Sunday, January 25, 2015

პოლარული თანავარსკვლავედები

  პოლარულ ვარსკვლავს, რომელიც “სათავეში უდგას“ პატარა დათვს, და მის უახლოეს თანავარსკვლავედებს უჭირავთ ვარსკვლავიერი ცის უბანი, რომელსაც პოლარული უბანი ეწოდება. ევრაზიის ზომიერ სარტყელში ცის ეს უბანი ყოველთვის ხელმისაწვდომია დაკვირვებისათვის და, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ვარსკვლავიერ ცაზე ჩვენი მოგზაურობა სწორედ აქედან იწყება.

  მეორეს მხრივ, პოლარული თანავარსკვლავედების რიცხვს მიეკუთვნება დიდი დათვი, რომლის შვიდვარსკვლავა “ჩამჩა” ბევრი ადამიანისათვის ბავშვობიდან არის ცნობილი (სურათი 39).

სურ. 39. დიდი დათვის თანავარსკვლავედი ცაზე. (с) კახა გოგოლაშვილი, 5D MARK 2

  დიდი და პატარა დათვის გარდა, პოლარულ თანავარსკვლავედებს მიეკუთვნება კასიოპეა, ცეფევსი, დრაკონი, ჟირაფი და ფოცხვერი. როგორ ვიპოვოთ ისინი ვარსკვლავიერ ცაზე?

  ჯობს დიდი დათვიდან დავიწყოთ. შემოდგომისა და ზამთრის ღამეებში მისი შვიდვარსკვლავა ჩამჩა მკაფიოდ მოჩანს ცის ჩრდილოეთ მხარეს. გაზაფხულსა და ზაფხულში, საღამოობით, ეს “ჩამჩა” გაცილებით უფრო მაღლა, ზენიტის მახლობლად უნდა ვეძებოთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თანავარსკვლავედში ჯერ ვიპოვოთ მისი უმთავრესი, დამახასიათებელი ნაწილი, ხოლო შემდეგ, უფრო დეტალური განხილვისას, ყველაფერი დანარჩენი. დიდ დათვში ასეთი “ჩონჩხი” არის ყველასათვის ცნობილი ჩამჩა (სურათი 40).

სურ. 40. დიდი დათვის თანავარსკვლავედის წარმოსახვითი ”ჩამჩა”.
  არსებობს ხერხი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დიდი დათვის ჩამჩის მეშვეობით ვიპოვოთ პოლარული ვარსკვლავი. ამისათვის, ჩამჩის ორ კიდურა ვარსკვლავზე ჩამჩის “სახელურის” მიმართულებით უნდა გავავლოთ წარმოსახვითი, ოდნავ მოხრილი რკალი (სურათი 41). ეს რკალი გაივლის მანძილს, რომელის დაახლოებით 5-ჯერ აღემატება მანძილს დიდი დათვის α  და β ვარსკვლავებს შორის. შემდეგ ის გაივლის მეორე ვარსკვლავიერი სიდიდის (2m) მქონე ვარსკვლავს, რომელიც სახელგანთქმული პოლარული ვარსკვლავია. მისგან, დიდი დათვის მიმართულებით, უფრო მცირე ზომის ჩამჩაა “გადაჭიმული”, რომლის სახელურიც ოდნავ მოხრილია - სწორედ ეს არის პატარა დათვის თანავარსკვლავედის მთავარი ნაწილი.

 სურ. 41. როგორ ვიპოვოთ პოლარული ვარსკვლავი და პატარა დათვის თანავარსკვლავედი
  ახლა უკვე კასიოპეას თანავარსკვლავედის მოძებნაც აღარ არის ძნელი. იგი პოლარული ვარსკვლავიდან დიდი დათვის საწინააღმდეგო მიმართულებით განთავსდება. მისი მთავარი ნაწილი წარმოქმნის ფიგურას, რომელიც გაწელილ M-ს წააგავს. თუკი მას ამოვაბრუნებთ, მაშინ ის W-ს ფორმას მიიღებს. ზოგიერთი მას ფრთებგაშლილ ფრინველსაც ადარებს (სურათი 42).

  კასიოპეასა და პატარა დათვს შორის ცეფევსის თანავარსკვლავედია მოთავსებული. იგი ჩამოთვლილ თანავარსკვლავედებთან შედარებით ნაკლებად შესამჩნევია და მისი მთავარი ვარსკვლავები რაიმე თვალშისაცემ ფიგურას არ წარმოქმნიან. ამიტომ, ასეთი თანავარსკვლავედები ძიებისთვის საჭიროა, რომ თანმიმდევრობით ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო ვარსკვლავები, რისთვისაც თითოეულ ჯერზე უნდა “გამოვიყენოთ” სხვა თანავარსკვლავედების უკვე ცნობილი ვარსკვლავები. ამასთან ცხადია, ძებნის პროცესში ცის სურათი გამუდმებით უნდა შევუდაროთ ვარსკვლავიერ რუკას. ასე, მაგალითად, თუ გვინდა ვიპოვოთ ცეფევსის α, უნდა გავავლოთ წარმოდგენითი წრფე  α  და  β  კასიოპეას შორის. ამ წრფის გაგრძელებაზე, დაახლოებით ოთხჯერ უფრო დიდ მანძილზე, იმყოფება სწორედ ცეფევსის α. ამის შემდეგ იოლად ვიპოვით ჯერ უახლოეს, ხოლო შემდეგ ამ თანავარსკვლავედის უფრო შორეულ ვარსკვლავებსაც.

სურ. 42. კასიოპეას და ცეფევსის თანავარსკვლავედები
  პატარა და დიდ დათვებს შორის დრაკონის თავი იკლაკნება. მისთვის დამახასიათებელი ვარსკვლავიერი ჯაჭვი რუკაზე ტეხილი ხაზით არის შეერთებული. ამ ტეხილის ბოლოში კი არათანაბარი ოთხკუთხედი იმყოფება, რაც ფანტასტიკური ურჩხულის თავს წარმოადგენს (სურათი 43).

სურ. 43. დრაკონის თანავარსკვლავედი პატარა და დიდი დათვის თანავარსკვლავედებს შორის ”იკლაკნება”.
  ჟირაფისა და ფოცხვერის თანავარსკვლავედები ცის ყველაზე უფრო ნაკლებას შესამჩნევ თანავარსკვლავედებს განეკუთვნებიან. ისინი მხოლოდ სუსტ ვარსკვლავებს მოიცავენ, რომლებიც სათითაოდ უნდა ვეძებოთ დიდ დათვის და კასიოპეას თანავარსკვლავედებს შორის. აქ რაიმე ნაცნობი ფიგურის სახსენებელიც კი არ არის. ეს არის მთელ ცაზე ყველაზე “ბნელი”, კაშკაშა ვარსკვლავებით ყველაზე უფრო ღარიბი უბანი.

  ძველი ბერძნები დიდი და პატარა დათვის შესახებ სასაცილო ლეგენდებს ყვებოდნენ. აი, ერთერთი მათგანი: ოდესღაც, უხსოვარ დროს, ცხოვრობდა არკადიის მეფე ლიქაონი. მას ჰყავდა ქალიშვილი, სახელად კალისტო. მისი სილამაზე იმდენად უჩვეულო იყო, რომ კალისტომ გაბედა და პაექრობა დაუწყო ჰერას, ღმერთქალს, ყოვლისშემძლე უმთავრესი ღვთაების, ზევსის მეუღლეს. ეჭვიანმა ჰერამ, ბოლოს და ბოლოს, განიზრახა სამაგიერო გადაეხადა კალისტოსთვის და იგი მახინჯ დედა-დათვად გადააქცია. ერთხელაც, კალისტოს ვაჟიშვილი, არკასი, ნადირობიდან დაბრუნდა და სახლის კარებთან ველური ცხოველი დაინახა. არკასი ვერაფერს მიხვდა და დედას მოკვლა დაუპირა. მაგრამ ზევსმა, რომელიც უკვე დიდი ხანია ეტრფოდა კალისტოს, ამ დანაშაულს ხელი შეუშალა. კრიტიკულ მომენტში მან ხელი დაუჭირა არკასს, ხოლო კალისტო სამუდამოდ აიყვანა ზეცაში და ლამაზ თანავარსკვლავედად აქცია. ამასთან ერთად, მან პატარა დათვის თანავარსკვლავედად აქცია კალისტოს საყვარელი ძაღლიც. დედამიწაზე არც არკასი დარჩენილა: თანავარსკვლავედების შექმნით გატაცებულმა ზევსმა იგი მენახირის თანავარსკვლავედად გადააქცია, რომელიც სამუდამოდ განწირულია იმისათვის, რომ ზეცაში დედამისს უყარაულოს. სწორედ ამიტომ, მენახირის თანავარსკვლავედის მთავარ ვარსკვლავს არქტური ეწოდება. ეს სახელწოდება, როგორც ჩანს, წარმოიშვა სიტყვიდან “არქტოფილაქსი”, რაც ბერძნულად “დარაჯს” ან “მცველს” ნიშნავს.

   კიდევ უფრო მეტად რომანტიულია ცეფევსის და კასიოპეას თანავარსკვლავედების წარმოშობის ისტორია (მოყვანილია მითის მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი). ძველი ბერძნების მიხედვით, ოდესღაც ეთიოპიას ლედენდარული მეფე ცეფევსი მართავდა. ერთხელ მისმა მეუღლემ, დედოფალმა კასიოპეამ, ზღვის მითიურ მაცხოვრებლებთან - ნერეიდებთან - სილამაზით თავის მოწონება განიზრახა. ნერეიდებს სავსებით გასაგები ქალური ეჭვიანობით აევსოთ გული და მათ ზღვის ღვთაებას, პოსეიდონს შესჩივლეს. პოსეიდონმა ეთიოპიის ნაპირებს საშინელი ზღვის ურჩხული მიუქსია, რომელმაც ქვეყანას აურაცხელი უბედურება დააყენა თავს - ურჩხული ყველაფერს პირწმინდად ანადგურებდა. მაშინ ცეფევსმა უკიდურეს საშუალებას მიმართა: პოსეიდონის დასამშვიდებლად მან ურჩხულს თავისი ერთადერთი და საყვარელი ქალიშვილი - ანდრომედე გაუგზავნა შესაჭმელად.

  ეს მშვენიერი შავგვრემანი ქალიშვილი ნაპირთან, კლდეზე იყო მიჯაჭვული. იგი ცრემლებად იღვრებოდა და თავის ტრაგიკულ ხვედრს მორჩილად ელოდა. ამავე დროს, ქვეყნიერების მეორე კიდეზე, ერთერთი ყველაზე უფრო პოპულარული გმირი - პერსევსი წარმოუდგენელ გმირობას სჩადიოდა: ის შეიპარა მარტოხელა კუნძულზე, სადაც ცხოვრობდნენ გორგონები, ქალისმაგვარი ურჩხულები, რომელთა თავებზეც თმების ნაცვლად გველები ფუთფუთებდნენ. გოროგონებს ისეთი საშინელი გამოხედვა ჰქონდათ, რომ ყველა, ვინც მათ თვალებში შეხედავდა, იმწამსვე ქვავდებოდა.

  მაგრამ მამაც პერსევსს არაფერი აშინებდა. მან გამოიყენა მომენტი, როდესაც გორგონებს ჩაეძინათ და თავი მოაჭრა ერთერთ მათგანს, მედუზას. მედუზას უთავო ტანიდან მაშინვე გამოფრინდა ფრთოსანი რაში - პეგასი. პერსევსი მაშინვე შემოახტა პეგასს და სამშობლოსკენ გააქროლა. ეთიოპიაზე გადაფრენისას მან კლდეზე მიჯაჭვულ ანდრომედეს მოჰკრა თვალი. ზუსტად იმ მომენტში ზღვიდან ურჩხულმა ამოყვინთა და ანდრომედესაკენ გაექანა. მაგრამ გულადი პერსევსი ურჩხულთან თავგანწირულ ბრძოლაში ჩაება. შერკინება დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, პერსევსმა გამარჯვებას მხოლოდ იმიტომ მიაღწია, რომ მოახერხა და უჩხულს მედუზას მოჭრილი თავის სასიკვდილო გამოხედვა შეაფეთა. ურჩხული მაშინვე გაქვავდა და კუნძულად იქცა, ხოლო პერსევსმა ანდრომედეს ჯაჭვები შემოხსნა და მამას დაუბრუნა. ეს გრძელი ისტორია პერსევსისა და ანდრომედეს მხიარული ქორწილით დასრულდა, ხოლო ძველი ბერძნების ამოუწურავმა ფანტაზიამ ეს პერსონაჟები უჩვეულო მოხაზულობის თანავარსკვლავედებად აქცია.

  უძველეს მითებს უკავშირდება აგრეთვე დრაკონის თანავარსკვლავედიც. ძველი ბერძნული მითების თანახმად, ის იმ მითიურ დრაკონს გამოსახავს, რომელიც უჩვეულო, ოქროს ვაშლების ბაღს დარაჯობდა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ეს ის ურჩხულია, რომელმაც კინაღამ გადაყლაპა ანდრომედე.

  ყველა ეს მითი გულუბრყვილოა და იმავდროულად, თავისებური ხიბლიც ახლავს თან. ამ ლედენგებმა ასახვა ჰპოვეს ხელოვნების უამრავ შედევრში. თუმცა, უძველეს ცივილიზაციათა პოეტური მითოლოგიის ყველაზე მყარი ძეგლები, უდაოდ, თანავარსკვლავედებია.

  სულ სხვა წარმოშობისაა ჟირაფის და ფოცხვერის თანავარსკვლავედები. პირველად ჟირაფის თანავარსკვლავედი გვხვდება ვარსკვლავიერ რუკაზე, რომელიც შეადგინა ბარჩიუსმა - დიდი კეპლერის სიძემ. რუკა 1624 წელს არის გამოცემული. მართალია, ბარჩიუსი არ განმარტავს, თუ როგორ წარმოიშვა ჟირაფის თანავარსკვლავედი, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას უკავშირდება, კერძოდ, აფრიკაში მოგზაურობას.

 ფოცხვერის თანავარსკვლავედის წარმოშობის ისტორია კურიოზულია. იგი 1660 წელს შემოიღო სახელგანთქმულმა ასტრონომმა ჰაველიუსმა, მარტივი მოტივით: ჰაველიუსის სიტყვებით, “ცის ამ ნაწილში მხოლოდ პატარა ვარსკვლავები გვხვდება. საჭიროა ფოცხვერის თვალები იმისათვის, რომ განვასხვავოთ და ამოვიცნოთ ისინი”. მხოლოდ ამ მიზეზების გამო გაჩნდა ფოცხვერის თანავარსკვლავედი. სიმართლე ითქვას, ჰაველიუსი სწორად აფასებდა თავის გამომგონებლობას და წერდა: “თუ ვინმეს ჩემი არჩევანი არ მოსწონს, შეუძლია აქ სხვა რამ ჩახატოს, რაც უფრო მეტად მოეწონება. რაც არ უნდა მოხდეს, ცის ამ ადგილას ძალიან დიდი სიცარიელე დაგვრჩებოდა, თუ როგორმე არ შევავსებდით”.

 პოლარული თანავარსკვლავედების ამგვარი ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, უფრო დეტალურად გავეცნოთ თითოეულ მათგანს - მიმოვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე. მუდმივად მხედველობის არეში მყოფი პოლარული თანავარსკვლავედებიდან გადავინაცვლოთ ზამთრის, გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომისთვის დამახასიათებელ, "სეზონურ" თანავარსკვლავედებზე. თანავარსკვლავედების "სეზონურობა", ცხადია, პირობითია. მაგალითად, ზამთრის ხანგრძლივი ღამეების განმავლობაში, დაისიდან განთიადამდე, ჰორიზონტის თავზე ნელ-ნელა გადასრიალდება არა მარტო "ჭეშმარიტად ზამთრის" არამედ "შემოდგომის" (ადრეულ საღამოს) და "გაზაფხულის" (დილისკენ) და, ნაწილობრივ, "ზაფხულის" თანავარსკვლავედებიც კი. ამიტომ, "სეზონური" ვარსკვლავიერი ცა განვიხილოთ პირობითად, წლის გარკვეული დღეებისა და დღე-ღამის განსაზღვრული მომენტების გათვალისწინებით.

4 comments:

  1. სხვა თანავარსკვლავედებზეც სიამოვნებით წავიკითხავდი მსგავს სტატიას <3

    ReplyDelete
  2. კიდევ დადეთ სხვა თანავასკვლავედები როგორ ვიპოვო

    ReplyDelete
    Replies
    1. მოგესალმებით. ყველა თანავარსკვლავედია, იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ :)

      Delete