დიდი დათვის თანავარსკვლავედში არის ექვსი კაშკაშა ნისლეული, რომლებიც მესიეს კატალოგში 81, 82, 97, 101, 108 და 109 ნომრებად მოიხსენიება. მათ შორის ხუთი - თავიანთი ბუნებით მსგავსია და შორეულ ვარსკვლავიერ სისტემებს - გალაქტიკებს წარმოადგენენ. რაც შეეხება მეექვსე ნისლეულს, რომელიც აღინიშნება, როგორც M97 (იკითხება - "მესიე 97"), იგი მკვეთრად განსხვავდება ყველა დანარჩენისაგან.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის არა ვარსკვლავიერი სისტემა, არამედ - მანათობელი გაზის უზარმაზარი ბურთისებრი ღრუბელი. გარეგნულად ნისლეული პლანეტის დისკს წააგავს, რის გამოც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავს წარმონაქმნებს პლანეტურ ნისლეულებს უწოდებენ. მძლავრ ტელესკოპებში დიდი დათვის თანავარსკვლავედის პლანეტური ნისლეული რაღაცით ბუს სიფათს მოგვაგონებს, რის გამოც ასტრონომები მას არაოფიციალურად "ბუს" უწოდებენ (სურათი 52).
სურ. 52. ნისლეული M97 ”ბუ” |
ნისლეულის ცენტრში, როგორც წესი, მოჩანს ძალზე ცხელი თეთრი ვარსკვლავი. ბევრი საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ნისლეულების წარმომქმნელი გაზები ოდესღაც ცენტრალური ვარსკვლავის მიერ იქმნა გამოტყორცნილი, რაღაც არც თუ მთლად გასაგებ აფეთქების პროცესში. ყოველ შემთხვევაში, დღეს ნისლეული ვარსკვლავიდან ყველა მიმართულებით ფართოვდება, რაც აშკარად მიუთითებს მის წარმომქმნელ წყაროზე.
ნისლეული "ბუ" ძალზე შორეული და დაკვირვებისათვის რთული ობიექტია: მზის სისტემისაგან იგი 2290 პარსეკითაა დაშორებული, ხოლო მისი ხილული ბრწყინვალებაა დაახლოებით 12m. ნისლეულის ხილული კუთხური დიამეტრი საშუალებას იძლევა იოლად გამოვთვალოთ, რომ სინამდვილეში ის დიამეტრით 230 000-ჯერ აღემატება დედამიწის ორბიტის განივკვეთს. და მაინც, ის ჩვენი ვარსკვლავიერი სისტემის, ჩვენი გალაქტიკის ობიექტია. მხოლოდ თავისი არასრულყოფილი ტელესკოპის გამო იყო მესიე იძულებული, რომ აიროვანი ნისლეულები თავის კატალოგში სხვა ვარსკვლავიერ სისტემებთან ერთად განეთავსებია.
დიდი დათვის საგანძურში, რომლებიც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისათვის დაფარულია, უამრავი გალაქტიკაა. მოვიხსენიებთ მხოლოდ სამ მათგანს: M101, M81 და M82.
გალაქტიკა M101 შეიძლება პატარა ტელესკოპითაც აღმოვაჩინოთ, რომელიც 8m,2 ვარსკვლავიერი სიდიდის, მცირე ზომის მანათობელ ლაქად წარმოგვიდგება. ის განთავსდება მიცართან ახლოს, დიდი დათვის "კუდს" ზემოთ. სურათი 53 გვიჩვენებს შესანიშნავ ვარსკვლავიერ სპირალს, რომელიც ჩვენ შემთხვევითად "ბრტყელი" მხრიდან წარმოგვიდგება. ეს უზარმაზარი ვარსკვლავიერი სისტემა მილიარდობით მზისაგან შედგება. ამ გალაქტიკის ათასობით ან, შესაძლოა, მილიონობით პლანეტა დასახლებულია არსებებით, რომლებსაც ჩვენი გალაქტიკა თავიანთ ვარსკვლავიერ კატალოგებში აქვთ შეტანილი: "იქიდან", M101 ნისლეულიდან ხომ ის შესანიშნავად მოჩანს. თუმცა, მათ რომ "ზე-ტელესკოპები"
ჰქონდეთ და დედამიწაზე მომხდარ მოვლენებს ამჩნევდნენ, ადამიანებს ისინი ვერ დაინახავდნენ: დედამიწა მათ წარმოუდგებოდათ ისეთად, როგორიც ის იყო 8 მილიონი წლის წინათ - სწორედ ამდენი დრო სჭირდება სინათლის სხივს, რომ M101-დან ჩვენს გალაქტიკამდე მანძილი გადალახოს!
ორი სხვა გალაქტიკა, M81 და M82, რომელთა ბრწყინვალებაა 7m,9 და 9m,2, ორმაგ გალაქტიკას წამოქმნიან, ორჯერადი ვარსკვლავის მსგავსად. ისინი ცაზე ერთმანეთთან ძალზე ახლოს მოჩანს, სწორედ იმ ვარსკვლავებს შორის, სადაც ძველ ბერძნებს დიდი დათვის დრუნჩი ელანდებოდათ. ვარსკვლავიერი სისტემის ამ წყვილამდე 2300 კილოპარსეკი მანძილია (კპს). გალაქტიკა M81 (ისევე, როგორც გალაქტიკა M101) ჩვენი ვარსკვლავიერი სისტემის შემცირებული ანალოგია. მისი დიამეტრი თითქმის ოთხჯერ უფრო მცირეა. ჩვენსკენ მცირეოდენ გვერდულადაა შემობრუნებული, მაგრამ მისი სპირალისებური აგებულება მაინც შესანიშნავად მოჩანს (სურათი 54).
უსასრულო სამყაროს ჩვენს მიერ დაკვირვებად ნაწილში მატერიის განაწილებას ერთი თავისებურება ახასიათებს - ის უაღრესად არათანაბარია. ვარსკვლავები წარმოქმნიან ორჯერად, სამჯერად და საერთოდ, ჯერად სისტემებს. მათი უწყვეტი რიგები კი ქმნიან ვარსკვლავიერ გროვებსა და გალაქტიკებს. თუმცა, თვით ეს ვარსკვლავიერი სისტემებიც კი ერწყმიან ერთმანეთს, უზარმაზარ ჯგუფებად ერთიანდებიან და წარმოუდგენლად გიგანტურ გალაქტიკურ ღრუბლებს ქმნიან.
დიდი დათვის თანავარსკვლავედში სამი ასეთი ღრუბელი ანუ გალაქტიკების გროვაა ცნობილი. მათ შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სამასი გალაქტიკისაგან შედგება. ამ გროვის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილს აქვს 200 კპს განივკვეთი. თუმცა, ცაზე ამ ღრუბელს უჭირავს ფართობი, რომელიც მხოლოდ მცირეოდენ აღემატება მთვარის დისკს.
როგორც ერთი მთლიანი (თუ გალაქტიკების ურთიერთგადაადგილებას, მცირე ხნით, მეორეხარისხოვან მოვლენად ჩავთვლით), გალაქტიკათა ეს გროვა დედამიწას 15 000კმ/წმ სიჩქარით შორდება! სწორედაც რომ, ეს გალაქტიკური ღრუბელი ჩვენგან ტყვიაზე 10000-ჯერ უფრო სწრაფად მიფრინავს.
დადგენილია, რომ ყველა გალაქტიკა შორდება დედამიწას. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი პლანეტა კოსმოსში ყველაზე უფრო უსიამოვნო ადგილია, რის გამოც ყველა გალაქტიკა ცდილობს, რაც შეიძლება შორს დაიჭიროს თავი. სულაც არა, უბრალოდ, ჩვენს მიერ ცნობილი ყველა გალაქტიკის სისტემა ფართოვდება, "იბერება". სწორედ ეს არის სახელგანთქმული და უდაოდ, რეალური მოვლენის - "წითელი წანაცვლების" არსი.
მილიარდობით წლის წინათ, როგორც ჩანს, რაღაც წარმოუდგენელი სიმძლავრის აფეთქებამ გალაქტიკების გაქცევა გამოიწვია. სისულელე იქნებოდა, რომ ეს დასკვნა მთელი უსასრულო სამყაროსათვის მოგვერგო, თუმცა, ჩვენს მიერ დაკვირვებადი კოსმოსის გაფართოება უდაოა.
დიდი დათვის თანავარსკვლავედში აღმოჩენილი დიდებული სურათები გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ ვარსკვლავიერი სამყაროს ევოლუციის გზებს, გალაქტიკათა დაბადების საიდუმლოებებს. მაგალითად, ჩვენს მიერ უკვე ნაცნობი გალაქტიკური წყვილის M81 და M82 სპექტრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთერთი მათგანი ჩვენგან 187კმ/წმ, ხოლო მეორე - 74კმ/წმ სიჩქარით მიფრინავს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთიმეორეს 113კმ/წმ სიჩქარით შორდებიან. აქედან, ბუნებრივია, კეთდება დასკვნა, რომ ეს გალაქტიკები ერთად გაჩნდნენ და დაბადებისას მიიღეს საწყისი სიჩქარეები, რაც სისტემას უწყვეტად გაფართოებას აიძულებს.
No comments:
Post a Comment