწია წითელი მნათობია, რომელიც სრულიად იკარგება სხვა უამრავ "ტელესკოპურ" მნათობს შორის. პროქსიმას გარემოქცევის პერიოდი, სისტემის სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო, ძალიან დიდია და რამდენიმე ათას წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

    2016 წელს კენტავრის პროქსიმას სასიცოცხლო ზონაში დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პლანეტაზე მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ლაზერულ–იმპულსური ტექნოლოგიის გამოყენებით, მიკრო–ზონდი გაიგზავნოს.

 გემის ხერხემალის თანავარსკვლავედში ორი ძალიან კაშკაშა და ჩვენთან  ახლომდებარე გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა განთავსდება. მათ შორის პირველი – 60, ხოლო მეორე – 150 ვარსკვლავისაგან შედგება. ორივე გროვა დედამიწიდან 400 პს მანძილზეა. (სურათი 253, 254).

სურ. 253. გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა IC 2602, ანუ "სამხრეთის პლეადები"

სურ. 254. გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა NGC 3532

    ფრიად ეფექტურია ორი სფერული ვარსკვლავიერი გროვა - ტუკანის 47 და კენტავრის ω. მათი ინტეგრალური ბრწყინვალება 5m ფარგლებშია, ხოლო მათი ხილული განიკვეთები, შესაბამისად, 54' და 65' ტოლია, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ყველა დანარჩენი სფერული ვარსკვლავიერი გროვის კუთხურ განიკვეთს. (სურათი 255, 256). ამ გროვებამდე მანძილებია 5,8 და 5,0 პს. სფერული ვარსკვლავიერი გროვა ტუკანის 47 – უდიდესია დღემდე ცნობილ ყველა სფერულ ვარსკვლავიერ გროვას შორის: ის ათეულობით მილიონ ვარსკვლავს აერთიანებს!

სურ. 255. სფერული ვარსკვლავიერი გროვა NGC 104, ანუ ტუკანის 47

სურ. 256. სფერული ვარსკვლავიერი გროვა NGC 5139, ანუ კენტავრის ω

    თუმცა, რაც მართლა უნიკალურია, ეს ცნობილი მაგელანის ღრუბლებიადიდი და მცირე. პირველი მათგანი ოქროს თევზის თანავარსკვლავედში მოჩანს, ხოლო მეორე – ტუკანის. ბნელ ვარსკვლავიერ რამეებში ისინი მართლაც უცნაურად გამოიყურებიან – თითქოს-და ცამრგვალზე რაღაცნაირი მანათობელი ღრუბლები დაუბნევიათო.

    დიდი ღრუბელი ფორმით თითქოს-და სეინერის ბორბალს მოგვაგონებს, მაგელანის მცირე ღრუბელი – მოკრივის საწვრთნელ "მსხალს". ცაზე მაგელანის ღრუბლებს მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს. დიდი ღრუბლის განიკვეთი 12m შეადგენს, რაც მთვარის დისკის განიკვეთს 24-ჯერ აღემატება. პატარა ღრუბლის განიკვეთი 8m -ია (სურათი 257).

სურ. 257. მაგელანის დიდი და მცირე ღრუბლები ავსტრალიის თავზე

    მაგელანის ღრუბლები პირველად მაგელანის თანამგზავრმა და მისმა ბიოგრაფმა – პიგაფეტემ აღწერა. თვითმხილველები ყოველთვის აღნიშნავენ ამ ღრუბლების მსგავსებას ირმის ნახტომთან: მაგელანის ღრუბლები თითქოს მისი მოგლეჯილი ნაკუწებია. აქ მხოლოდ გარეგნულ მსგავსებასთან როდი გვაქვს საქმე: ტელესკოპური დაკვირვებები ამ საოცარი წარმონაქმნების საიდუმლოს გვიმხელს; დიახ, ეს უზარმაზარი, ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავიერი სისტემებია, ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრები. ისინი მრავალ ათეულობით მილიონ ვარსკვლავებს მოიცავენ, რომელთა შორის აღმოჩენილია 2000-ზე მეტი ცვალებადი, რამდენიმე ათეული ვარსკვლავიერი გროვა და ნისლეული. სინათლის სხივებს თითქმის 125 000 წელიწადი სჭირდება, რომ მაგელანის ღრუბლებამდე მიაღწიოს, მაშინ როდესაც მათ ცენტრებს შორის მანძილი თითქმის ორჯერ მცირეა.

    მაგელანის ღრუბლები ზომებში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან არა მარტო ანდრომედას, არამედ ჩვენს გალაქტიკასაც. მიუხედავად ამისა, მაგელანის დიდი ღრუბლის განიკვეთი 20000, ხოლო მცირე ღრუბლის – 17 000 სინათლის წელიწადს შეადგენს. დიდი ღრუბელი მხოლოდ სამკუთხედში არსებულ M33 გალაქტიკას თუ შეედრება (9 კპს განიკვეთით) და, რომ არა ჩვენს გალაქტიკასთან სიახლოვე, ორივე ღრუბელი სრულყოფილ და დამოუკიდებელ ვარსკვლავიერ სისტემებად ჩაითვლებოდა.

    ვარსკვლავიერი ცის სამხრეთ ნახევარსფეროს ზოგიერთი ვარსკვლავი ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელია. სამწუხაროდ, ამ სიაში ხვდება მაგელანის ღრუბლებიც და ჩვენს მიერ აღწერილს ღირსშესანიშნაობათა უმეტესობა. რაც შეეხება კანოპუსს, მისი დანახვა შესაძლებელია ზამთრის ღამეებში, ჰორიზონტთან ძალიან ახლოს. ამიტომ, დავჯერდეთ სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედთა იმ ჩამონათვალს, რომლებზე დაკვირვებაც შესაძლებელია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლებისათვის. მაგალითად, ცის სამხრეთ ნაწილში, ჰორიზონტთან ახლოს, შესაძლებელია სამხრეთის შემდეგი თანავარსკვლავედების დანახვა:

1. შემოდგომის საღამოობით – სამხრეთის თევზი (ფომალჰაუტით), მოქანდაკე, ღუმელი;
2. ზამთრის საღამოობით – საჭრისი, მტრედი, კიჩო, კომპასი;
3. გაზაფხულის საღამოობით – ტუმბო, კენტავრი, მგელი;
4. ზაფხულის საღამოობით – მიკროსკოპი.

    მეორეს მხრივ, საინტერესოა, რომ სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიკის ცენტრში, ჩვენთვის ნაცნობი უამრავი თანავარსკვლავედი შეიძლება ვიხილოთ. კერძოდ: დიდი ძაღლი (სირიუსით), მორიელი, მშვილდოსანი, თხისრქა და სხვა. სამშობლოში ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით ამ თანავარსკვლავედებს, რომლებიც ანტარქტიკის ვარსკვლავიერი ცის მუდმივ მშვენებას წარმოადგენენ (სურათი 243).