Wednesday, January 28, 2015

პატარა დათვი

  ამ თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი - პოლარული ვარსკვლავია, სახელად - პოლარისი. პატარა დათვის მთავარი ღირსება სწორედ ის არის (სურათი 55).

სურ. 55. პატარა დათვის თანავარსკვლავედი და პოლარისი
  პოლარული ვარსკვლავი საყოველთაოდაა ცნობილი, რაც მისი ფიზიკური თვისებებით როდია გამოწვეული (ამის შესახებ ცოტამ თუ იცის). საქმე ისაა, რომ იგი ჩრდილოეთ პოლუსთან უახლოესია. ამ მხრივ, შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ კაშკაშა ვარსკვლავების შორის მას ბადალი არა ჰყავს. თუმცა, საინტერესო ერთი რამაა: საკმარისია თუნდაც ბინოკლში გავიხედოთ და იოლად შევამჩნევთ  6m,4  სიდიდის  ვარსკვლავს, რომლის პირობითი აღნიშვნაა 2r* . ეს ვარსკვლავი კიდევ უფრო ახლოსაა პოლუსთან, ვიდრე პოლარული.

  პოლარული ვარსკვლავის როლი დედამიწის ცაზე მხოლოდ დროებითია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დედამიწის ღერძის პრეცესიული მოძრაობა მისი პოლუსების ძალზე ნელ, მაგრამ უეჭველ გადანაცვლებაში გამოიხატება. დაახლოებით სამიათასი წლის წინათ, პოლუსთან ყველაზე ახლოს პატარა დათვის თანავარსკვლავედის  β  ვარსკვლავი  იმყოფებოდა. ხილული სიკაშკაშის მიხედვით იგი სულ ოდნავ ჩამორჩება პოლარისს. მას საკუთარი სახელიც კი აქვს - ქოჰაბი, რაც მომდინარეობს არაბული "ქოჰაბ-ელ-შემალი"-საგან, რაც "ჩრდილოეთის ვარსკვლავს" ნიშნავს. ჩინეთში პატარა დათვის  β  ვარსკვლავს "სამეფო ვარსკვლავი" ეწოდებოდა, რაც გზამკვლევის იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის გამოძახილია, რომელიც დღეს პოლარულ ვარსკვლავს აკისრია.

  ბინოკლში კარგად შეიმჩნევა, რომ პოლარულ ვარსკვლავს მოყვითალო ფერი აქვს. იგი მზეზე ცოტაოდენ უფრო ცხელია: მისი ზედაპირის ტემპერატურაა  6900 K. პოლარული ვარსკვლავი ზეგიგანტი ვარსკვლავების ტიპს განეკუთვნება. ჩვენი მზე მის გვერდით ძალზე უბრალო გამოჩნდებოდა, ვინაიდან პოლარულის განივკვეთი 120-ჯერ აღემატება მზის დიამეტრს.

  შესანიშნავი ის არის, რომ პოლარული ვარსკვლავი პ უ ლ ს ი რ ე ბ ს, მისი მოცულობა დროდადრო იმატებს და კლებულობს. ამის გამო მცირეოდენ იცვლება ვარსკვლავის სპექტრი და ტემპერატურა, და, ცხადია, ხილული სიკაშკაშეც. მაქსიმუმში პოლარული ვარსკვლავი 1m,96 სიდიდისაა, ხოლო მინიმუმში 2m,05.  ეს  გასაოცარი  ვარსკვლავიერი  მექანიზმი ძალზე რიტმულად მუშაობს - მოსაზღვრე მაქსიმუმებს შორის პერიოდი ოთხ დედამიწისეულ დღეღამეს შეადგენს.

  პოლარული ვარსკვლავი - ტიპიური ცეფეიდია. დედამიწიდან პოლარულ ვარსკვლავამდე 472 სინათლის წელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პოლარული ვარსკვლავი ისე წარმოგვიდგება, როგორიც ის კოლუმბის დროს იყო!

  სიმართლე რომ ითქვას, დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენი მზე პოლარული ვარსკვლავისა თუ სხვა ცეფეიდების მსგავსი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ტყავზე გამოვცდიდით ტემპერატურისა და განათებულობის ძალზე სწრაფ და ხშირ ცვალებადობას. ამას გარდა, პოლარული ვარსკვლავი ცეფეიდიც რომ არ ყოფილიყო, მისით მზის ჩანაცვლებას მაინც კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა: თუ დედამიწის ორბიტას სასწრაფოდ არ გადავწევდით, 10 000-ჯერ უფრო მძლავრი სინათლისა და სითბოს გამოსხივება იმწამსვე ნაცარტუტად აქცევდა ჩვენი პლანეტის მთელ ორგანულ სამყაროს.

  დიდ სასკოლო რეფრაქტორში, პოლარული ვარსკვლავის გვერდით, მისგან  18”-ზე მოჩანს მისი თანამგზავრი - თითქმის მე-9 სიდიდის ვარსკვლავი. იგი 1779 წელს აღმოაჩინა ვარსკვლავიერი სამყაროს სახელგანთქმულმა მკვლევარმა უილიამ ჰერშელმა. შესაძლოა ეს ვარსკვლავი ფიზიკურადაა დაკავშირებული პოლარულს, თუმცა, თანამგზავრის ორბიტული მოძრაობის უშუალოდ შემჩნევა ძალზე რთულია. ამ სისტემაში გარემოქცევის პერიოდი ძალზე დიდი უნდა იყოს.

  პოლარული და მისი თანამზავრი (სურათი 56) ტემპერატურის მხრივ მხოლოდ მცირეოდენ განსხვავდებიან: თანამგზავრი ვარსკვლავი ცოტა უფრო ცხელია. მაგრამ ზომების მიხედვით ამ ვარსკვლავებს საერთო არაფერი აქვთ: პოლარისი - ზეგიგანტია, მისი თანამგზავრი კი - მოყვითალო-მოთეთრო ვარსკვლავი, რომელიც მზეზე ოდნავ უფრო მსხვილია.

სურ. 56. პოლარისი და მისი თანამგზავრი ვარსკვლავი
  სხვათა შორის, ეს თანამგზავრი ტელესკოპებში მომწვანო ფერისაა. როგორც ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ მკითხველი, ამგვარ შემთხვევებში ის ოპტიკური ილუზიის მსხვერპლია, თუმცა, ძალზე ლამაზი ილუზიის. მის გარეშე ბევრი ორჯერადი ვარსკვლავი უფერულ და არაეფექტურ სახეს მიიღებდა.

  უნდა ითქვას, რომ ამით პატარა დათვის ღირსშესანიშნაობები ძირითადად ამოიწურება: იგი კვლავ რჩება პატარა თანავარსკვლავედად, რომელშიც შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ 20 ვარსკვლავი შეიმჩნევა.

1 comment:

  1. ვინ აღმოაჩინა პატარა დათვის თანავარსკვლავედი?

    ReplyDelete