Saturday, February 14, 2015

ჟირაფი და ფოცხვერი


 სურ. 72. ჟირაფის თანავარსკვლავედი
  უნდა ითქვას, რომ ჟირაფის თანავარსკვლავედი (სურათი 72), უმთავრესად, იმითაა შესანიშნავი, რომ მასში ყველა ვარსკვლავი 4m-ზე ნაკლებია. ამ თანავარსკვლავედის  ერთად-ერთი საყურადღებო ობიექტია საკმაოდ კაშკაშა (6m), გაფანტული ვარსკვლავი გროვა NGC 1502, რომლის დიამეტრიც რკალის მხოლოდ 6 მინუტს შეადგენს. იგი ბინოკლითაც ადვილად მოიძებნება, თუმცა მხოლოდ მსხვილ ტელესკოპში წარმოჩინდება იგი მთელი თავისი ეფექტურობით (სურათი 73).

სურ. 73.  NGC 1502 ჟირაფის თანავარსკვლავედში

  როგორც უკვე ითქვა, ფოცხვერის თანავარსკვლავედი (სურათი 74) ეწოდება დედამიწის ცის ვარსკვლავებით უღარიბეს უბანს. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ფოცხვერის თანავარსკვლავედში მაინც არის ორი 4m-ზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი. თუმცა, ისინი დიდად არაფრით გამოირჩევიან.

სურ. 74. ფოცხვერის თანავარსკვლავედი
 სუსტი ვარსკვლავეის მოძებნაში ვარჯიში ნამდვილად შეიძლება, თუკი მოვისურვებთ, რომ ფოცხვერის α ვიპოვოთ. ეს არის ნარინჯისფერი 3m,2 ვარსკვლავი, რომელიც დიდი დათვის უკანა თათების გაგრძელებაზე იმყოფება (სურათი 74). ცხადია, ასტრონომებისათვის არ არსებობს "მთავარი" და "მეორეხარისხოვანი" ვარსკვლავები. მათ აინტერესებთ ყველაფერი, რაც კი დაკვირვებისათვის არის მისაწვდომი. ასტრონომებმა შეისწავლეს ფოცხვერის α, განსაზღვრეს მისი ტემპერატურა, სივრცეში მოძრაობა და დაადგინეს, რომ ეს, არაფრით გამორჩეული ნარინჯისფერი მზე ჩვენგან 50 პს მანძილზე იმყოფება.

 ეს მონაცემები დაფიქსირებულია მილიარდობით ვარსკვლავისათვის, რაც საოცრად  რთული და მომქანცველი სამუშაოა. რა გასაკვირია, რომ ასტრონომებს დღემდე ხუმრობით "ვარსკვლავთმრიცხველებს" უწოდებენ! თუმცა ეს ღრმა, შინაარსიანი ხუმრობაა. აი უკვე რამდენი საუკუნეა, ასტრონომი-ვარსკვლავთმრიცხველები თითოეული ვარსკვლავის შესახებ აგროვებენ მონაცემებს და შეაქვთ ისინი ვარსკვლავთა კატალოგებში.

No comments:

Post a Comment