Wednesday, May 31, 2017

ირმის ნახტომი და ზოდიაქო


    ირმის ნახტომი სუსტად მნათი, არათანაბარი და გაურკვეველი მოხაზულობის ზოლია, რომელიც მთელ ცას სარტყელივით გასდევს. მისი სიგანე სხვადასხვაა: ყველაზე ფართო ადგილებში 15º  შეადგენს, ხოლო ყველაზე ვიწრო უბნებში – რამოდენიმე გრადუსს (სურათი 258).
სურ. 258. ასე მოჩანს ირმის ნახტომი ღამის ცაზე. ავტორი – კახა გოგოლაშვილი.
5D MARK 2

    ირმის ნახტომი შემდეგ თანავარსკვლავედებს გაივლის: მარტორქა, პატარა ძაღლი, ორიონი, ტყუპები, კურო, მეეტლე, პერსევსი, ჟირაფი, კასიოპეა, ანდრომედა, ცეფევსი, ხვლიკი, გედი, მელაკუდა, ქნარი, ისარი, არწივი, ფარი, მშვილდოსანი, გველისმჭერი, სამხრეთის გვირგვინი, მორიელი, გონიო, მგელი, სამხრეთის სამკუთხედი, კენტავრი, ფარგალი, სამხრეთის ჯვარი, ბუზი, გემის ხერხემალი, იალქანი, კიჩო.

    ირმის ნახტომის ნაკუწელა შემადგენლობა თვალით მაშინვე შეიმჩნევა. ის ძალზე არაერთგვაროვანია: მქრქალ, ძლივს შესამჩნევ ადგილებს ალაგ-ალაგ იმდენად კაშკაშა ვარსკვლავიერი "ღრუბლები" ენაცვლება, რომ შეიძლება ისინი ჩვეულებრივ წვიმის ღრუბლებში აგვერიოს. ირმის ნახტომის ეს თავისებურება, უმეტესწილად, ორი მიზეზითაა გამოწვეული: 1. გალაქტიკაში მნათობთა ჭეშმარიტად არათანაბარი განაწილებით, სადაც ვარსკვლავიერი ღრუბლები შეიძლება თავისებურ სტრუქტურულ დეტალებად მივიჩნიოთ; 2. მშთანთქმელი გარემოს არსებობით, რომელიც ყველანაირი ზომისა და ფორმის ბნელი ნისლეულების ფორმით არსებობს და ირმის ნახტომს უცნაურ მოხაზულობას ანიჭებს. ამასთან, შეიძლება დავამატოთ, რომ დედამიწის ცაზე, ირმის ნახტომში არსებულ ვარსკვლავთა კონცენტრაცია, ჩვენი გალაქტიკის დისკისებური ფორმის შედეგია (როგორც ეს ადრე აღვნიშნეთ). ჩვენი სისტემა ფორმით სფერული ვარსკვლავიერი გროვის მსგავსი რომ ყოფილიყო, და ჩვენ მის ცენტრთან ახლოს ვიმყოფებოდეთ, ცაზე არავითარი ირმის ნახტომი არ იქნებოდა: ვარსკვლავები მთელ ცამრგვალზე თითქმის თანაბრად იქნებოდა განაწილებული.

    ირმის ნახტომის შიგნით შეიძლება წარმოსახვითი, შუალედური ხაზი გავავლოთ, რომელსაც გალაქტიკური ეკვატორი ეწოდება. ციურ სფეროზე ეს არის დიდი წრე, რომელიც ციური ეკვატორის სიბრტყის მიმართ 62º კუთხითაა დახრილი. ციური ეკვატორი და გალაქტიკური ეკვატორი ორ წერტილში გადაიკვეთება, რომლებიც არწივისა და მარტორქის თანავარსკვლავედებში განთავსდება. გალაქტიკური ეკვატორიდან 90º -ით დაშორებულ წერტილებს გალაქტიკის პოლუსები ეწოდება. გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსი ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედში ძევს  (α=12h40m, δ=+28º), ხოლო სამხრეთ პოლუსი – მოქანდაკის თანავარსკვლავედში (α=0h40m, δ=–28º). გალაქტიკის შესწავლისას უფრო მოხერხებულია კოორდინატთა გალაქტიკური სისტემით სარგებლობა, რომელშიც ძირითადი დიდი წრე – გალაქტიკური ეკვატორია (სურათი 259).

სურ. 260. კოორდინატთა გალაქტიკური სისტემა

    ირმის ნახტომზე დაკვირვებისათვის ყველაზე მოხერხებული დრო – აგვისტოს და სექტემბრის პირველი ნახევრის ბნელი ღამეებია. ირმის ნახტომის ნაფლეთი ხასიათი კარგად ჩანს გედის თანავარსკვლავედში. თუმცა, განსაკუთრებულად ღირსშესანიშნავი – ფარის თანავარსკვლავედში განთავსებული კაშკაშა და სქელი ვარსკვლავიერი ღრუბლებია. ზოგიერთი კაშკაშა ვარსკვლავიერი ღრუბელი შეიძლება მშვილდოსნის თანავარსკვლავედშიც შევნიშნოთ, თუმცა მათი ეფექტურობა ჰორიზონტთან ახლო მდებარეობის გამო მკვეთრად იკლებს.

    დენებიდან დაწყებული, ირმის ნახტომი ჰორიზონტისაკენ ეშვება ორი მანათობელი ნაკადის სახით. ირმის ნახტომში არსებული "დიდი ნაპრალი", როგორც მას უწოდებენ, იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ აქ მრავალრიცხოვანი და ჩვენთან შედარებით ახლოს მყოფი ბნელი ნისლეულები განთავსდება, რომლებიც ირმის ნახტომის მათ მიღმა არსებულ კაშკაშა უბნებს ეფარებიან. ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე, სამხრეთის ჯვარის ახლოს, სახელგანთქმული "ნახშირბადოვანი ტომარა" დაიკვირვება – ირმის ნახტომში არსებული უზარმაზარი "ჩავარდნა", რომელსაც XVII საუკუნის დამკვირვებლები სერიოზულად მიიჩნევდნენ "ცაში არსებულ ხვრელად". აქაც, სინამდვილეში, ჩვენს წინაშეა კოსმოსური "კვამლის" ბნელი ბოლქვები, რომლებიც მაცდური ვარსკვლავიერი სივრცეების თვალიერებაში გვიშლიან ხელს (სურათი 261).

სურ. 261. ე.წ. ნახშირბადოვანი ტომრები – კოსმოსური მტვერის ბნელი ღრუბლები. (c) NASA

    ირმის ნახტომის სტრუქტურის დეტალური შესწავლისათვის შესაძლებელია სპეციალური რუკების გამოყენება, სადაც შეუიარაღებელი თვალით წარმოებულ დაკვირვებებს, ბინოკლით მიღებული შედეგები უნდა შევუთავსოთ.

    დასასრულ, ყურადღებას მივაპყრობთ გარეგნობით მნათობების მსგავსი  ობიექტებისაკენ, რომლებიც თავიანთი არსებობით ხშირად "სიურპიზებს უწყობენ" თანავარსკვლავედების ჩვეულ მოხაზულობებს და შეიძლება ახალბედებში დაბნეულობა გამოიწვიონ. საუბარია პ ლ ა ნ ე ტ ე ბ ზ ე ; თუმცა, არა ყველა, არამედ – ყველაზე კაშკაშა ობიექტებზე.

    თავიდანვე გამოვრიცხოთ მერკური, რომელიც გამუდმებით ეფარება განთიადის სხივებს და ჩვენთან ვარსკვლავიერი ცის ფონზე თითქმის არასოდეს მოჩანს. ურანი, ნეპტუნი და პლუტონი ასევე არ გვიშლიან ხელს ვარსკვლავიერ ცაზე დაკვირვებისას, ვინაიდან მათი ხილული ბრწყინვალება მცირეა. იგივე მიზეზის გამო, ცაზე არ მოჩანს  მცირე პლანეტებიც – ა ს ტ ე რ ო ი დ ე ბ ი ს  ს ა რ ტ ყ ე ლ ი .

    სამაგიეროდ, ოთხი პლანეტა: ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი – დედამიწის ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტებს განეკუთვნებიან და ახალბედებს ისინი იოლად ერევათ კაშკაშა ვარსკვლავებში (სურათი 262). ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა მყარად დავიმახსოვროთ ზოდიაქოს ცამეტი თანავარსკვლავედი. აქ შედის ე.წ. "ასტროლოგიური" თორმეტი თანავარსკვლავედი და მივუმატოთ მათ გველისმჭერიც – გაუგებარი მიზეზების გამო ის დღემდე ოფიციალურად არ მიეკუთვნებოდა ზოდიაქოს, მაგრამ, ვინაიდან ეკლიპტიკის მნიშვნელოვან უბანს მოიცავს, 2016 წელს საერთაშორისო ასტრონომიული ყრილობის შედეგად, გ ვ ე ლ ი ს მ ჭ ე რ ს  ზოდიაქური თანავარსკვლავედის სტატუსი ოფიციალურად აღუდგა. – აი, ასე მცდარად "მანიპულირებენ" ე.წ. "ასტროლოგები"  ადამიანთა ბედით.

სურ. 262. იუპიტერი და მისი თანამგზავრები ცაზე. ამ გადიდებით პლანეტები იოლად შეიძლება ვარსკვლავებში აგვერიოს. ავტორი კახა გოგოლაშვილი. Nikon p520 42X

    ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი დედამიწის ცაზე  მხოლოდ ზოდიაქურ თანავარსკვლავედებში დაიკვირვება. მათი სხვა დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ კაშკაშა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, პლანეტები შესამჩნევად  არ ციმციმებენ. აქვე დავამატებთ, რომ ჰორიზონტთან ახლოს ან ძალზე მშფოთვარე ატმოსფეროს პირობებში პლანეტებიც ციმციმებენ.

    ჩამოთვლილი პლანეტებიდან თითოეულს დამახასიათებელი შეფერილობა აქვს. ვენერა – ჭახჭახა თეთრი ფერისაა, იუპიტერი – მოყვითალო-თეთრი, მარსი – მოწითალო, ხოლო სატურნი – მღვრიე ყვითელი.

    ვენერა ცამრგვალზე დასავლეთით ან აღმოსავლეთით მოჩანს და განთიადის ან მწუხრის სხივებში, ყველა ვარსკვლავზე ადრე გამოჩნდება (მაქსიმალური ბრწყინვალების დროს) (სურათი 263).  

სურ. 263. ვენერა მზის ჩასვლის შემდეგ, დასავლეთით. ავტორი – მარიკა ტარასაშვილი. Canon PowerShot SX10 IS

    მარსი, იუპიტერი და სატურნი ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მოჩანდნენ (სურათი 264). მზიდან და დედამიწიდან სხვა პლანეტების დაშორების მანძილი განუწყვეტლივ იცვლება, რის გამოც გამუდმებით იცვლება მათი ხილული ბრწყინვალებაც. ვენერა სიკაშკაშით ყველა პლანეტას აღემატება, მისი მაქსიმალური ბრწყინვალებაა -4m,8. მარსის მაქსიმალური ბრწყინვალებაა-1m,6. იუპიტერის -2m,3, სატურნის -0m,9. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პლანეტის ბრწყინვალება ძალზე შესამჩნევ ფარგლებში იცვლება. მაგალითად, მაქსიმალური დაშორების დროს მარსი 2m მოწითალო ფერის უღიმღამო ვარსკვლავად წარმოგვიდგება.

სურ. 264. მოყვარული ასტროფოტოგრაფის, ალექსანდრე დვალის მიერ ტელესკოპით და ციფრული კამერით გადაღებული იუპიტერი და სატურნი. Celestron NexStar 90SLT + Orion 52179 StarShoot Solar System Color Imaging camera.Registax5, PhotoshopCS5.1

    და ბოლოს, პლანეტების  ("მოხეტიალე მნათობების", "ცთომილების" ) მთავარი თავისებურებაა მათი გადანაცვლება თანავარსკვლავედების ფონზე. თუ ვარსკვლავიერ რუკაზე შეძლებისდაგვარად ზუსტად აღვიშნავთ პლანეტის მდებარეობას, ხოლო ორი-სამი კვირის შემდეგ გავიმეორებთ, ვარსკვლავთა ფონზე პლანეტების გადანაცვლება ცხადი გახდება (ცოტა არ იყოს, ძნელად შეიმჩნევა სატურნისათვის).

    ასე რომ, ზოდიაქური თანავარსკვლავედების შესწავლისას, მზად იყავით, რომ იქ შესაძლოა რომელიმე კაშკაშა პლანეტას გადაეყაროთ. თუმცა, კონკრეტული მონაცემები პლანეტების ხილვადობაზე იოლად შეიძლება მივიღოთ წინასწარ – ეს ყოველწლიურ ასტრონომიულ კალენდარში მოყვანილი მონაცემებითაა შესაძლებელი (სურათი 265). გარდა ამისა, არსებობს უამრავი ინტერნეტ-რესურსი და ინდივიდუალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევენ ასტრონომიის მოყვარულთ.

სურ. 265. "ასტრონომიული კალენდარი" (წელიწდეული) – ქართული ასტრონომიული კატალოგი, რომელიც 1961 წლიდან გამოდის

    ასე რომ, ვარსკვლავიერი ცის უმთავრეს ძვირფასეულობებს ჩვენ უკვე გავეცანით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველადი და ზედაპირული ნაცნობობაა; მაგრამ თუკი თქვენ გაგიტაცათ ამ ნაცნობობამ, და თუ თქვენში ციურ სხეულთა გასაოცარი მრავალფეროვნების უფრო ღრმად შესწავლის სურვილმაც გაიღვიძა, მისსია შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

No comments:

Post a Comment