სამხრეთ პოლუსის ცაზე, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ხუთი ძალიან კაშკაშა, უცნობი ვარსკვლავი. მათ შორის ყველაზე კაშკაშა ბრწყინვალებით მხოლოდ სირიუსს თუ ჩამოუვარდება. ეს კანოპუსია, გემის ხერხემალის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი. დედამიწიდან მნიშვნელოვანი დაშორების მიუხედავად (კანოპუსამდე 180 სინათლის წელია), გემის ხერხემალის α წარმატებით ეჯიბრება სირიუსს. დედამიწის ცაზე ის 0m,9 მნათობია, ხოლო სინამდვილეში ის მოყვითალო ზეგიგანტია ზედაპირის ტემპერატურით 7600ºK. კანოპუსი ჩვენს მზეს დიამეტრში 85-ჯერ აღემატება, ხოლო ნათობით - 1900-ჯერ. ყურადღებას იპყრობს ასევე აქერნარი - ჩვენთვის უკვე ცნობილი ერიდანუსის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი. 15600ºK ზედაპირის ტემპერატურის მქონე თეთრი ზეგიგანტი მზეზე 800-ჯერ მეტ სინათლეს გამოასხივებს და დიამეტრით მას 3,4-ჯერ აღემატება. დედამიწის ცაზე ის 0m,6 ვარსკვლავია, ჩვენგან 43,5 პს მანძილზე იმყოფება (სურათი 249).
სამი დანარჩენი კაშკაშა მნათობი ცაზე ერთმანეთის მეზობლად განთავსდება. ესენია: კენტავრის α და β და სამხრეთის ჯვარის α. მათი ბრწყინვალება, შესაბამისად, 0m,3, 0m,9 და 1m,4 ტოლია. ასე რომ, კენტავრის α დედამიწის მთელ ცაზე ბრწყინვალებით მესამე ვარსკვლავია (სირიუსისა და კანოპუსის შემდეგ).
კენტავრის β და სამხრეთის ჯვარის α ერთმანეთის მსგავსია – ორივე ძალზე ცხელი, თეთრი ზეგიგანტია ზედაპირის ტემპერატურით 22500 ºK. ისინი მზესთან შედარებით 800-ჯერ და 900-ჯერ მეტ სინათლეს გამოასხივებენ. დედამიწიდან 62,5 და 67 პს მანძილებზე იმყოფებიან.
30º სიმაღლეზე კიდევ ერთი კაშკაშა მნათობი მოჩანს, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროდანაც დაიკვირვება ხოლმე. ეს ფომალჰაუტია ანუ – სამხრეთის თევზის α. ის ჩვენთან ზაფხულში მოჩანს, ცის სამხრეთ ნახევარზე, ჰორიზონტთან ახლოს. იგი ზომიერი სიდიდის ცისფერი ვარსკვლავია, რომელიც ფიზიკური მახასიათებლებით სირიუსს ან ალტაირს მოგვაგონებს. ნათობით ის მხოლოდ 11-ჯერ, ხოლო დიამეტრით 3,2-ჯერ აღემატება მზეს. ფომალჰაუტი ერთერთი უახლოესი მნათობია, ის მხოლოდ 70 პს მანძილზე იმყოფება. ბოლო კვლევების მიხედვით, ფომალჰაუტი სამმაგი ვარსკვლავია.
საინტერესოა, რომ 2004 წელს, სპეციალური ტექნოლოგის საშუალებით, ვარსკვლავთან მდებარე მოზრდილი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც ყველა პარამეტრებით პლანეტა უნდა ყოფილიყო. მას ფომალჰაუტ–b უწოდეს და წლების განმავლობაში ის ერთერთ პირველ ე გ ზ ო პ ლ ა ნ ე ტ ა დ (პლანეტა, რომელიც სრბოლავს სხვა ვარსკვლავის, არა ჩვენი მზის გარშემო) იწოდებოდა, რომლის ფოტოგრაფირებაც უშუალოდ განხორციელდა.
სამწუხაროდ, მალე ფომალჰაუტ–b-მ გაფერმკრთალება დაიწყო და 2014 წლიდან სრულიად გაუჩინარდა (სურათი 250). როგორც აღმოჩნდა, ეს ობიექტი მხოლოდ მტვრისა და ყინულის დიდი გროვა იყო! თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ფომალჰაუტ–b სპეციალური ფოტოგრაფიული მეთოდით დაფიქსირებული პირველი პლანეტა არ არის, ხოლო ეგზოპლანეტების პირდაპირი გადაღების მეთოდმა მეცნიერების მოლოდინი ნამდვილად გაამართლა - მას შემდეგ ათიათასობით პლანეტა იქნა სხვა ვარსკვლავების გარშემო აღმოჩენილი და დადასტურებული.
სურ. 250. ცრუ პლანეტა ფომალჰაუტ–b და მისის გაქრობის თანმიმდევრობა - ნამდვილი სურათი, NASA/ ESA/ ა. გასპარ/ გ. რიეკე (არიზონას უნივერსიტეტი)/ Hubblesite. |
ანტარქტიკის ვარსკვლავიერ ცაზე ტელესკოპით უამრავი ორჯერადი და ჯერადი ვარსკვლავის, ვარსკვლავიერი გროვებისა და ნისლეულის დანახვაა შესაძლებელი. ავირჩიოთ მათგან მხოლოდ ყველაზე გამორჩეული, ან თუნდაც უნიკალური ობიექტები, რომელთა მსგავსი ჩვენს ცაზე არ გვხვდება.
ანტარქტიდის ცის მთავარი მნათობი, უეჭველია არის კენტავრის α – ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავი. "ჩვენი მეზობელი მზე" – ასე უწოდებენ მას ასტრონომები. და, აი რატომ..
კენტავრის α – სამმაგი ვარსკვლავია. მთავარ ყვითელ ვარსკვლავს, რომელიც ძალიან ჰგავს მზეს, 17'',7 კუთხურ მანძილზე ჰყავს ძალზე კაშკაშა 1m,7 ნარინჯისფერი თანამგზავრი. ამ თანამგზავრის ზედაპირული ტემპერატურა მხოლოდ 4400ºK შეადგენს და მზეს ბრწყინვალებით თითქმის სამჯერ ჩამორჩება. მასითა და ზომით ორივე ვარსკვლავი მზის მსგავსია, ხოლო მათი გარემოქცევის პერიოდი 80 წელს შეადგენს. ამ სამმაგი სისტემის მესამე კომპონენტია პროქსიმა (ანუ "უახლოესი"). ის ჩვენთან 2400 ა.ე. უფრო ახლოსაა, ვიდრე მთავარი ყვითელი ვარსკვლავი (სურათი 252).
სურ. 252. კენტავრის α –ს სამჯერადი ვარსკვლავიერი სისტემა – ნამდვილი სურათი. ორბიტული ტელესკოპი "Hubble". (NASA/ESA) |
კენტავრის პროქსიმა – ცივი წითელი ჯუჯაა, რომელიც მზეზე 20 000-ჯერ ნაკლებ სინათლეს გამოასხივებს. პროქსიმასა და მთავარ კომპონენტებს შორის კუთხური მანძილი ძალიან დიდია და დაახლოებით ოთხი მთვარის ხილული განიკვეთის ტოლია. პროქსიმა რომ ისეთი უბრალო ვარსკვლავით შეგვეცვალა, როგორიცაა მაგ. ჩვენი მზე, კენტავრის თანავარსკვლავედი დედამიწის ცის ულამაზეს სამჯერად ვარსკვლავად იქცეოდა. მაგრამ პროქსიმა – 11m ვარსკვლავიერი სიდიდის პაწია წითელი მნათობია, რომელიც სრულიად იკარგება სხვა უამრავ "ტელესკოპურ" მნათობს შორის. პროქსიმას გარემოქცევის პერიოდი, სისტემის სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო, ძალიან დიდია და რამდენიმე ათას წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.
2016 წელს კენტავრის პროქსიმას სასიცოცხლო ზონაში დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პლანეტაზე მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ლაზერულ–იმპულსური ტექნოლოგიის გამოყენებით, მიკრო–ზონდი გაიგზავნოს.
გემის ხერხემალის თანავარსკვლავედში ორი ძალიან კაშკაშა და ჩვენთან ახლომდებარე გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა განთავსდება. მათ შორის პირველი – 60, ხოლო მეორე – 150 ვარსკვლავისაგან შედგება. ორივე გროვა დედამიწიდან 400 პს მანძილზეა. (სურათი 253, 254).
სურ. 254. გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა NGC 3532 |
თუმცა, რაც მართლა უნიკალურია, ეს ცნობილი მაგელანის ღრუბლებია – დიდი და მცირე. პირველი მათგანი ოქროს თევზის თანავარსკვლავედში მოჩანს, ხოლო მეორე – ტუკანის. ბნელ ვარსკვლავიერ რამეებში ისინი მართლაც უცნაურად გამოიყურებიან – თითქოს-და ცამრგვალზე რაღაცნაირი მანათობელი ღრუბლები დაუბნევიათო.
დიდი ღრუბელი ფორმით თითქოს-და სეინერის ბორბალს მოგვაგონებს, მაგელანის მცირე ღრუბელი – მოკრივის საწვრთნელ "მსხალს". ცაზე მაგელანის ღრუბლებს მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს. დიდი ღრუბლის განიკვეთი 12m შეადგენს, რაც მთვარის დისკის განიკვეთს 24-ჯერ აღემატება. პატარა ღრუბლის განიკვეთი 8m -ია (სურათი 257).
მაგელანის ღრუბლები პირველად მაგელანის თანამგზავრმა და მისმა ბიოგრაფმა – პიგაფეტემ აღწერა. თვითმხილველები ყოველთვის აღნიშნავენ ამ ღრუბლების მსგავსებას ირმის ნახტომთან: მაგელანის ღრუბლები თითქოს მისი მოგლეჯილი ნაკუწებია. აქ მხოლოდ გარეგნულ მსგავსებასთან როდი გვაქვს საქმე: ტელესკოპური დაკვირვებები ამ საოცარი წარმონაქმნების საიდუმლოს გვიმხელს; დიახ, ეს უზარმაზარი, ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავიერი სისტემებია, ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრები. ისინი მრავალ ათეულობით მილიონ ვარსკვლავებს მოიცავენ, რომელთა შორის აღმოჩენილია 2000-ზე მეტი ცვალებადი, რამდენიმე ათეული ვარსკვლავიერი გროვა და ნისლეული. სინათლის სხივებს თითქმის 125 000 წელიწადი სჭირდება, რომ მაგელანის ღრუბლებამდე მიაღწიოს, მაშინ როდესაც მათ ცენტრებს შორის მანძილი თითქმის ორჯერ მცირეა.
მაგელანის ღრუბლები ზომებში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან არა მარტო ანდრომედას, არამედ ჩვენს გალაქტიკასაც. მიუხედავად ამისა, მაგელანის დიდი ღრუბლის განიკვეთი 20000, ხოლო მცირე ღრუბლის – 17 000 სინათლის წელიწადს შეადგენს. დიდი ღრუბელი მხოლოდ სამკუთხედში არსებულ M33 გალაქტიკას თუ შეედრება (9 კპს განიკვეთით) და, რომ არა ჩვენს გალაქტიკასთან სიახლოვე, ორივე ღრუბელი სრულყოფილ და დამოუკიდებელ ვარსკვლავიერ სისტემებად ჩაითვლებოდა.
ვარსკვლავიერი ცის სამხრეთ ნახევარსფეროს ზოგიერთი ვარსკვლავი ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელია. სამწუხაროდ, ამ სიაში ხვდება მაგელანის ღრუბლებიც და ჩვენს მიერ აღწერილს ღირსშესანიშნაობათა უმეტესობა. რაც შეეხება კანოპუსს, მისი დანახვა შესაძლებელია ზამთრის ღამეებში, ჰორიზონტთან ძალიან ახლოს. ამიტომ, დავჯერდეთ სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედთა იმ ჩამონათვალს, რომლებზე დაკვირვებაც შესაძლებელია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლებისათვის. მაგალითად, ცის სამხრეთ ნაწილში, ჰორიზონტთან ახლოს, შესაძლებელია სამხრეთის შემდეგი თანავარსკვლავედების დანახვა:
1. შემოდგომის საღამოობით – სამხრეთის თევზი (ფომალჰაუტით), მოქანდაკე, ღუმელი;
2. ზამთრის საღამოობით – საჭრისი, მტრედი, კიჩო, კომპასი;
3. გაზაფხულის საღამოობით – ტუმბო, კენტავრი, მგელი;
4. ზაფხულის საღამოობით – მიკროსკოპი.
მეორეს მხრივ, საინტერესოა, რომ სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიკის ცენტრში, ჩვენთვის ნაცნობი უამრავი თანავარსკვლავედი შეიძლება ვიხილოთ. კერძოდ: დიდი ძაღლი (სირიუსით), მორიელი, მშვილდოსანი, თხისრქა და სხვა. სამშობლოში ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით ამ თანავარსკვლავედებს, რომლებიც ანტარქტიკის ვარსკვლავიერი ცის მუდმივ მშვენებას წარმოადგენენ (სურათი 243).
No comments:
Post a Comment