Friday, February 17, 2017

სამკუთხედი

    ამ პატარა თანავარსკვლავედში, რომელშიც შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ 15-ოდე ვარსკვლავი განირჩევა, მოჩანს ჩვენთან ერთერთი უახლოესი და საუკეთესოდ შესწავლილი გალაქტიკა M33. ის უნდა ვეძებოთ სამკუთხედის α-ს მარჯვნივ, დაახლოებით ანდრომედას β ვარსკვლავის – მერაქის მიმართულებით (სურათი 238, 239).

სურ. 238. სამკუთხედის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

   გაითვალისწინეთ, რომ გალაქტიკა M33 ძნელი დასანახია. მართალია, ის ანდრომედას ნისლეულის შემდეგ ყველაზე კაშკაშა გალაქტიკაა (მისი ჯამური "ინტეგრალური" ბრწყინვალება 6m,2 ვარსკვლავის ბრწყინვალების ტოლია), მაგრამ მისი ზედაპირული სიმკვეთრე მცირეა. ამიტომ, მასზე დაკვირვება მხოლოდ ყველაზე უფრო ბნელ ღამეებში ღირს.

    ტელესკოპში თქვენ პატარა, მრგვალ მანათობელ ლაქას შენიშნავთ, ყოველგვარი წვრილმანების გარეშე. ამ დროს თვალი იმ სხივებს აღიქვამს, რომელიც ამ შორეულმა სისტემამ 1 800 000 წლის წინათ გამოსცა!

სურ. 239. სამკუთხედში M33 ნისლეულის ადგილმდებარეობა ცამრგვალზე

    კარგ ფოტოსურათებზე (სურათი 240) M33 გალაქტიკა ძალზედ ეფექტურია. ჩვენ მას თითქმის "სიბრტყეში" ვუყურებთ, რისი მეშვეობითაც მისი სპირალური ტოტები კარგად დაიკვირვება. ისინი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ანდრომედას ნისლეულის ან ჩვენი გალაქტიკის შემთხვევაში. შესაბამისად, M33-ის ბირთვსაც ნაკლები მოცულობა უჭირავს.

    ამ გალაქტიკაში დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები რაოდენობის ვარსკვლავია. მათ შორის 200-მდე ცვალებადია, უმეტესწილად – ცეფეიდები. არის გაზოვანი ნისლეულებიც, რომელთა სპექტრი ჩვენს გალაქტიკაში არსებული ნისლეულების მსგავსია. სამაგიეროდ, ბირთვში უმეტესწილად ცხელი ვარსკვლავები განთავსდება, რაც M33-ს ანდრომედასა და ჩვენი ირმის ნახტომისაგან განასხვავებს.

სურ. 240. გალაქტიკა  M33

    საინტერესოა, რომ წითელი ფილტრით გადაღებულ ფოტოსურათებზე M33 "იდღაბნება", თითქოს და სპირალური სტრუქტურა მას სულაც არ აქვს. ეს იმის გამოა, რომ სპირალები ცხელი ვარსკვლავებისაგან შედგება, რომლებიც ტალღის მოკლე სიგრძის მქონე "მოცისფრო" სხივებს გამოსცემენ; სამაგიეროდ, სფერული "ორეოლი" უამრავ წითელ გიგანტს მოიცავს. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ კოსმოსური ობიექტები სხვადასხვა სხივებში სხვადასხვაგვარად მოჩანს.

No comments:

Post a Comment