როდესაც
ჩვენი გალაქტიკების მსგავს ვარსკვლავიერ სისტემებს ვაკვირდებით, ვრწმუნდებით, რომ მათ ცენტრულ უბნებში, მოცულობის ერთეულში, ვარსკვლავთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე პერიფერიაზე. ავიღოთ, მაგ. ანდრომედას ნისლეულის ფოტოსურათი (სურათი 207). ამ გალაქტიკის ცენტრში მკვრივი, სფეროსებური ვარსკვლავიერი ბირთვი გამოირჩევა. აქ იმდენად ბევრი და მჭიდროდ ჩალაგებული ვარსკვლავია, რომ ამერიკელმა ასტრონომმა ბაადემ მხოლოდ 1944 წლისათვის მოახერხა მისი ცალკეულ ვარსკვლავებად
"გამოჩხრეკა".
უეჭველია,
რომ მსგავსი ვარსკვლავიერი ბირთვი ჩვენს გალაქტიკაშიც არსებობს. ვარსკვლავთა სიჩქარეების (მიმართულება და სიდიდე) მიხედვით, შეიძლება გამოითვალოს, თუ ცის კერძოდ რომელ უბანში უნდა მოჩანდეს გალაქტიკური ბირთვი. გამოთვლების მიხედვით, გალაქტიკის ცენტრის მიახლოებითი კოორდინატები ეკვატორულ სისტემაში შემდეგნაირად განისაზღვრა: აღმ. 17h 45m
40.04s, დეკ −29° 00′ 28.1″ (J2000 ეპოქა).
ვარსკვლავიერი
რუკის მეშვეობით იოლად განისაზღვრება, რომ ამ კოორდინატების წერტილი მშვილდოსნის თანავარსკვლავედშია.
დიახ, სწორედ ამ თანავარსკვლავედში
დაიკვირვება
ჩვენი გალაქტიკის
დიდებული გული - ვარსკვლავთა მასიური გროვა, რომელიც თავისი ჯამური მიზიდულობით გალაქტიკის ყველა სხვა მნათობს აიძულებს, იმოძრაონ მის გარშემო (სურათი 208). ამასთან, ცხადია, რომ თვით ბირთვის ვარსკვლავებიც მათემატიკური წერტილის გარშემო ბრუნავენ, რომელიც მთელი ჩვენი ვარსკვლავიერი სისტემისათვის სიმძიმის საერთო ცენტრს წარმოადგენს.
სურ. 208. "ირმის ნახტომის" ცენტრის სურათი
დადგენილი
იქნა, რომ ჩვენი და ანდრომედას გალაქტიკებში (და სხვა მსგავს სისტემებში) დინამიური ცენტრები უცნაური ობიექტებით ხასიათდება: ეს არის მცირე ზომის (20 პს დიამეტრის ფარგლებში) ძალზე მკვრივი წარმონაქმნები, რომლებიც მკვეთრი და მძლავრი რადიოგამოსხივებით
ხასიათდებიან
(გალაქტიკის
აქტიური გულები).
სამწუხაროდ,
ყველა ამ დეტალის გარჩევა ჩვეულებრივი ტელესკოპების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. გალაქტიკური ბირთვი გარშემორტყმულია
ბნელი მტვროვანი მატერიის მძლავრი ღრუბლებით, რომლებიც ხილულ სხივებს აკავებენ. თუმცაღა, ეს კოსმოსური მტვერი თავისუფლად ატარებს უხილავ ინფრაწითელ და რადიოგამოსხივებას.
აქედან გამომდინარე, ინფრაწითელი სხივების მეშვეობით შესაძლებელია გალაქტიკის ბირთვის თუნდაც ნაწილობრივ ფოტოგრაფირება (სურათი 209). გალაქტიკათა ბირთვების შესწავლა რადიოასტრონომიის
მეშვეობითაა
შესაძლებელი.
და
მაინც, საინტერესოა ცაზე იმ უბნის მოძიება, სადაც კოსმოსური მტვრის ბნელი ფარდის მიღმა ჩვენი გალაქტიკის ყველაზე უფრო კაშკაშა და ყველაზე "ვარსკვლავიერი"
ნაწილი იმალება. ვარსკვლავთშორისი
სივრცე გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, გალაქტიკის გულის ადგილმდებარეობის
მითითება როდი მოგვიწევდა: ასეთ შემთხვევაში ეს ბირთვი, მზისა და მთვარის შემდეგ, ყველაზე კაშკაშა ობიექტი იქნებოდა დედამიწის ცაზე. გალაქტიკური ბირთვით განათებული საგნები მკვეთრ ჩრდილებს გამოსახავდნენ პლანეტის ზედაპირზე.
მიუხედავად
იმისა, რომ ბუნებამ უარი გვითხრა ამ შესანიშნავ სანახაობაზე, მშვილდოსნის თანავარსკვლავედი
მაინც ძალიან მდიდარია სხვა ვარსკვლავიერი გროვებითა და ნისლეულებით, რომლებზე დაკვირვებაც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ მათ მივაპყრობთ ახლა თქვენს ყურადღებას (სურათი 210).
გაფანტული
გროვებიდან
ყველაზე უფრო შთამბეჭდავია
M23 (სურათი 211). სფერულ
ვარსკვლავიერ
გროვათა შორის ყურადღებას იპყრობს უკაშკაშესი M4 (სურათი 212). ჩვენთან ეს ობიექტი იოლად დაიკვირვება, თუმცა ჰორიზონტის სიახლოვეს. სხვათაშორის, M4
არა მარტო უკაშკაშესი, არამედ - ჩვენთან უახლოესი სფერული ვარსკვლავიერი გროვაცაა.
სურ. 211. გაფანტული ვარსკვლავიერი გროვა M23
სფერული
გროვა M22
იმითაა ღირსშესანიშნავი,
რომ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის - 7 მილიონ ვარსკვლავს აერთიანებს (სურათი 213). დასახლების მხრივ ის 14-ჯერ აღემატება ჰერკულესის M13 გროვას.
მშვილდოსნის
თანავარსკვლავედში
სამი მსხვილი და კაშკაშა დიფუზური ნისლეული დაიკვირვება: "ლაგუნა", "ომეგა" და "ტრიფიდა".
და
ბოლოს, მშვილდოსნის თანავარსკვლავედი
ორ T-ასოციაციას შეიცავს. მათ შორის ერთერთი - M8 ნისლეულის სიახლოვეს აერთიანებს ვარსკვლავებს, ხოლო მეორე - M20 ნისლეულის სიახლოვეს. ამ ასოციაციებამდე მანძილები თითქმის ერთნაირია და 1,3 და 1,4 კპს შეადგენს.
No comments:
Post a Comment