სურ. 78. ორიონის თანავარსკვლავედის ვარსკვლავები |
რიგელი, ორიონის β, თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავია. ეს მოცისფრო-მოთეთრო ვარსკვლავია, ზედაპირის ტემპერატურით 13 000°K. რიგელის ხილული სიკაშკაშე ფრიად მნიშვნელოვანია - 0m,3, და მაინც, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ვარსკვლავი 23000-ჯერ უფრო ინტენსიურად გამოასხივებს სინათლეს, ვიდრე ჩვენი მზე. ამ, განსაკუთრებულად მაღალი ნათობის მიზეზი მხოლოდ ის კი არ არის, რომ რიგელი ძალიან ცხელია. ეს მისი ზომების გამოც ხდება: რიგელის დიამეტრი 33-ჯერ აღემატება მზისას. ის ზეგიგანტი ვარსკვლავია.
რიგელი სამჯერადი ვარსკვლავია. დიდ სამოყვარულო რეფრაქტორში მისგან 9” დაშორებით იოლად შეიძლება შევნიშნოთ 7m ვარსკვლავი. სპექტრის მიხედვით, რიგელის ეს თანამგზავრიც ვარსკვლავთა მჭიდრო წყვილია, რომლებიც სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო თითქმის 10 დღის განმავლობაში ასრულებენ ბრუნს. რიგელი და მისი თანამგზავრი დედამიწიდან 200 პს არიან დაშორებული.
თუმცა რიგელი უზარმაზარია, წითელი ვარსკვლავი ბეთელგეიზე - ორიონის α, შეუდარებლად უფრო დიდია. ინტერფერომეტრის მეშვეობით მისი განიკვეთი არაერთხელ გაზომეს და დაასკვნეს, რომ ბეთელგეიზეს დიამეტრი 450-ჯერ აღემატება მზისას! მზის ადგილზე, ბეთელგეიზე ჩაყლაპავდა ყველა პლანეტას მარსის ჩათვლით.
ბეთელგეიზე ნახევრად წესიერი ცვალებადი ვარსკვლავია. მისი ბრწყინვალების ცვალებადობის უცნაურ მრუდზე ორი რხევა შეიძლება გავარჩიოთ: 180 და 2070 დღის პერიოდებით (სურათი 79). საინტერესოა, რომ ბეთელგეიზე ბრწყინვალების რხევასა და დიამეტრის ცვლილებას შორის, ინტერფერომეტრული დაკვირვებების მიხედვით, კარგად გამოხატული თანხვედრა შეინიშნება. ბრწყინვალების მაქსიმუმში ვარსკვლავის დიამეტრი მინიმალურია (ხოლო ტემპერატურა - უდიდესი), მინიმუმში კი პირიქით. მაშასადამე, ბეთელგეიზესა და მის მსგავს ვარსკვლავებში ბრწყინვალების რხევა "ნახევრად წესიერი" პულსაციებითაა გამოწვეული.
სურ. 79. ბეთელგეიზეს ბრწყინვალების მრუდი |
ბელატრიქსი. ორიონის γ, ბრწყინვალებით რიგელსაც ჩამოუვარდება და ბეთელგეიზესაც. თუმცა, ისიც გიგანტი ვარსკვლავია და თანაც რიგელზე უფრო ცხელი: ბელატრიქსის ზედაპირის ტემპერატურა 20 000°K აღემატება. სხვათა შორის, შუა საუკუნეებში მას ბელატრიქსა ერქვა და არა ბელატრიქსი. "ბელატრიქსა" - "მეომარ ქალს" ნიშნავს.
ორიონის ძირითადი ფიგურის მეოთხე ვარსკვლავი χ , საკუთარი სახელის გარეშეა დარჩენილი. მაგრამ ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ χ ცხელი გიგანტია, ზედაპირის ტემპერატურით 25 000°K.
ასევე ძალზე საინტერესო ობიექტებს წარმოადგენს სამი ვარსკვლავი ორიონის სარტყელზე: ζ და δ ვარსკვლავები მიეკუთვნებიან იშვიათ O სპექტრულ კლასს და მათი ზედაპირის ტემპერატურა მცირეოდენ აღემატება 25 000°K. მესამე ვარსკვლავი ε ფიზიკური თვისებებით ძალზე წააგავს ჩვენთვის უკვე ნაცნობ χ -ს.
იპოვეთ ორიონის თანავარსკვლავედში O კლასის კიდევ ორი კაშკაშა ვარსკვლავი σ და λ. ეს უკანასკნელი ორიონის უკაშკაშეს ვარსკვლავთა შორის ყველაზე ცხელია - მისი ზედაპირის ტემპერატურა 30 000°K ფარგლებშია.
ორიონის თანავარსკვლავედის კაშკაშა ζ ვარსკვლავი ალნიტაკი ბეთელგეიზეს ქვემოთ, ორიონის სარტყელის ”კიდეზე” განთავსდება. მისი მძლავრი ულტრაიისფერი გამოსხივება წყალბადის აირის უზარმაზარ ღრუბლებს აღაგზნებს და გამომსხივარ ნისლეულს წამოქმნის, რომელსაც ”კოცონი” ეწოდება. კატალოგებში ის ცნობილია, როგორც NGC 2024 და Sh2-277 (სურათი 80). ნისლეული ”კოცონი” ორიონის მოლეკულური აიროვანი ღრუბელის ნაწილია, რომელიც სახელგანთმულ ვარსკვლავთწარმომშობ ნისლეულს - ”ცხენის თავს” მოიცავს (სურათი 81).
სურ. 80. ნისლეული ”კოცონი” (NGC 2024 და Sh2-277) და კაშკაშა ვარსკვლავი ალნიტაკი (ორიონის ζ ). (c) ალექსანდრე არტ-დვალი. |
სურ. 81. ნისლეული ”კოცონი” (მარცხნივ), ალნიტაკი და ნისლეული ”ცხენის თავი” (NGC 2023, ”ბარნარდ 33”) ორიონის თანავარსკვლავედში. (c) დავით დვალი. |
No comments:
Post a Comment