სურ. 86. კუროს თანავარსკვლავედი და პლეადები |
შეამოწმეთ თქვენი მხედველობის სიმახვილე: რამდენ ვარსკვლავს არჩევთ პლეადებში? თუ 6 ან 7 ვარსკვლავს, მაშინ თქვენ ნორმალური მხედველობა გაქვთ; თუ უფრო მეტს - შესანიშნავი. განსაკუთრებული მხედველობის ადამიანები პლეადებში ათეულობით ვარსკვლავს არჩევენ. გალილეიმაც კი, თავისი ფრიად არასრულყოფილი ტელესკოპით, პლეადებში 36 ვარსკვლავი დაითვალა.
აიღეთ ბინოკლი და დატკბით ამ არაჩვეულებრივი გაფანტული ვარსკვლავიერი გროვით. პლეადების რუკის გამოყენებით, იპოვეთ გროვის მთავარი ვარსკვლავები. მათ შორის ციური დების მშობლებიც არიან: მამა - ატლასი და დედა - პლეიონე (სურათი 87).
სურ. 87. ვარსკვლავიერი გროვის - პლეადების ვარსკვლავები |
პლეადები ჩვენთან ერთერთი უახლოესი გაფანტული ვარსკვლავიერი გროვაა (130 პს). ამიტომაცაა ის ასე ეფექტური შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი. ცამრგვალზე პლეადებს უჭირავთ ფართობი, რომელიც რამდენჯერმე აღემატება სავსე მთვარეს (სურათი 88) (ძნელი დასაჯერებელია, არა?). სივრცეში კი პლეადები ყველა მხარეს 22 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ისევე, როგორც სხვა გაფანტულ ვარსკვლავიერ გროვებში, პლეადების მნათობები სივრცეში თითქმის პარალელურად და თითქმის ერთნაირი სიჩქარით მიფრინავენ.
პლეადები გაცილებით უფრო კომპაქტურები არიან, ვიდრე ნებისმიერი O-ასოციაცია. თუმცა ასევე გამოირჩევიან ახალგაზრდა ასაკით. 1953 წელს პლეადების ასაკთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც მასში შემავალი 280 ვარსკვლავი 2,5 მილიონ წელზე მეტი ხნის არ უნდა ყოფილიყო. თუ ეს ასეა, მაშინ, პლეადები კაცობრიობის ასაკის ყოფილა!
ჯერ კიდევ 1859 წელს იქნა აღმოჩენილი მსუბუქი, გამჭვირვალე ნისლეული, თავისებური საბურველი, რომელშიც პლეადებია ჩაძირული (სურათი 89). ორიონის ნისლეულისაგან განსხვავებით, ეს ნისლეული თვითმნათი როდია. იგი მასში ჩაძირული პლეადების შუქს ირეკლავს და ძირითადად წვრილი, მყარი კოსმოსური მტვერისაგან შედგება.
კუროს თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი, მოყვითალო-მონარინჯისფრო ალდებარანი, ცამრგვალზე (მაგრამ არა სივრცეში!) სხვა გაფანტული ვარსკვლავიერი გროვის შუაგულში - ჰიადებში განთავდება (სურათი 89). ამ სახელწოდების ქვეშ გულისხმობენ დაახლოებით 200 ვარსკვლავის ჯგუფს, რომლებიც გარს ერტყმიან ალდებარანს. მათი საკუთარი მოძრაობის სიჩქარეები ცის ერთი წერტილისაკენაა მიმართული (ე.წ. ვერტექსი), რომელიც ბეთელგეიზეს მახლობლად განთავსდება (სურათი 90).
სურ. 89. ალდებარანი (კუროს α) ჰიადები და პლეადები |
ჰიადებში ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი მეშვეობით ვერტექსი იოლად მოიძებნება. თუმცა პლეადებისათვის ვერტექსი არ არის საიმედოდ განსაზღვრული. ამიტომაც ისეთ გროვებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, "ჩვენს თვალწინ" გადაადგილდებიან, მოძრავი გროვები ეწოდება.
სურ. 90. ვერტექსი: ჰიადები და მათი საკუთარი მოძრაობა
ცხადია, ჰიადების ყველა ვარსკვლავი სივრცეში პარალელურად გადაადგილდება, ხოლო მათი გზების ვერტექსში დამთხვევა ისეთივე ხილული პერსპექტივაა, როგორიც, მაგ. რკინიგზის პარალელური რელსების თანხვედრა ჰორიზონტთან.
უნდა ითქვას, რომ ჰიადების შემადგენლობა არანაკლებ მრავალფეროვანია, ვიდრე პლეადების. თუმცა, საერთო ჯამში ჰიადები უფრო ცივი და "მეჩხერია", ვიდრე პლეადები. აქ ბევრი ვარსკვლავია მზის მსგავსი და რამდენიმე წითელი გიგანტიც გვხვდება. ჰიადები პლეადების მსგავსად არ არიან ნისლეულში "გამოხვეული", და ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ გროვა დიდი ასაკის უნდა იყოს. ბევრი მონაცემის მიხედვით, ჰიადები დაახლოებით მილიარდი წლისაა.
ჰიადები - ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავერი გროვაა. იქამდე მხოლოდ 40 პს მანძილია. ფორმა თითქმის სფერულია, საშუალო განიკვეთი - 33 სინათლის წლამდე. გამოთვლილია, რომ 80 000 წლის წინათ ჰიადებმა მზეს დღევანდელზე ორჯერ უფრო ახლო მანძილზე ჩაუფრინეს. 65 მილიონი წლის შემდეგ ჰიადები იმდენად დაგვშორდებიან, რომ ცაზე სავსე მთვარის დისკზე გაცილებით უფრო მცირე ადგილს დაიკავებენ; რაც შეეხება მათ უკაშკაშეს ვარსკვლავებს, რომლებიც ამჟამად შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად მოჩანს, ისინი 12m სიდიდის სუსტ ვარსკვლავებად იქცევიან. როგორც ვხედავთ, ციური სურათები ცვალებადია, ისევე, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში.
ალდებარანი, როგორც უკვე აღინიშნა, არ განეკუთვნება ჰიადებს. ის ცივი, ნარინჯისფერი გიგანტია, რომლის დიამეტრი თითქმის 30-ჯერ აღემატება მზისას. ის ჩვენგან 21 პს მანძილზე იმყოფება (სურათი 91).
სურ. 91. კუროს თანავარსკვლავედის ვარსკვლავები და ნისლეულები |
როდესაც 1758 წელს მესიე ამ რეგიონში ერთერთ კომეტას ეძებდა, მან კინაღამ აურია ის იმ დროისათვის უცნობ კიბორჩხალა ნისლეულში. სწორედ ამ სამწუხარო გაუგებრობამ აიძულა იგი შეედგინა ნისლეულთა სახელგანთქმული კატალოგი, რომელშიც კიბორჩხალა ნისლეული პირველ ნომრად ირიცხება.
"რადიოხარვეზი № 1" (კიბორჩხალა ნისლეულის ზედმეტსახელი) უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერთა საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. ეს არის კოსმოსური რადიოგამოსხივების ერთერთი უმძლავრესი წყარო, რომელიც რადიოასტრონომების კატალოგში აღნიშნულია, როგორც "Taurus A". სწორედ ამ ადგილას, 1054 წელს იფეთქა კაშკაშა ზეახალმა ვარსკვლავმა. ახლა აქ მოჩანს პატარა, ძალზე უჩვეულო სპექტრის მქონე და უაღრესად ცხელი 9m ვარსკვლავი-პულსარი. მისი ტემპერატურა 150000 °K უნდა იყოს. ყველაზე უფრო შესანიშნავია ის, რომ კიბორჩხალა ნისლეულის შემადგენელი გაზები ამ ვარსკვლავიდან ყველა მიმართულებით მიჰქრიან დაახლოებით 1000კმ/წმ სიჩქარით! 20-30 წლის ინტერვალით გადაღებულ ფოტოსურათებზეც კი შეიძლება შევნიშნოთ კიბორჩხალა ნისლეულის გაფართოება.
ძალზე ინტენსიური რადიოგამოსხივების მქონე ნისლეულებისათვის შემოღებულია ტერმინი "რადიონისლეული".
კუროს თანავარსკვლავედის სხვა საინტერესო ობიექტებია, ასევე, ოპტიკურად ორჯერადი ვარსკვლავები θ, σ, χ და ბნელებადი ცვალებადი λ (ამპლიტუდა 3m,5 _ 4m,0 3,95 დღე-ღამის პერიოდით), NGC 1746, NGC 1817 და NGC 1647 (სურათი 91).
No comments:
Post a Comment