ამ თანავარსკვლავედზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით. მასში მხოლოდ 35 ვარსკვლავია, რომელიც შეუიარაღებელი თვალით დაიკვირვება. აქედან მხოლოდ ერთია
4m-ზე უფრო კაშკაშა (სურათი 247).
მთავარი ვარსკვლავი α – ცხელი ცისფერი გიგანტია, რომელიც დედამიწიდან 28 პარსეკ მანძილზე იმყოფება. მისი მსგავსი ობიექტები აურაცხელი რაოდენობითაა ჩვენს ვარსკვლავიერ სისტემაში.
1936 წლის ზაფხულში, როდესაც ასტრონომთა ერთი ჯგუფი ყაზახეთში მზის სრულ დაბნელებას აკვირდებიდა, მოსკოველმა მოყვარულმა ასტრონომმა – სერგეი ნორმანმა ხვლიკის თანავარსკვლავედში ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა. ეს მორიდებული, ცისფერთვალება ახალგაზრდა ბავშვობიდან იყო გატაცებული ასტრონომიით. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ცვალებად ვარსკვლავებს. როგორც ყველა "მეცვალებადემ", მან შესანიშნავად იცოდა თანავარსკვლავედები და მაშინვე შენიშნა ხვლიკის თანავარსკვლავედში აკიაფებული უცნობი ვარსკვლავი. სამწუხაროდ, იგი ძალიან ადრე დაიღუპა მძიმე დაავადებისაგან, მაგრამ სამუდამოდ ჩაეწერა ასტრონომიული აღმოჩენების ისტორიაში.
ხვლიკის ახალმა 1936 წელს 2m,1 ვარსკვლავიერ სიდიდეს მიაღწია, ანუ – სიკაშკაშით დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავებს გადააჭარბა. მიაღწია რა ბრწყინვალების მაქსიმუმს, ამ ტიპიურმა ახალმა კლება იწყო და საბოლოოდ 15m,3-მდე გაფერმკრთალდა. ახლა უკვე, ამ ყოფილ ვარსკვლავზე დაკვირვება მხოლოდ მძლავრი თანამედროვე ტელესკოპებით თუ არის შესაძლებელი. სავსებით მოსალოდნელია, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ის კვლავ ახალი ძალით აფეთქდეს, ვინაიდან ტიპიური ახალი ვარსკვლავები (როგორც ჩანს, ზეახალი ვარსკვლავებისაგან განსხვავებით), არაერთხელ ფეთქდებიან ხოლმე. ვინ იცის, რა წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევს იმ დროისათვის მიწიერი კაცობრიობის ტექნოლოგიური ცივილიზაცია?
აი, აქ კი დასრულდა მოგზაურობა იმ თანავარსკვლავედთა სამყაროში, რომლებიც ჩვენთვის დაკვირვებადია. დროა, ჩვენთვის უხილავი სამხრეთული ვარსკვლავიერი ცის საზღვარზეც გადავაბიჯოთ.
No comments:
Post a Comment