Wednesday, October 21, 2020

უნდა ვიცნობდეთ თუ არა თანავარსკვლავედებს?

  ვარსკვლავიერი ცა - ბუნების უდიდესი წიგნია. ვინც ამ წიგნის წაკითხვას შეძლებს, მის წინაშე ჩვენი გარემომცველი კოსმოსის უთვალავი საგანძური გადაიშლება. ასტრონომიის საიდუმლოებებში გაუთვიცნობიერებელი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, მატერიალურ ფორმათა როგორი სიმდიდრე, ბუნების რაოდენ ულევი შემოქმედება იმალება ვარსკვლავთა იმ წარმოსახვითი მოხაზულობების მიღმა, რომლებსაც ჩვენმა წინაპრებმა თანავარსკვლავედები უწოდეს.

  საუკუნეთა განმავლობაში, ღამის ცით მოხიბლული ადამიანები აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ ვარსკვლავიერ ცას - ბუნების ერთერთ ყველაზე უფრო გრანდიოზულ სანახაობას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, ციოლკოვსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ცის ყურადღებით შესწავლის ერა" - კოსმოსურმა ფრენებმა და გარეორბიტულმა აპარატებმა მოგვიახლოვეს ვარსკვლავები, ამიტომ დღეს ისინიც კი, ვინც შორს დგას ასტრონომიიდან, ვარსკვლავიერ ცაზე მხოლოდ დაკვირვებით კი არ კმაყოფილდებიან, არამედ სურვილი აქვთ შეიცნონ ამ სურათის ჭეშმარიტი არსი.

  თანავარსკვლავედების ცოდნა   ანბანია. მას უეჭველად უნდა იცნობდეს მოყვარული ასტრონომი და, მითუმეტეს - სპეციალისტი. როგორც შეუძლებელია წარმოიდგინო გეოგრაფი, რომელმაც არ იცის დედამიწის გლობუსის სურათი, ასევე წარმოუდგენელია ისეთი ასტრონომი, რომელიც ღამის ცის ვარსკვლავთა ბადეში იხლართება.

  მათთვის, ვინც კარგად იცნობს თანავარსკვლავედებს და მათი განლაგების თავისებურებებს ჰორიზონტის მიმართ, დღეღამისა და წელიწადის დროებზე დამოკიდებულებით, ვარსკვლავები ბრწყინვალე ორიენტირია, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება უცნობ ადგილებში ჰორიზონტის მხარეების პოვნა და, წარმოიდგინეთ, დროის მომენტის განსაზღვრაც კი. სწორედ ამ მდგომარეობამ უბიძგა ჩვენს წინაპრებს, რომ დაეწყოთ ვარსკვლავიერი ცის ყურადღებით შესწავლა. ჩვენს დროში თანავარსკვლავედებით ორიენტირების მეთოდებს კარგად უნდა ფლობდნენ ტურისტები, მზვერავები, მეზღვაურები და მფრინავები - მოკლედ, ყველა, ვისთვისაც დედამიწისეული ორიენტირები ზოგჯერ შეიძლება უმოქმედო აღმოჩნდეს. კარგად უნდა იცნობდნენ თანავარსკვლავედებს აგრეთვე ისინი, ვისაც დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებსა და კოსმოსურ ხომალდებზე დაკვირვება ევალება.

  დედამიწის ზედაპირიდან, თითოეულ მოცემულ მომენტში, ჩვენ ვხედავთ    ცის მხოლოდ ნახევარს. კოსმონავტებს, რომლებიც დედამიწიდან მთვარეზე დაფრინავენ, თვალწინ სულ სხვა სურათი წარმოუდგებათ: დედამიწისეული ციური ლანდშაფტები გაქრება, დამკვირვებელი გარშემორტყმული აღმოჩნდება ყოვლისმომცველი, შავი ვარსკვლავიერი ცით. დედამიწა, მზესა და მთვარესთან ერთად, მხოლოდ მთავარ მნათობად იქცევა სფეროსებურად მიმოფანტული თანავარსკვლავედების ფონზე. ცხადია, რომ ასეთ მდგომარეობაში თანავარსკვლავედების ცოდნა კიდევ უფრო საჭირო აღმოჩნდება, ვიდრე დედამიწაზე. შორეული კოსმოსური ფრენების დროს ვარსკვლავები ძირითად ორიენტირებად იქცევა.

  განსაკუთრებულად კარგად უნდა ერკვეოდეს ვარსკვლავიერ ცაში ყველა, ვინც ახალი კომეტების ძებნით არის დაკავებული. როდესაც აურაცხელ, სუსტად მანათობელ ვარსკვლავთა შორის პაწაწინა, ნისლივით ლაქა - ახალი, უცნობი კომეტა გამოჩნდება, იგი შეიძლება შეცდომით შორეულ ნისლეულად მივიჩნიოთ, რომლებიც ცამრგვალზე უხვადაა მიმოფანტული. თუ დამკვირვებელმა კარგად იცის, სად და რომელი ნისლეულები განთავსდება აქა თუ იქ, ამგვარი სამწუხარო შეცდომები გამორიცხული იქნება.

  ხშირია შემთხვევა, როდესაც არა სპეციალისტებს, არამედ მოყვარულ ასტრონომებს შეუნიშნავთ პირველად რომელიმე თანავარსკვლავედში მოულოდნელად ანთებული ახალი ვარსკვლავი. ცხადია, საჭიროა თანავარსკვლავედების ბრწყინვალე ცოდნა, რომ დროულად და უშეცდომოდ განისაზღვროს, თუ რომელი ვარსკვლავია "ზედმეტი".

  ასტრონომიის მოყვარულთათვის თანავარსკვლავედების გაცნობა კოსმოსის დამოუკიდებლად შესწავლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. გარდა ამისა, პოპულარული ასტრონომიის უამრავი მკითხველი, რომლებიც მოკლებული არიან ციურ სხეულებზე მეცნიერული დაკვირვებების წარმოების საშუალებას, უბრალოდ, სიამოვნებით ნახავდა ნატურაში იმ ობიექტებს, რომელთა შესახებ მათ მხოლოდ წიგნებში თუ წაუკითხავთ. მსგავსი სურვილები ყოველმხრივ წახალისებას იმსახურებს, ვინაიდან ვერც ერთი ნახატი, თვით საუკეთესო ფოტოსურათიც კი, ვერ გამოიწვევს კმაყოფილების ისეთ მძაფრ შეგრძნებას, როგორსაც "ცოცხალი" ბუნების უშუალო დაკვირვება იძლევა. ამგვარი დაკვირვებები მუდამ სასიამოვნოა და, იმავდროულად, შემეცნებითი.

  დამოუკიდებელი დაკვირვებების წარმოებისათვის, ცხადია, ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ განმარტებითი ტექსტების კითხვა და პრაქტიკული ქმედებები. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი, რომ ასტრონომიის მოყვარულებმა მთელი სიმძაფრით განიცადონ ბუნებასთან უშუალო შეხების სიხარული: ის ჩვენ წარმოგვიჩენს უსასრულო კოსმოსს, რომელიც ბრწყინავს მთელი თავისი ამოუწურავი მრავალფეროვნებით.

 

სურ. 1. ცაზე დაკვირვება საქართველოს ასტრონომიის კლუბის ღონისძიებაზე.

No comments:

Post a Comment