რეგული მსხვილი ვარსკვლავია, მისი განიკვეთი მზისაზე 2,8-ჯერ დიდია. ტელესკოპში ამ ვარსკვლავის უცნაურ კომპანიას დავინახავთ: 117” კუთხურ მანძილზე მოჩანს 7m,6 ყვითელი ვარსკვლავი, რომელიც ფიზიკური თვისებებით ძალიან ჰგავს მზეს (ბოლო მონაცემებით ეს ვარსკვლავიც ორჯერადია!). ვარსკვლავის ორბიტული მოძრაობა ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, თუმცა არსებობს არგუმენტები, რომ ეს ორი ვარსკვლავი ერთმანეთთან ფიზიკურად არიან დაკავშირებული. თუმცა რეგულს მეორე თანამგზავრიც ჰყავს - სუსტი 13m ვარსკვლავი, რომელიც ჩვენთვის უკვე ნაცნობი ლეკვის მსგავსად, თეთრი ჯუჯა უნდა იყოს. სამი სრულიად განსხვავებული მნათობი რატომღაც ერთიან ფიზიკურ სისტემაშია გაერთიანებული; ასეთი უცნაური თანამეგობრობის ყველა ამოცანა როდია დღემდე ამოხსნილი (სურათი. 118).
სურ. 118. რეგულის ვარსკვლავიერი სისტემა (ჩანახატი ორიგინალიდან, (c)მ. ტარასაშვილი) |
სურ. 119. ლომის ორჯერადი γ ვარსკვლავი - ალგიება. (6" f/8 ნიუტონის რეფლექტორი) |
ლომის თანავარსკვლავედში არის საინტერესო გალაქტიკები, თუმცა სამოყვარულო ტელესკოპებში მათზე დაკვირვება პრაქტიკულად შეუძლებელია.
პატარა ლომი - ლომუკა
ამ თანავარსკვლავედში, რომელიც ჰეველიუსის სურვილით ორ ათეულ სუსტ ვარსკვლავს აერთიანებს, ისეთი არაფერია, რამაც ჩვენი ყურადღება შეიძლება მიიპყროს (სურათი 117). თუმცა სამი ვარსკვლავი 4m,5 ზე მეტი სიდიდისაა. ესენია: ლომუკას 46, ლომუკას β და ლომუკას 21. ლომუკას 46 ნარინჯისფერი გიგანტია, ჩვენგან 95 სინათლის წლის დაშორებით; ლომუკას β ორჯერადი ვარსკვლავია ნარინჯისფერი და თეთრი კომპონენტებით; ლომუკას 21 კი მთავარი მიმდევრობის თეთრი ვარსკვლავია, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო დიდი სიჩქარით ბზრიალებს.
No comments:
Post a Comment