როგორი ბნელია გაზაფხულის ვარსკვლავიერი ცა! სამი თვის წინათ ცამრგვალის სამხრეთი შვიდი უკაშკაშესი თანავარსკვლავედით იყო მოჭედილი. ახლა კი ჩვენს ყურადღებას მხოლოდ სამი, პირველი სიდიდის ვარსკვლავი იპყრობს, რომლებიც ეულად ციმციმებენ გაზაფხულის ცის მცირერიცხოვანი და მქრქალი მნათობების ფონზე.
მარტის ბოლოა, ღამის 11 საათი. ციური მერიდიანის ოდნავ მარჯვნივ, სამხრეთის წერტილსა და ზენიტს შორის, თითქმის შუაში, მოჩანს ლომის თანავარსკვლავედი, რომელშიც იოლად გამოიცნობა "ცხოველთა მეფის" ფაფარი და სხეულის მოხაზულობა. ამ თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავია რ ე გ უ ლ ი (სურათი 115).
სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი კაშკაშა ვარსკვლავი მოჩანს: უფრო ზემოთ - ნარინჯისფერი არქტურია, უბრწყინვალესი გაზაფხულის მნათობთა შორის, მენახირის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი; ქვემოთ და მარჯვნივ - მოცისფრო სპიკაა, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავია.
ლომი, მენახირე და ქალწული გაზაფხულის ცის ყველაზე უფრო შესამჩნევი თანავარსკვლავედებია.
ლომისგან მარჯვნივ კიბორჩხალას თანავარსკვლავედია, ხოლო მის თავზე - პატარა ლომის უღიმღამო თანავარსკვლავედი. მენახირის მარჯვნივ მოჩანს მეძებარი ძაღლებისა და ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედები, ხოლო ქალწულის მარჯვნივ და ქვემოთ - ყორანის თანავარსკვლავედის უსწორმასწორო ოთხკუთხედი, რომელიც თითქმის ერთნაირი ბრწყინვალების მქონე ვარსკვლავებისგან შედგება. ჰიდრას გრძელ თანავარსკვლავედში იოლად ვიპოვით შედარებით კაშკაშა 2m α ვარსკვლავს. სამაგიეროდ, ლომსა და ჰიდრას შორის განთავსებული ფიალა და სექსტანსი იმდენად უფერულია, რომ მათი კონტურები არ კი გაირჩევა. სპიკას მარცხნივ და ქვემოთ, ჰორიზონტის თავზე, მოჩანს ორი 2m,8 და 2m,6 ვარსკვლავი - სასწორის თანავარსკვლავედის α და β.
მენახირის, მითიურ ნიმფა კალისტოს ვაჟიშვილის ისტორიას ჩვენ უკვე ვიცნობთ. აი, ქალწულის თანავარსკვლავედის წარმოშობა კი ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთერთი უძველესი ვარიანტის თანახმად, აქ აღბეჭდილია ცერერა - სამკალის ქალღმერთი. ყოველ შემთხვევაში, ძველ ვარსკვლავიერ რუკებზე ასახულ ციურ ქალწულს ხელში მწიფე თავთავი უჭირავს, რომელსაც ვარსკვლავი სპიკა ასახავს.
ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედს ძალზე საინტერესო ლედენდა უკავშირდება: ეგვიპტის მეფე პტოლომეუს ევერჰათს (III ს. ჩვენს ერამდე) ულამაზესი მეუღლე ჰყავდა - დედოფალი ბერენიკე. მას უმშვენიერესი, წელამდე დაშვებული თმა ჰქონდა. როდესაც პტოლემეუსი ომში წავიდა, მისმა დამწუხრებულმა მეუღლემ ღმერთებს შეჰფიცა, რომ თმებს მათ მსხვერპლად შესწირავდა, თუკი მისი უსაყვარლესი მეუღლე უვნებელი დაბრუნდებოდა.
მალე პტოლემეუსი უვნებლად დაბრუნდა, თუმცა თმებშეკრეჭილი მეუღლის დანახვამ ძალიან გაანაწყენა. სამეფო წყვილი ასტრონომმა კონონმა დაამშვიდა, როდესაც განაცხადა, რომ ღმერთებმა ბერენიკეს თმები ზეცაში აიტაცეს, სადაც ისინი სამარადჟამოდ დაამშვენებენ გაზაფხულის ღამეებს.
სასწორის თანავარსკვლავედი ასევე უძველესია, თუმცა მისი წარმომავლობა ბუნდოვანია. შესაძლოა, სასწორისა და ქალწულის თანავარსკვლავედები (თავთავთან ანუ სპიკასთან ერთად) ერთობლიობაში ძველი ვაჭრებისა და მიწათმოქმედების სამეწარმეო ინტერესებს ასახავენ.
უძველეს ვარსკვლავიერ რუკებზე ყორანი და ფიალა ჰიდრაზეა განთავსებული. ყორანი რატომღაც ჰიდრას უნისკარტებს, ფიალა კი საცაა გადმოვარდება. ამ უცნაური შეთავსების წარმოშობის შესახებ, კაცობრიობის მეხსიერებაში არსებული ყოველგვარი კვალი სრულიად წაშლილია. ზოგიერთი მოსაზრებით, აქ ასახული უნდა იყოს ყორანი, რომელიც აპოლონმა თასით წყლის მოსატანად გააგზავნა, რათა გარკვეული რელიგიური რიტუალი შეესრულებია. ყორანმა აპოლონის დავალება არ შეასრულა, რის გამოც ის ავბედით თასთან ერთად საძაგელ, კლაკნია ციურ ურჩხულზე განათავსეს.
გაზაფხულის ცის სამი დანარჩენი თანავარსკვლავედი - პატარა ლომი (ლომუკა), მეძებარი ძაღლები და სექსტანტი შედარებით ახლო წარსულში გამოჩნდა. ისინი XVII საუკუნეში ჰეველიუსმა შემოიღო, ჩვეულებისამებრ, ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე.
ლომუკა ცაში ასტროლოგიური მოსაზრებებით მოათავსეს. ორ ციურ დათვსა და ლომს ასტროლოგები ცუდ გავლენას მიაწერდნენ, ამიტომ ჰეველიუსმა ტრადიციას არ უღალატა და დიდ დათვსა და ლომს შორის ასეთივე "დამღუპველი გავლენის" მქონე ცხოველი განათავსა - ლომის ბოკვერი, ან უფრო სოლიდურად - პატარა ლომი (სურათი 116).
სურ. 116. გაზაფხულის ცის ლეგენდების პერსონაჟები |
ასევე უადგილოდ, ჰეველიუსმა ლომის ფეხებთან კუთხის ასტრონომიული საზომი ხელსაწყო - სექსტანსი მოათავსა. ამ შემთხვევაში მან შემდეგი სახის მტკიცებულება მოიყვანა: "ის აქ განვათავსე არა იმის გამო, რომ ვარსკვლავთა განლაგება ამ ინსტრუმენტს მოგვაგონებს, - წერს სახელგანთქმული ასტრონომი, - და არც იმის გამო, რომ აქ მისთვის შესაფერისი ადგილია; იგი მე 1658-დან 1679 წლამდე მემსახურებოდა ვარსკვლავთა განლაგების დადგენის მიზნით, ვიდრე კაცთა მოდგმის ბოროტებამ არ გაანადგურა ის ჩემს ობსერვატორიასთან და იმ სიმდიდრესთან ერთად, რაც კი გამაჩნდა, მისცა რა ყოველივე ცეცხლის ალს. მეც ვულკანის ეს ნაწარმოები ცაში ავამაღლე ურანიუსის სადიდებლად. ასტროლოგები დაასკვნიან, რომ ეს ძეგლი სწორედაც რომ თავის ადგილზე დგას - ლომსა და ჰიდრას შორის, სასტიკი არსებები რომ არიან".
თუმცა, ჰეველიუსის ამ ცელქობებს გულმოწყალედ უნდა მოვეპყროთ - ის ხომ აღმომჩენის პრივილეგიით სარგებლობდა - სახელს ურჩევდა ახალ ობიექტებს. ამიტომ, დიდად არ ანაღვლებდა, თუ როგორ აღიქვამდნენ მის უარგუმენტო გადაწყვეტილებებს მომავალი თაობები.
No comments:
Post a Comment