Thursday, September 1, 2016

თხისრქა

სურ. 203. თხისრქის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

   ამ უღიმღამო მოხაზულობის თანავარსკვლავედში მისი ორი უკაშკაშესი ვარსკვლავი გამოირჩევა: α და β. მიმართეთ თქვენი ტელესკოპი თხისრქის α ვარსკვლავისაკენ და იოლად დარწმუნდებით, რომ ის ორჯერადია. თუმცა ეს წყვილი ოპტიკურია და მისი ორი α1 და α2 ვარსკვლავები არ არიან ერთმანეთთან ფიზიკურად დაკავშირებული. ისინი ნელნელა მიემართებიან სივრცეში სხვადასხვა მხარეს. სამაგიეროდ, თითოეული მათგანი ფიზიკურად ორჯერადია, თუმცა სასკოლო ტელესკოპს ამ მჭიდრო წყვილების "გაცალკევება" არ შეუძლია (სურათი 204).

სურ. 204. თხისრქის α ვარსკვლავი

    თხისრქის β ვარსკვლავი რთული ვარსკვლავიერი სისტემაა. დღემდე დანამდვილებით არ არის ცნობილი, ოპტიკურია თუ ფიზიკური β1 და β2 სისტემა. უფრო კაშკაშა β1 კომპონენტი, თავის მხრივ, სულ ცოტა, სამი კომპონენტისაგან შედგება. ერთ–ერთი კომპონენტი K კლასის გიგანტია, რომელიც მზეს ზომით 35–ჯერ, ხოლო ნათობით – 600–ჯერ აღემატება. მისი წყვილი B კლასის მთავარი მიმდევრობის ჯუჯა ვარსკვლავია, რომელსაც მცირე ზომის კომპანიონი ჰყავს.

     თხისრქის β ვარსკვლავის უფრო მკრთალი β2 კომპონენტი უკეთაა შესწავლილი: ის ორჯერადი ვარსკვლავია, რომლის მთავარი კომპონენტი A0 კლასის გიგანტია, რომლის ნათობაც მზისას 40–ჯერ აღემატება. მისი ახლო კომპანიონი უცნაური ვარსკვლავია: მის ატმოსფეროში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ვერცხლისწყალი და მანგანუმია (სურათი 205).

 სურ. 205. თხისრქის β ვარსკვლავის რთული ვარსკვლავიერი სისტემა

    თხისრქის ζ ვარსკვლავის ახლოს იმყოფება სფერული ვარსკვლავიერი გროვა M30, რომელიც M2-ის მსგავსად, ცხელი მნათობებისაგან შედგება; თუმცა სიკაშკაშით ამ უკანასკნელს ბევრად ჩამოუვარდება (სურათი 206). 12,6 კპს მანძილი ჩვენს შორის წამში 100 კმ-ით მცირდებაამას აშკარად მიუთითებს სპექტრული ხაზების წანაცვლება. შევნიშნოთ, რომ სფერული გროვების მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი, ხოლო ამ ობიექტების ხილულ მოძრაობაში აირეკლება არა მარტო "საკუთარი" სიჩქარეები, არამედმათი რთული გარემოქცევაც გალაქტიკის ცენტრის გარშემო.

 სურ. 206. სფერული ვარსკვლავიერი გროვა M30

No comments:

Post a Comment