პატარა ძაღლის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი - მოყვითალო პროციონი, სირიუსს ზომით, ტემპერატურით და ნათობით ნამდვილად ჩამორჩება, თუმცა, ამ ორ ვარსკვლავს შორის არის რაღაც საერთო.
ორივე პატარა თანავარსკვლავედის სათავეში დგას, სადაც ვერცერთი ვარსკვლავი ვერ შეედრება მათ ნათობის მხრივ; ორივე ვარსკვლავის თანამგზავრი - თეთრი ჯუჯაა, რომელთა აღმოჩენის ისტორიები საოცრად ჰგავს ერთმანეთს.
სირიუსის მოძრაობის შესწავლასთან ერთად ბესელმა პროციონის საკუთარ მოძრაობაშიც აღმოაჩინა ანალოგიური ტალღისებური გადახრები. და აქაც, ბესელმა უხილავი სხეულის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომელიც პროციონის მოძრაობის შეშფოთებას იწვევდა.
საინტერესოა, რომ სწორედ იმავე 1862 წელს, როდესაც კლარკმა სირიუსის თანამგზავრი შენიშნა, გერმანელმა ასტრონომმა აუვერსმა პროციონის ჯერ ისევ უხილავი თანამგზავრის ორბიტა გამოითვალა. თუმცა, მხოლოდ 34 წლის შემდეგ იხილა ლიკსის ობსერვატორიაში შებერლემ ის ციური სხეული, რომლის არსებობაც თეორიულად იყო ნაწინასწარმეტყველები ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ. და აი, უკვე მესამედ განმეორდა ნეპტუნის აღმოჩენის მსგავსი ისტორია. ვნახოთ, რა ვიცით დღეს ჩვენ პროციონისა და მისი თანამგზავრის შესახებ.
პროციონი, 0m,5 მნათობი, ნათობით 5,8-ჯერ აღემატება მზეს. ის ცოტაოდენ უფრო მსხვილი და ცხელია, ზედაპირის ტემპერატურით 7000°K. სირიუსის მსგავსად, პროციონი ჩვენი ერთერთი მეზობელი ვარსკვლავია: ჩვენგან 3,5 პარსეკითაა დაშორებული. საერთოდ ეს ვარსკვლავი, თავისთავად, ბევრად არაფრით გამოირჩევა: რომ არა დედამიწასთან სიახლოვე (და ამით განპირობებული მნიშვნელოვანი ხილული სიკაშკაშე), იგი არ მიიპყრობდა ასეთ ყურადღებას (სურათი 104).
სულ სხვა საქმეა პროციონის თანამგზავრი. მოყვარული ასტრონომი ვერანაირად ვერ მოახერხებს ამ, მე-11 ვარსკვლავიერი სიდიდის მნათობის დანახვას, რომელიც პროციონიდან საშუალოდ 4” მანძილზე იმყოფება. ეს პატარა ვარსკვლავი 10-ჯერ უფრო ნაკლებ სინათლეს გამოასხივებს, ვიდრე სირიუსის თანამგზავრი: ის კიდევ უფრო მკვრივი ჯუჯაა, ვიდრე სირიუსის ”ლეკვი”. თუმცა, ამ ორი, სრულიად განსხვავებული ვარსკვლავების (სირიუსისა და პროციონის, თავიანთი ჯუჯა თანამგზავრებით) თანამეგობრობათა მსგავსება უდაოა.
No comments:
Post a Comment