სირიუსს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ უწოდებდნენ "ძაღლის ვარსკვლავს". ლათინურად სიტყვა "ძაღლი" ჟღერს, როგორც "კანის". ზაფხულის ხვატში ძველი რომაელები ყოველდღიური სამუშაოებიდან ისვენებდნენ, რასაც "კანიკულები" ანუ - "ძაღლის დღეები" ეწოდებოდა. სასაცილოა, მაგრამ იმ დროში ეს არდადეგები საშიშ დღეებად მიიჩნეოდა: არსებობდა ცრურწმენა, რომ ძაღლის ვარსკვლავი იწვევს ცოფს ძაღლებში და ციებცხელებას ადამიანებში.
ჩვენს დროში სირიუსს შიშით არავინ შეჰყურებს, სამაგიეროდ, აღფრთოვანებით მიაჩერდებიან ხოლმე. წარმოუდგენელია არ დატკბე ამ ციური ალმასის ცქერით, მისი ცისარტყელასებრი ლივლივით, რომელშიც აშკარად ჭარბობს ცისფერი. სირიუსის ბრწყინვალება -1m,4 ტოლია. სირიუსის გარდა მხოლოდ ერთი ვარსკვლავის - კანოპუსის ბრწყინვალება აღინიშნება ვარსკვლავიერი სიდიდის უარყოფითი მნიშვნელობით (სურათი 99).
სირიუსი ჩვენთან ერთერთი უახლოესი ვარსკვლავია, მზიდან დაშორების მიხედვით რიგით მეშვიდე. 10 კმ/წმ სიჩქარით მოძრავი რაკეტა სირიუსს 300000 წლის შემდეგ მიაღწევდა, მაშინ როცა იგივე მანძილის გადასალახავად სინათლეს მხოლოდ 9 წელიწადი ესაჭიროება.
სირიუსი მზეზე ორჯერ ცხელია და დიამეტრითაც თითქმის ორჯერ აღემატება მას. ამასთან, მისი ნათობა 24-ჯერ აჭარბებს მზისას. მისი საკუთარი მოძრაობა შედარებით დიდია - 1”,3 წელიწადში. სპექტრის ხაზების გადანაცვლება გვიჩვენებს, რომ მზესა და უკაშკაშეს ვარსკვლავს შორის მანძილი ყოველ წამს 8 კილომეტრით იზრდება.
სირიუსის სივრცეში გადაადგილებას სწავლობდა სახელგანთქმული გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი ბესელი. მან ჯერ კიდევ 1844 წელს შეამჩნია, რომ სირიუსის ტრაექტორია ციურ სფეროზე პროეცირებისას უცნაური, ტალღისებური მრუდით გამოისახებოდა (სურათი 100). ეს "კლაკნილება" ბესელმა მისი უხილავი თანამგზავრის ამღგზნები ზემოქმედებით ახსნა. მისი გამოთვლებით, სირიუსი და მისი თანამგზავრი 50 წლის პერიოდით მიმოიქცეოდნენ სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო.
სურ. 100. სირიუსის ”კლაკნია” გადაადგილებას ცამრგვალზე თანამგზავრი ვარსკვლავის არსებობით აიხსნება |
სირიუსის თანამგზავრი 8m,6 თეთრი ვარსკვლავია. სირიუსიდან უდიდესი დაშორებისას (დაახლოებით 11”) მისი გარჩევა მცირე ტელესკოპებითაც იოლად შეიძლება, თუმცა სირიუსთან მიახლოებასთან ერთად მასზე დაკვირვება სულ უფრო და უფრო რთულდება (სურათი 101).
სურ. 101. სირიუსი და მისი თანამგზავრი რენტგენის სხივების დიაპაზონში |
სირიუსის თანამგზავრი, რომელსაც ზოგჯერ "ლეკვსაც" უწოდებენ, ადამიანის მიერ აღმოჩენილი პირველი თეთრი ჯუჯაა. დღეს ჩვენ გაცილებით უფრო დიდი სიმკვრივის მქონე ვარსკვლავებს ვიცნობთ, მაგრამ თავის დროზე, ლეკვის ფიზიკური თვისებები ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ლეკვის მასა თითქმის ისეთივეა, როგორიც მზის, მაგრამ დიამეტრის მიხედვით სირიუსის თანამგზავრი მხოლოდ ორჯერ აღემატება დედამიწას; ამიტომაც, მისი ნივთიერების საშუალო სიმკვრივე იმდენად დიდია, რომ ერთი ასანთის კოლოფი ნივთიერება ერთ ტონას მაინც აიწონიდა! დღეს მსგავსი ვარსკვლავები "ბანკროტებად" მიიჩნევა, ვინაიდან მათ უკვე ამოწურეს წყალბადის საწვავი და მხოლოდ ძალზე ნელი შეკუმშვის ხარჯზე თუ ანათებენ. სირიუსის თანამგზავრისა და სხვა თეთრი ჯუჯების ნივთიერების მდგომარეობას შეიძლება "გადაგვარებული აირი" ეწოდოს. ამ ტერმინის ქვეშ ასტროფიზიკოსები გულისხმობენ იონიზირებული ატომებისა და თავისუფალი ელექტრონების უზარმაზარი წნევის მქონე ნარევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლაზმა თუჯზე უფრო მკვრივია, ის მაინც გაზად ჩაითვლება, ვინაიდან სწორედ გაზისათვის დამახასიათებელი მოქნილობა ახასიათებს. სირიუსის თანამგზავრის შესწავლამ გვიჩვენა, რომ ვარსკვლავებში ნივთიერება უჩვეულო მდგომარეობაში შეიძლება იმყოფებოდეს, რისი შესწავლაც (სპექტრული და სხვა მონაცემებით) საოცრად ამდიდრებს ბირთვულ ფიზიკას ძალზე სასარგებლო მონაცემებით. სწორედ ამის გამოა, რომ ვარსკვლავებს "ციურ ლაბორატორიებს" უწოდებენ.
სირიუსის ქვემოთ იოლად მოიძებნება (ბინოკლშიც კი) ვარსკვლავი ο2. ეს არის ძალზე იშვიათი კლასის, ე.წ. ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავების წარმომადგენელი. ამ ვარსკვლავების სპექტრებში არსებული ფართო ემისიური ხაზები იმაზე მიუთითებენ, რომ ასეთი ვარსკვლავები სწრაფად იცლებიან აირებისაგან წამში რამდენიმე ათასი კილომეტრის სიჩქარით. მათი ატმოსფეროები უჩვეულოდ გაწელილია, ხოლო პროცესების სისწრაფე მიუთითებს, რომ ისინი რამდენიმე ათასი წელია, რაც ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაშასადამე, დიდი ძაღლის ο2 ვარსკვლავი დედამიწის ცის კაბადონზე ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა მნათობია (სურათი 102).
სირიუსსა და ο2-ს შორის, სადღაც შუა გზაზე, კაშკაშა გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა - M41 განთავსდება (სურათი 103). ის ვარსკვლავებით შედარებით ღარიბია, თუმცა მცირე ტელესკოპში საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. ამ ვარსკვლავიერი ჯგროს განიკვეთი 7,4 პს შეადგენს, ხოლო მზიდან 50-ჯერ უფრო შორს იმყოფება, ვიდრე სირიუსი.
დიდი ძაღლის თანავარსკვლავედში არის ვარსკვლავთა უნიკალური წყვილი, ბნელებადი-ცვალებადი UW. მისი ბრწყინვალება 4m,5-4m,8 ფარგლებში იცვლება 4,4 დღე-ღამის პერიოდით. სისტემის ორივე წარმომადგენელი O8 სპექრტული კლასის უიშვიათესი ზეგიგანტებია. ბრწყინვალების მრუდის მიხედვით, ორივე იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ურთიერთმიზიდულობის გავლენით ელიპსოიდური ფორმა შეიძინეს. მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის უკვე ცნობილია დიდი დათვის W ცვალებადის მაგალითზე. თუმცა, ყველაზე გასაოცარი დიდი ძაღლის UW სისტემის ზეგიგანტების მასაა. თითოეული მათგანი 71 500 × 1024
ტონას იწონის, ანუ თითქმის 30-ჯერ დიდია მზეზე და 10 მილიონჯერ დიდი დედამიწაზე!
სურ. 103. გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა - M41 |
ასევე უნდა მოვიხსენიოთ დიდ ძაღლის β, რომელიც ძალზე წააგავს ჩვენთვის ნაცნობ ცეფევსის β-ს. ეს უცნაური ცვალებადი ვარსკვლავია ბრწყინვალების მცირე, მაგრამ მკაცრად პერიოდული რყევით.
ირმის ნახტომი დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის ”უკან” გადაივლის, ამიტომ უამრავ ვარსკვლავიერ გროვას და ნისლეულს მოიცავს. ამ თანავარსკვლავედთან ახლოს შეგიძლიათ დააკვირდეთ შემდეგ ობიექტებს: NGC 2360, NGC 2362, NGC 2354, NGC 2359 და NGC 2298 (სურათი 102).
საინტერესოდ წასაკითხი სტატიაა :))
ReplyDelete