Wednesday, January 7, 2015

გალაქტიკები

  შემოდგომის ბნელი ღამეების განმავლობაში, მთელი ცის გასწვრივ, ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე, მოთეთრო, სუსტად მნათი და უსწორმასწორო ზოლი გადაივლის, რომელსაც ირმის ნახტომი ეწოდება. ეს ზოლი, სანამ ჰორიზონტს იქით გაუჩინარდება, მთელ ცას გადაივლის და სხვადასხვა უბანზე განსხვავებულ სიგანესა და სიკაშკაშეს გამოავლენს (სურათი 11).

სურ. 11. ირმის ნახტომი
  ტელესკოპით დაკვირვებისას ირმის ნახტომში აურაცხელი სუსტი ნათობის ვარსკვლავი გამოვლინდება, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისათვის ერთ მთლიან ნათებად მოჩანს.

  ირმის ნახტომი მოიცავს იმ ვარსკვლავების ძირითად ნაწილს, რომლებიც ჩვენს გალაქტიკას წარმოქმნიან. გალაქტიკა - ეს არის ვარსკვლავთა უზარმაზარი სისტემა, რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს მზესაც, სადაც იგი ერთერთი რიგითი ვარსკვლავია.

  რომ შეგვძლებოდა ჩვენი გალაქტიკის გარედან დანახვა, მისი გვერდითი ხედი თითისტარასავით გამოჩნდებოდა. ამ “თითისტარას” ცენტრში მასიური ვარსკვლავების მკვრივი, სფეროსებური გროვაა, რომლებიც გალაქტიკის ბირთვს წარმოქმნიან. სამწუხაროდ, დედამიწელი დამკვირვებლისათვის იგი უხილავია, ვინაიდან მას ამ მხრიდან კოსმოსური მტვერის მძლავრი ბნელი ღრუბლები ეფარება. თუმცა, მართალია ეს მტვერი თვალისათვის ხილულ სინათლეს აკავებს, სამაგიეროდ გამჭვირვალეა უხილავი ინფრაწითელი სხივებისათვის, რომელთა დაჭერა-დაფიქსირება სპეციალური ხელსაწყოს (ელექტრონულ-ოპტიკური გარდამქმნელი) მეშვეობით ხდება. ამგვარად, ასტრონომები ჩვენი ვარსკვლავიერი სისტემის ბირთვს შეისწავლიან, რისთვისაც ძალზე დიდი სიძნელეების გადალახვა უწევთ.

  როგორც უკვე ითქვა, გალაქტიკაში 300 მილიარდამდე ვარსკვლავია. მათ შორისაა ყველა ის ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ცაზე ვაკვირდებით, მათ შორის - ირმის ნახტომის ფარგლებში (სურათი 12). მზის სისტემა გალაქტიკის ეკვატორული სიბრტყის მახლობლად განთავსდება, მისი ცენტრიდან გარე საზღვრებამდე მანძილის დაახლოებით ნახევარზე. უფრო ზუსტად, გალაქტიკის ცენტრიდან მზემდე 23 500 სინათლის წელია, მაშინ როდესაც გალაქტიკის განიკვეთი დაახლოებით 85 000 სინათლის წელია. შევნიშნოთ, რომ გალაქტიკას გამოკვეთილი საზღვრები არ გააჩნია, იგი თანდათანობით “უჩინარდება”.

სურ. 12. მზის სისტემის ადგილმდებარეობა გალაქტიკაში ”ირმის ნახტომი”.

  ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ დედამიწის ცაზე ირმის ნახტომის არსებობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ადგილმდებარეობასთან გალაქტიკის ფარგლებში. დედამიწიდან დაკვირვების დროს ვარსკვლავთა უმეტესობა გალაქტიკის ეკვაროტული სიბრტყის მიმართულებით მოჩანს, ხოლო ყველაზე ცოტა ვარსკვლავი - მისი პერპენდიკულარული მიმართულებით. აქედან გამომდინარე, გალაქტიკის ბირთვი ცაზე ირმის ნახტომშია და კოსმოსური მტვერი რომ არა, იგი მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით გამოჩნდებოდა.

  მარტოხელა, ორჯერადი და ცვალებადი ვარსკვლავების გარდა, გალაქტიკაში შედის აგრეთვე ვარსკვლავიერი გროვები და ნისლეულები. შემჩნეულია, რომ ვარსკვლავთშორისი დიფუზური მატერია, შედარებით თხელი ფენის სახით, ჩვენი ვარსკვლავიერი სისტემის ეკვატორულ სიბრტყეშია კონცენტრირებული. რაც შეეხება, მაგალითად, სფერულ ვარსკვლავიერ გროვებს, ისინი ამ სიბრტყიდან ფრიად განსხვავებულ მანძილებზე გვხვდება.

  გალაქტიკას საკმაოდ რთული აგებულება აქვს. “ზემოდან” დაკვირვებისას იგი უზარმაზარი სპირალის სახით გამოჩნდებოდა, ბირთვიდან გამომავალი “მკლავებით” ანუ “ტოტებით”. დადგენილია, რომ გალაქტიკა შედგება ერთგვაროვანი ობიექტების (ვარსკვლავები, ვარსკვლავიერი გროვები, ნისლეულები) მთელი რიგი ურთიერთგამჭოლავი ქვესისტემებისაგან. ამ ქვესისტემებიდან ზოგიერთი (მაგალითად, სფერული ვარსკვლავიერი გროვების ქვესისტემა) ჩვენს გალაქტიკას ყველა მხრიდან არტყამს გარს უზარმაზარი სფეროსებური ჯგროს სახით. სხვა ქვესისტემები, მაგ. პლანეტური ნისლეულების ანუ თეთრი ჯუჯების სისტემა, გალაქტიკის ეკვატორული სიბრტყის მიმართულებით “შებრტყელებულია”. ამგვარად, მხოლოდ გალაქტიკის “ჩონჩხი”, ანუ გალაქტიკის ვარსკვლავთა ძირითადი ნაწილი წარმოქმნის სივრცეში შებრტყელებულ ვარსკვლავიერ სპირალს.

  ჩვენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავი გარემოიქცევა მისი ცენტრის ირგვლივ და, ამასთან, სხვადასხვა პერიოდით, რისი ხანრგძლივობაც იზრდება ცენტრიდან პერიფერიისაკენ.

  გამოთვლილია, რომ მზე თავის პლანეტებთან ერთად, გალაქტიკის ბირთვის ირგვლივ ერთ “შემოფრენას” დაახლოებით 200 მილიონ წელიწადს ანდომებს, ხოლო მზის სისტემის ამ გადაადგილების ორბიტული პერიოდის სიჩქარე 250კმ/წმ ფარგლებშია. გარდა ამისა, მზის სისტემა თავისი მეზობლების _ უახლოესი ვარსკვლავების მიმართაც გადაადგილდება. ეს მოძრაობა ქნარისა და ჰერკულესის თანავარსკვლავედების მიმართულებით ხდება, რის შესახებაც ერთხელ უკვე ვისაუბრეთ.

  ამგვარად, მზისა და ჩვენი გალაქტიკის სხვა ვარსკვლავების მოძრაობა საკმაოდ რთული სახისაა.

  მახვილი თვალის მქონე ადამიანი ანდრომედას თანავარსკვლავედში სუსტად მნათ, პატარა ოვალურ ლაქას შეამჩნევს (სურათი 13). მცირე ზომის ტელესკოპით დაკვირვებისას ეს ლაქა შეიძლება ჩვეულებრივ ნათელ აიროვან ნისლეულად მივიჩნიოთ. სინამდვილეში, ამ ლაქის ბუნება, რომელსაც ანდრომედას ნისლეულს უწოდებენ, სრულიად განსხვავდება აიროვანი ნისლეულების ბუნებისაგან.

სურ. 13. ანდრომედას ნისლეული
 
 თანამედროვე მძლავრი ტელესკოპებით დაკვირვებისას ვრწმუნდებით, რომ ანდრომედას ნისლეული უზარმაზარი ვარსკვლავიერი სისტემაა, რომელიც არაფრით ჩამორჩება ჩვენს გალაქტიკას. მხოლოდ თავისი წარმოუდგენელი სიშორის გამო (მისგან სინათლის სხივი დედამიწამდე თითქმის 1 700 000 წელიწადში აღწევს) გვეჩვენება ანდრომედას ნისლეული ნათელ ლაქად. სინამდვილეში მისი განიკვეთი რამდენჯერმე აღემატება ჩვენი გალაქტიკის განიკვეთს, ხოლო მის შემადგენლობაში ათასობით მილიონი ვარსკვლავი, ვარსკვლავიერი გროვა და ნისლეულია (სურათი 14).

სურ. 14. ანდრომედას გალაქტიკა

  ანდრომედას ნისლეული ჩვენსკენ თითქმის გვერდითაა მობრუნებული, თუმცა მაინც იოლად შეიმჩნევა მისი სპირალისებური აგებულება - სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენს გალაქტიკას აქვს. ამჟამად ჩვენ უკვე შეგვიძლია დავაკვირდეთ მილიარდობით სხვა გალაქტიკასაც. ზოგიერთ მათგანს ჩვენ “სიბრტყით” ვხედავთ, ხოლო გვერდით მობრუნებულთა კიდეზე კი იოლად შეიმჩნევა მტვროვანი მატერიის ბნელი ზოლი.

  სურათ 15-ზე გამოსახულია ორი გალაქტიკა: უზარმაზარი სპირალი და “კოლტი” მის ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთს მთავარი გალაქტიკის ტოტის მეშვეობით უერთდებიან. მსგავსი დაკავშირებული გალაქტიკების შესახებ ძალზე ბევრი რამ არის ცნობილი. გალაქტიკების ფორმები მრავალგვარია და ყოველთვის სპირალებს როდი მოგვაგონებენ. ბევრი გალაქტიკა რთული ურთიერთქმედების მდგომარეობაშია, ზოგჯერ კი ურთიერთშეღწევის სტადიაშიც იმყოფება.

სურ. 15. გალაქტიკების შეჯახება

  მსხვილი გალაქტიკების ზომები შეიძლება ჩვენს ვარსკვლავიერ სისტემას შევადაროთ, ხოლო მანძილი მათ შორის ათობით აღემატება მათ განიკვეთს. ანდრომედას ნისლეული და ბევრი სხვა გალაქტიკა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს; უფრო ზუსტად, მათი შემადგენელი ვარსკვლავები მიმოიქცევა გალაქტიკის ბირთვის გარშემო.

  გალაქტიკათშორისი სივრცე ცარიელი როდია. იგი სავსეა ძალზე გაუხშოებული ნივთიერებით, რომელსაც გალაქტიკათშორისი პლაზმა ეწოდება. დაკვირვებადი გალაქტიკებიდან ყველაზე შორეულები დედამიწიდან მილიარდობით სინათლის წლების დაშორებით იმყოფება. სწორედ ასე განიზომება ამჟამად დაკვირვებადი სამყაროს რადიუსი.

  გალაქტიკები სივრცეში არათანაბრადაა განაწილებული, რის შედეგადაც ზოგჯერ გალაქტიკური გროვები წარმოიშობა. ზოგიერთი ფაქტი იმაზე მიგვითითებს, რომ ამჟამად ჩვენს მიერ დაკვირვებადი გალაქტიკები გრანდიოზული მატერიალური სისტემის შემადგენლობაში შედიან, რომელსაც მეტაგალაქტიკა ეწოდება. მათში ვარსკვლავების როლს ცალკეული გალაქტიკები ასრულებენ. სავარაუდოდ, ისინი რომელიღაცა ძალზე შორეული ცენტრის გარშემო მიმოიქცევიან.

  ვინაიდან დღეისათვის მეტაგალაქტიკის ზომები მნიშვნელოვნად აღემატება დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომი სამყაროს ნაწილის ზომებს, მისი დეტალური შესწავლა უფრო მომავლის საქმედ გვევლინება.

  რაოდენ შორსაც არ უნდა იხედებოდეს ტელესკოპით აღჭურვილი ადამიანი, იგი ყველგან ხვდება და ყოველთვის შეხვდება ახალ სამყაროებსა და ახალ მატერიალურ სისტემებს, რომლებიც უწყვეტ მოძრაობასა და განზომილებაში იმყოფებიან.

  ასეთია ვარსკვლავიერი სამყაროს ზოგადი სახე; ახლა კი, მის უფრო დეტალურად შესწავლას შევუდგებით.



No comments:

Post a Comment