დღე დღეს მისდევს, კვირა კვირას, და ბოლოს, ყოველგვარი ეჭვი საბოლოოდ ქრება. რეგულარულად, კარგი საათის მექანიზმივით, ცეფევსის δ, ყოველ 5 დღეღამესა და 6 საათში ბრწყინვალების მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ კი წყნარად ეშვება მინიმუმამდე.
დროის სხვადასხვა მომენტში ვარსკვლავის ბრწყინვალების გაზომვამ საშუალება მოგვცა, აგვეგო ბრწყინვალების ცვალებადობის მრუდი (სურათი 62). ეს მრუდი ცეფევსის δ-ს პერიოდულ "თვალის პაჭუნზე"' მიგვითითებს. უფრო მეტიც, აღმოჩენილი იქნა ცვალებადი ვარსკვლავების - ცეფეიდების ახალი კლასი, რომელმაც სახელწოდება ამ კლასის მთავარი ვარსკვლავის საპატივცემულოდ მიიღო.
სურ. 62. ცეფევსის δ-ს ბრწყინვალების ცვალებადობის მრუდი |
აღმოჩენის ავტორია ჯონ გუდრაიკი - ჰოლანდიელი ახალგაზრდა, რომელმაც განათლება ინგლისში მიიღო. პირველი ცეფეიდის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე, 1782 წელს, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებამ მას უმაღლესი ჯილდო - კოპლის მედალი მიანიჭა, პერსევსის თანავარსკვლავედის ერთერთი მთავარი ვარსკვლავის - ალგოლის ცვალებადობის აღმოჩენის გამო. ეს ნიჭიერი, ახალგაზრდა მკვლევარი ძალიან ადრე გარდაიცვალა, 1786 წელს, 21 წლის ასაკში. მაგრამ ასტრონომები იღბლიანი ხალხია: მათი სახელები და ნამუშევრები დაკავშირებულია ყველაზე უფრო ხარგრძლივად არსებულ ობიექტებთან, რასაც კი ადამიანის თვალი მისწვდება.
გავიმეოროთ: ცეფევსის δ-ს სიკაშკაშე საოცრად რიტმულად იცვლება. მისი ბრწყინვალების ცვლებადობის პერიოდი უზუსტესადაა განსაზღვრული - 5,366306 დღეღამე! პერიოდიდან პერიოდამდე, სიკაშკაშის ცვალებადობის ხასიათი პრაქტიკულად არ იცვლება, ამიტომ ცეფეიდებისა და სხვა პერიოდული ცვალებადი ვარსკვლავებისათვის ასტრონომები შეჯერებულ ანუ "საშუალო" მრუდს აგებენ, სადაც მთელი დაკვირვება ერთ პერიოდამდე დაიყვანება.
ბრწყინვალების სწრაფი ავარდნა 3m,6-მდე და მისი შედარებით ნელი დაკლება 4m,3-მდე - ასეთი სურათი დამახასიათებელია როგორც ცეფევსის δ-სათვის, ასევე მისი მსგავსი სხვა ვარსკვლავებისათვისაც, რომლებსაც ცეფეიდები ეწოდებათ. დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ სიკაშკაშესთან ერთად ცეფევსის δ-ს სხვა ფიზიკური მახასიათებლებიც იცვლება: ფერი, ტემპერატურა, სიჩქარე მხედველობის სხივის გასწვრივ. იცვლება აგრეთვე სპექტრული კლასიც - F0 კლასის ვარსკვლავს, ბრწყინვალების მინიმუმში, G0 კლასისათვის დამახასიათებელი სპექტრი აქვს.
ამ რთულ მოვლენებში გარკვევა არც ისე იოლი იყო, მაგრამ ახლა ცეფეიდების ბუნება ზოგადად გარკვეულია. ეს მოთეთრო-მოყვითალო ფერის გიგანტი ვარსკვლავებია, რომელთა შინაგანი წონასწორობა, რაღაც ჯერ კიდევ გაურკვეველ მიზეზთა გამო, დარღვეულია. შუქურას მსგავსად, ასეთი ვარსკვლავი განუწყვეტლივ პულსირებს, იცვლის რა ამასთანავე, სიკაშკაშეს და სხვა ფიზიკურ მახასიათებლებს. ცეფეიდების პულსაცია გრანდიოზულია, ისევე როგორც ყველაფერი ვარსკვლავთა სამყაროში. მათი რადიუსი მილიონობით კილომეტრებით იცვლება, რაც ვარსკვლავის რადიუსის საშუალო სიდიდის, უნდა ითქვას და, 5%-ს როდი აღემატება.
როდესაც ცეფეიდი მაქსიმალურადაა შეკუმშული, მისი ზედაპირის ტემპერატურა უდიდესია, და ამ მომენტში ის მაქსიმალურ სიკაშკაშეს აღწევს. პირიქით, ვარსკვლავის უდიდესი ზომები მის უმდაბლეს ტემპერატურებსა და ყველაზე სუსტ ბრწყინვალებას შეესაბამება.
უცნაური სურათი წარმოგვიდგებოდა დედამიწიდან, ჩვენი მზე რომ ცეფეიდი იყოს. მაგრამ მზე ყვითელი ჯუჯაა, ხოლო ცეფეიდები - მოყვითალო-მოთეთრო გიგანტებია და საბედნიეროდ, მათ ფიზიკურ ბუნებაში საერთო ცოტაა.
ცეფევსის თანავარსკვლავედში არის კიდევ ერთი, ძალზე კაშკაშა ცეფეიდი - β ვარსკვლავი (სურათი 63). მას ბრწყინვალების ცვალებადობის ძალზე მცირე პერიოდი აქვს - მხოლოდ 0,19 დღეღამე, და ასევე მცირე ამპლიტუდაც - 0m,05. შეუიარაღებელი თვალისათვის ის ყოველთვის ერთნაირად კაშკაშაა, მაგრამ ძალზე მგრძნობიარე ასტრონომიული ფოტომეტრები მკვეთრად აღიქვამენ სიკაშკაშის ამ უბადრუკ ცვალებადობას. ეს ცვალებადობა ისევე პერიოდულია, როგორც ცეფევსის δ-ს შემთხვევაში, თუმცა ცეფევსის β მაინც არ არის ტიპიური "კლასიკური ცეფეიდი". ის დიდი ძაღლის ტიპის ცვალებადი ვარსკვლავების განსაკუთრებულ კლასში შედის. ეს ვარსკვლავები, ჩვეულებრივ ცეფეიდებთან შედარებით, გაცილებით ცხელია და თეთრ გიგანტებს წარმოადგენენ. მათი ბრწყინვალების ცვლილება, ნაწილობრივ, პულსაციებითაა გამოწვეული; თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ამას ემატება ვარსკვლავთა ატმოსფეროებში მიმდინარე რთული მოვლენებიც. აქ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია. მანამდე კი - ცეფევსის β-ს ტიპის ვარსკვლავები ცეფეიდების სახესხვაობად ითვლება.
ცეფევსის და ვარსკვლავებს შორის, თითქმის შუაში, განთავსდება უნიკალური ვარსკვლავი, რომელიც μ ასოთი აღინიშნება. მისმა უჩვეულო, მუქ-წითელმა შეფერილობამ ჯერ კიდევ უილიამ ჰერშელის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ცეფევსის μ-ს "ბროწეულა" ვარსკვლავი უწოდა. ეს წითელი მზე ცაზე სისხლის გამჭვირვალე წვეთის დარად ბრწყინავს, და შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებად ვარსკვლავთა შორის ყველაზე მეტად კაშკაშებს. ცეფევსის μ-ს ფერი განსაკუთრებით კარგად შეინიშნება, თუკი ბინოკლში ჯერ ცეფევსის α-ს შევხედავთ, ხოლო შემდეგ, მაშინვე გადავიტანთ მზერას "ბროწეულა" ვარსკვლავზე. და აქ ჩვენ არც თვალი გვატყუებს და არც რაიმე სახის, რთულ ფსიქოფიზიოლოგიურ ეფექტებს აქვს ადგილი - ეს სინამდვილეშიც, ერთერთი ყველაზე უფრო ცივი ვარსკვლავია, რომლის ზედაპირის ტემპერატურა 2000°K ფარგლებშია.
"ბროწეულა" ვარსკვლავი დედამიწიდან ფრიად შორსაა - ჩვენ მას თითქმის ათასი წლის "დაგვიანებით" ვხედავთ. მიუხედავად ამისა, ცეფევსის μ ერთერთია იმ მცირერიცხოვანი ვარსკვლავებიდან, რომლის განივკვეთიც უშუალოდ (ინტერფერომეტრის მეშვეობით) გაიზომა. ზომების მხრივ, ცეფევსის ერთერთი უდიდესი ვარსკვლავია, მისი დიამეტრი თითქმის 1500-ჯერ აღემატება მზისას.
შემჩნეულია, რომ ცეფევსის μ -ს ბრწყინვალება მუდმივი არ არის, მაგრამ საკმაოდ უწესრიგოდ იცვლება, ამასთან, ამპლიტუდა 0m,6 აღწევს. ცვალებადი ვარსკვლავების ამ, ერთი შეხედვით, სრულიად უწესრიგო რხევებში, გარკვეული კანონზომიერება შეინიშნება. ცეფევსის μ-ს სიკაშკაშის ცვალებადობის რთული მრუდი (სურათი 64) შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამი სხვადასხვა პერიოდის რხევების დამთხვევა 90, 750 და 4675 დღის ხანგრძლივობით. ასეთი ტიპის ვარსკვლავებს ნახევრად წესიერი ცვალებადები ეწოდება, და ცეფევსის μ-ც ამ ვარსკვლავების ერთერთ ქვეკლასს უდგას სათავეში.
სურ. 64. ცეფევსის μ-ს სიკაშკაშის ცვალებადობის რთული მრუდი |
ჯერ კიდევ რთული სათქმელია, თუ სახელდობრ, რითაა გამოწვეული ცეფევსის μ-ს ტიპის ცვალებად ვარსკვლავებში ბრწყინვალების ცვალებადობა. აქ სახეზეა ვარსკვლავის როგორც უწესრიგო (ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ნახევრად წესიერი) პულსაცია, ასევე, მისი ბირთვიდან ატმოსფეროში გავარვარებული გაზების რაღაცნაირი, არაპერიოდული გამოფრქვევაც.
ცეფევსის თანავარსკვლავედში არის კიდევ ორი შესანიშნავი ორჯერადი ვარსკვლავი. წარმოიდგინეთ, რომ საუბარია არა რაღაც უცხო, არამედ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ცეფევსის δ და β შესახებ.
მთავარ δ ცეფეიდს 14” კუთხურ მანძილზე 7m,5 თანამგზავრი ჰყავს: ოქროსფერი-მოყვითალო ცეფეიდი და მისი მოცისფრო თანამგზავრი მთელ ცაზე ერთერთი ულამაზესი ვარსკვლავიერი წყვილია უახლოეს ვარსკვლავიერ წყვილთა შორის (სურათი 65).
სურ. 65. ცეფევსის δ-ს სისტემა |
ორივე ვარსკვლავი სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო 50 წლის ინტერვალით გარემოიქცევა. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ წინაშე სამი ვარსკვლავისაგან შემდგარი ფიზიკური სისტემაა; ამასთანავე, მათ შორის მთავარი - საკმაოდ რთული ბუნების მქონე ცეფეიდია, რომელიც თანამედროვე ასტრონომიას უამრავ თავსატეხს უქმნის.
No comments:
Post a Comment