ბინოკლში ნისლეული შესანიშნავად მოჩანს, როგორც გაურკვეველი მოხაზულობის ნათელი, გადღაბნილი ლაქა; ფოტოსურათებზე კი კარგად ჩანს მისი რთული სტრუქტურა და ფრიად გაწელილი ზომები (სურათი 83).
ამ გაზოვანი ანუ, როგორც ხშირად ამბობენ, დიფუზური* ნისლეულის საშუალო სიმკვრივე 1017-ჯერ უფრო მცირეა ოთახის ჰაერის საშუალო სიმკვრივეზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნისლეულის 100 კუბური კილომეტრი მოცულობის მქონე ნაწილი მხოლოდ 1 მილიგრამს აიწონიდა! ლაბორატორიებში მიღწეული საუკეთესო ვაკუუმი მილიონჯერ უფრო მკვრივია ორიონის ნისლეულზე!
და მაინც, ამ თვალუწვდენელი წარმონაქმნის, "ხილული არაფრის" საერთო მასა ძალიან დიდია. ორიონის ნისლულის ნივთიერებიდან დაახლოებით ათასი ჩვენი მზე გამოვიდოდა, ან - სამას მილიონზე მეტი დედამიწისნაირი პლანეტა! აი რას ნიშნავს ორიონის ნისლეულის "ასტრონომიული" მასშტაბები, რაც მას ძალზე დიდ წონას ანიჭებს, მიუხედავად ასეთი უბადრუკი საშუალო სიმკვრივისა. შედარებისათვის: დედამიწა ქინძისთავისოდენა რომ ყოფილიყო, იგივე მასშტაბებში ორიონის ნისლეული დედამიწისოდება იქნებოდა.
ორიონის ნისლეული მკვეთრად ანათებს. თუმცა ეს "ცივი" ნათებაა, რომელიც უმეტესწილად ლუმინესცენციური პროცესებითაა გამოწვეული. იგი ნისლეულთან ახლოს მყოფი და ნისლეულში განთავსებული ცხელი ვარსკვლავებითაა განპირობებული.
ორიონის ნისლეულის განხილვისას თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება θ ვარსკვლავს (სურათი 84). სიმართლე ითქვას, ეს არის არა ერთი ვარსკვლავი, არამედ - ექვსი ვარსკვლავისაგან შემდგარი მთელი სისტემა! მათ შორის ოთხი უკაშკაშესი, რომლებიც წარმოსახვითი ტრაპეციის წვერებს შეადგენენ, მცირე ზომის ტელესკოპებშიც კარგად მოჩანს (სურ. 82). ამ საოცარი სისტემის მეხუთე და მეექვსე ვარსკვლავი მხოლოდ 1826 და 1830 წლებში აღმოაჩინეს, ვინაიდან ისინი საკმაოდ სუსტია (დაახლ. 11m) და სხვა ვარსკვლავებისაგან 4” მანძილზე არიან დაშორებული. შესანიშნავი ის არის, რომ ეს ექვსი ვარსკვლავიც დანარჩენებივით ცხელი გიგანტებია.
სურათი 84. ორიონის თანავარსკვლავედის θ ვარსკვლავი და მისი სისტემა - ”ტრაპეცია” |
განა შეიძლება შემთხვევითად ჩაითვალოს ცის ერთ გარკვეულ რაიონში, ორიონის თანავარსკვლავედში, ცხელი გიგანტების ამგვარი სიუხვე? ცხადია, არა. ჩვენს წინაშეა ტიპიური ვარსკვლავიერი O-ასოციაცია, რომლის ბირთვიცაა "ექვსჯერადი" ვარსკვლავი . ცხელ გიგანტებს ერთი, ფრიად დამახასიათებელი თავისებურება გააჩნიათ - ისინი წარმოუდგენელი მფლანგველები არიან. მაგალითად რიგელი, ყოველ წამში, გამოსხივებული სინათლის დამაბრმავებელ ნაკადებად გადააქცევს საკუთარი ნივთიერების დაახლოებით 80 მილიარდ ტონას! ნივთიერების ასეთი ხარჯვით რიგელი სრულიად "გაღატაკდებოდა" 10 მილიონი წლის შემდეგ. თუმცა, რიგელის ბრწყინვალება მიუთითებს, რომ ის ჯერ კიდევ შორსაა "გაბანკროტებისაგან". ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ასაკი 10 მილიონ წელზე ნაკლებია.
ადამიანური სიცოცხლის საზომით 10 მილიონი წელი წარმოუდგენლად დიდი დროა. დედამიწის ევოლუციის მასშტაბით კი ეს სიდიდე დიდი არაფერია. დიდი ხვლიკები ათეულობით მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თვალითაც არ უნახავთ რიგელი!
ასეთივე ახალგაზრდაა ორიონის O-ასოციაციის სხვა ცხელი გიგანტებიც. უნდა ითქვას, რომ ეს O-ასოციაცია ჩვენთან ერთერთი უახლოესია და 380 პს მანძილზე განთავსდება.
ორიონის ნისლეულში ბევრია თავისებური ცვალებადი ვარსკვლავი, რომლებსაც კუროს T ტიპის ვარსკვლავები ეწოდება (სახელწოდება მათი მთავარი წარმომადგენლიდან მომდინარეობს). როგორც წესი, ეს ვარსკვლავები არა ცხელი გიგანტები, არამედ პირიქით - ცივი ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი ჯუჯებია, სპექტრში კაშკაშა ემისიური ხაზებით. მათი ბრწყინვალება სრულიად უწესრიგოდ იცვლება და, როგორც ჩანს, ეს რხევები განპირობებულია ამ ვარსკვლავთა ბირთვებიდან ცხელი, ძალზე მანათობელი გაზების არაპერიოდული ამოფრქვევებით. საერთოდ, კუროს T ტიპის ვარსკვლავები, ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით, მღელვარე, "ჩამოუყალიბებელი" ანუ, როგორც ამბობენ, არასტაციონარული ვარსკვლავების შთაბეჭდილებას ტოვებენ. სულ მცირე, ეს ფაქტიც ამდაგვარი ობიექტების ახალგაზრდა ასაკზე მიუთითებს (სურათი 85).
სურ. 85. კუროს T ტიპის ვარსკვლავები ორიონის თანავარსკვლავედში. |
ორიონის თანავარსკვლავედი სამ T-ასოციაციას შეიცავს, რომელთაგან ყველაზე მდიდარი (220 ვარსკვლავი) ორიონის θ -ვარსკვლავის რაიონშია კონცენტრირებული, ორიონის ნისლეულის ყველაზე კაშკაშა ნაწილის შორიახლოს.
ორიონის თანავარსკვლავედი თავისებური მდუღარე "ციური ქვაბია", სადაც ჩვენს ეპოქაში ჩნდება ახალი სამყაროები, იბადებიან ვარსკვლავები. ორიონის თვალუწვდენელი ნისლეული, მასში ჩაძირული O- და T-ასოციაციებითურთ: ყოველივე ეს ახალგაზრდა წარმონაქმნის შთაბეჭდილებას ახდენს, რომელიც შორსაა მშვიდობიანი წონასწორობისაგან; და ეს შთაბეჭდილება უფრო გამძაფრდება, თუ კიდევ ორ ფაქტს მივაპყრობთ ყურადღებას:
პირველი - ეს არის ორიონის ნისლეულისა და მასში გახვეული ვარსკვლავების ბრუნვა გარკვეული ღერძის გარშემო, მეორე - ორიონის ნისლეულიდან სამი ცხელი ვარსკვლავის: მეეტლის AE-ს, ვერძის 53-ს და მტრედის μ-ს "უკანმოუხედავად გაქცევა". ამ ვარსკვლავებმა ორიონის თანავარსკვლავედის ცენტრალური ნაწილი დაახლოებით ორნახევარი მილიონი წლის წინათ დატოვეს, და ახლა მისგან 100 კმ/წმ-ზე მეტი სიჩქარით მიფრინავენ! როგორც ჩანს, რაღაც აფეთქებამ გამოისროლა ისინი ორიონის O-ასოციაციიდან დაბადებისას, ან - ახლო ეპოქაში.
მართლაც, ორიონის თანავარსკვლავედი ყველაზე უფრო "მოუსვენარი" ადგილია ცაზე; უეჭველია, რომ სწორედ აქ, ჩვენს თვალწინ, თუმცა ადამიანური ზომებით წარმოუდგენლად შენელებულ ტემპებში, უდიდეს კოსმოსურ მოვლენებს აქვს ადგილი.
No comments:
Post a Comment