Wednesday, October 21, 2020

ვარსკვლავიერი ცის ზოგადი მიმოხილვა

  სანამ ცალკეული თანავარსკვლავედისა და მათი ღირსშესანიშნაობების აღწერას შევუდგებოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ვარსკვლავიერი ცის დასახლებათა ძირითადი ტიპები. ჩვენს მიერ შესასწავლი სურათის დეტალების ამგვარი ზოგადი მიმოხილვა საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში გვერდი ავუაროთ ზედმეტ განმეორებებს.

  მაინც, რა სახის ობიექტებთან მოგვიწევს შეხება დაკვირვებების წარმოების დროს?

 უპირველეს ყოვლისა, ეს - ვარსკვლავებია. მათი სპექტრების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ამ ციური სხეულების ბუნება მზის მსგავსია. ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომებით, სიმკვრივით, ფერითა და ტემპერატურით. ვარსკვლავების ქიმიური შედგენილობა ძირითადად მსგავსია, თუმცა სხვადასხვა ვარსკვლავში ამა თუ იმ ნივთიერების პროცენტული შემცველობა შეიძლება სხვადასხვა იყოს. ვარსკვლავებში წყალბადი და ჰელიუმი ჭარბობს, ხოლო სხვა ქიმიური ელემენტების პროცენტული შემცველობა მათში მცირეა.

  ვარსკვლავთა სპექტრები დიდძალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა, ამის მიზეზი ვარსკვლავთა ქიმიური შემადგენლობა კი არა, მნიშვნელოვანი ტემპერატურული განსხვავებებია.

  ვარსკვლავებზე დაკვირვების დროს შეიძლება შევნიშნოთ, რომ ისინი შეფერილობით განსხვავდებიან (სურ. 2): ზოგიერთი თეთრია ან მოცისფრო, სხვები მოყვითალო ან მოწითალოც კი. ვარსკვლავების შეფერილობათა განსხვავებულობა ტემპერატურას უკავშირდება. ყველაზე ცხელი თეთრი და ცისფერი მათი ზედაპირის ტემპერატურა  10 000 °K - 30 000 °K ფარგლებში მერყეობს.
 
 სურ. 3. ვარსკვლავები შეფერილობით განსხვავდებიან. ვარსკვლავთა დაჯგუფება მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. კოსმოსური ტელესკოპი ”Hubble”.
  გამონაკლისის სახით, კიდევ უფრო ცხელი ვარსკვლავებიც გვხვდება, რომელთა ზედაპირის ტემპერატურა 100 000°K ფარგლებშია. ყვითელი ვარსკვლავები, რომელთა რიცხვს ჩვენი მზეც მიეკუთვნება, შედარებით უფრო ცივია - მათი ზედაპირის ტემპერატურაა დაახლოებით 6000°K. ყველაზე ცივი - წითელი ვარსკვლავებია: ზოგიერთი მათგანის ზედაპირის ტემპერატურა 2000°K არ აღემატება. ვარსკვლავთა სიღრმეში, მათ წიაღში არსებული ტემპერატურები კი მილიონებს აღწევს.

  სიმართლე რომ ვთქვათ, ცისფერი ვარსკვლავები ბუნებაში არ არსებობს. არის მხოლოდ მოთეთრო-მოცისფრო შეფერილობის მნათობები. ზოგიერთი ვარსკვლავის ინტენსიური ცისფერი შეფერილობა ჩვენი მხედველობის სუბიექტურ თავისებურებათა შედეგია.

უნდა ვიცნობდეთ თუ არა თანავარსკვლავედებს?

  ვარსკვლავიერი ცა - ბუნების უდიდესი წიგნია. ვინც ამ წიგნის წაკითხვას შეძლებს, მის წინაშე ჩვენი გარემომცველი კოსმოსის უთვალავი საგანძური გადაიშლება. ასტრონომიის საიდუმლოებებში გაუთვიცნობიერებელი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, მატერიალურ ფორმათა როგორი სიმდიდრე, ბუნების რაოდენ ულევი შემოქმედება იმალება ვარსკვლავთა იმ წარმოსახვითი მოხაზულობების მიღმა, რომლებსაც ჩვენმა წინაპრებმა თანავარსკვლავედები უწოდეს.

  საუკუნეთა განმავლობაში, ღამის ცით მოხიბლული ადამიანები აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ ვარსკვლავიერ ცას - ბუნების ერთერთ ყველაზე უფრო გრანდიოზულ სანახაობას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, ციოლკოვსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ცის ყურადღებით შესწავლის ერა" - კოსმოსურმა ფრენებმა და გარეორბიტულმა აპარატებმა მოგვიახლოვეს ვარსკვლავები, ამიტომ დღეს ისინიც კი, ვინც შორს დგას ასტრონომიიდან, ვარსკვლავიერ ცაზე მხოლოდ დაკვირვებით კი არ კმაყოფილდებიან, არამედ სურვილი აქვთ შეიცნონ ამ სურათის ჭეშმარიტი არსი.

  თანავარსკვლავედების ცოდნა   ანბანია. მას უეჭველად უნდა იცნობდეს მოყვარული ასტრონომი და, მითუმეტეს - სპეციალისტი. როგორც შეუძლებელია წარმოიდგინო გეოგრაფი, რომელმაც არ იცის დედამიწის გლობუსის სურათი, ასევე წარმოუდგენელია ისეთი ასტრონომი, რომელიც ღამის ცის ვარსკვლავთა ბადეში იხლართება.

  მათთვის, ვინც კარგად იცნობს თანავარსკვლავედებს და მათი განლაგების თავისებურებებს ჰორიზონტის მიმართ, დღეღამისა და წელიწადის დროებზე დამოკიდებულებით, ვარსკვლავები ბრწყინვალე ორიენტირია, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება უცნობ ადგილებში ჰორიზონტის მხარეების პოვნა და, წარმოიდგინეთ, დროის მომენტის განსაზღვრაც კი. სწორედ ამ მდგომარეობამ უბიძგა ჩვენს წინაპრებს, რომ დაეწყოთ ვარსკვლავიერი ცის ყურადღებით შესწავლა. ჩვენს დროში თანავარსკვლავედებით ორიენტირების მეთოდებს კარგად უნდა ფლობდნენ ტურისტები, მზვერავები, მეზღვაურები და მფრინავები - მოკლედ, ყველა, ვისთვისაც დედამიწისეული ორიენტირები ზოგჯერ შეიძლება უმოქმედო აღმოჩნდეს. კარგად უნდა იცნობდნენ თანავარსკვლავედებს აგრეთვე ისინი, ვისაც დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებსა და კოსმოსურ ხომალდებზე დაკვირვება ევალება.

  დედამიწის ზედაპირიდან, თითოეულ მოცემულ მომენტში, ჩვენ ვხედავთ    ცის მხოლოდ ნახევარს. კოსმონავტებს, რომლებიც დედამიწიდან მთვარეზე დაფრინავენ, თვალწინ სულ სხვა სურათი წარმოუდგებათ: დედამიწისეული ციური ლანდშაფტები გაქრება, დამკვირვებელი გარშემორტყმული აღმოჩნდება ყოვლისმომცველი, შავი ვარსკვლავიერი ცით. დედამიწა, მზესა და მთვარესთან ერთად, მხოლოდ მთავარ მნათობად იქცევა სფეროსებურად მიმოფანტული თანავარსკვლავედების ფონზე. ცხადია, რომ ასეთ მდგომარეობაში თანავარსკვლავედების ცოდნა კიდევ უფრო საჭირო აღმოჩნდება, ვიდრე დედამიწაზე. შორეული კოსმოსური ფრენების დროს ვარსკვლავები ძირითად ორიენტირებად იქცევა.

  განსაკუთრებულად კარგად უნდა ერკვეოდეს ვარსკვლავიერ ცაში ყველა, ვინც ახალი კომეტების ძებნით არის დაკავებული. როდესაც აურაცხელ, სუსტად მანათობელ ვარსკვლავთა შორის პაწაწინა, ნისლივით ლაქა - ახალი, უცნობი კომეტა გამოჩნდება, იგი შეიძლება შეცდომით შორეულ ნისლეულად მივიჩნიოთ, რომლებიც ცამრგვალზე უხვადაა მიმოფანტული. თუ დამკვირვებელმა კარგად იცის, სად და რომელი ნისლეულები განთავსდება აქა თუ იქ, ამგვარი სამწუხარო შეცდომები გამორიცხული იქნება.

  ხშირია შემთხვევა, როდესაც არა სპეციალისტებს, არამედ მოყვარულ ასტრონომებს შეუნიშნავთ პირველად რომელიმე თანავარსკვლავედში მოულოდნელად ანთებული ახალი ვარსკვლავი. ცხადია, საჭიროა თანავარსკვლავედების ბრწყინვალე ცოდნა, რომ დროულად და უშეცდომოდ განისაზღვროს, თუ რომელი ვარსკვლავია "ზედმეტი".

  ასტრონომიის მოყვარულთათვის თანავარსკვლავედების გაცნობა კოსმოსის დამოუკიდებლად შესწავლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. გარდა ამისა, პოპულარული ასტრონომიის უამრავი მკითხველი, რომლებიც მოკლებული არიან ციურ სხეულებზე მეცნიერული დაკვირვებების წარმოების საშუალებას, უბრალოდ, სიამოვნებით ნახავდა ნატურაში იმ ობიექტებს, რომელთა შესახებ მათ მხოლოდ წიგნებში თუ წაუკითხავთ. მსგავსი სურვილები ყოველმხრივ წახალისებას იმსახურებს, ვინაიდან ვერც ერთი ნახატი, თვით საუკეთესო ფოტოსურათიც კი, ვერ გამოიწვევს კმაყოფილების ისეთ მძაფრ შეგრძნებას, როგორსაც "ცოცხალი" ბუნების უშუალო დაკვირვება იძლევა. ამგვარი დაკვირვებები მუდამ სასიამოვნოა და, იმავდროულად, შემეცნებითი.

  დამოუკიდებელი დაკვირვებების წარმოებისათვის, ცხადია, ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ განმარტებითი ტექსტების კითხვა და პრაქტიკული ქმედებები. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი, რომ ასტრონომიის მოყვარულებმა მთელი სიმძაფრით განიცადონ ბუნებასთან უშუალო შეხების სიხარული: ის ჩვენ წარმოგვიჩენს უსასრულო კოსმოსს, რომელიც ბრწყინავს მთელი თავისი ამოუწურავი მრავალფეროვნებით.

 

სურ. 1. ცაზე დაკვირვება საქართველოს ასტრონომიის კლუბის ღონისძიებაზე.

Saturday, August 22, 2020

თანავარსკვლავედების სახელწოდებათა შესახებ

ახალბედას, რომელიც ვარსკვლავიერი ცის შესწავლას შეუდგება, უპირველესად, თანავარსკვლავედების სახელწოდებები გააოცებს. როგორც წესი, ვარსკვლავების განლაგებებში, მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანიც კი ვერ გაარჩევს იმას, რაც თანავარსკვლავედის სახელწოდებაში აისახება. მაგალითად, დიდი დათვი (ყოველ შემთხვევაში, მისი უდიდესი ნაწილი მაინც) ჩამჩას უფრო გავს. ხოლო მის ახლომახლო უწესრიგოდ მიმოფანტული მკრთალი ვარსკვლავების ჯგუფები, რომლებსაც ჟირაფისა და ფოცხვერის თანავარსკვლავედებს უწოდებენ, არაფრით არ მოგვაგონებენ ნამდვილ ჟირაფსა და ფოცხვერს.

სახელწოდებათა მრავალფეროვნება არანაკლებ უცნაურია. ცაზე ერთმანეთთან ცხოვრებას იოლად ეგუებიან თანავარსკვლავედები: მენახირე და სექსტანტი, ჰიდრა და ბუზი, მიკროსკოპი და ხვლიკი! მაინც, რითია გამოწვეული თანავარსკვლავედების სახელწოდებათა ეს, ერთი შეხედვით, სრულიად ქაოსური კრებული?

ვარსკვლავიერ ცაზე სხვადასხვა ეპოქა და ყველა ჯურის ხალხთა შემოქმედება აისახება. თანამედროვე, საყოველთაოდ აღიარებულმა ანუ ოფიციალურმა ვარსკვლავიერმა რუკებმა, 88 თანავარსკვლავედით, ბოლო მოუღეს მრავალსაუკუნოვან მცდელობებს დაემკვიდრებინათ ზეცაზე ობიექტები, რომლებიც ამას ყოველთვის როდი იმსახურებდნენ. თანავარსკვლავედების ისტორიაში ბევრი რამაა მოგონილი, ზოგჯერ კი, უბრალოდ, უაზრო. ხშირად შეუძლებელიც კია გაარკვიო, თუ რა მოტივით გამოჩნდა ცაზე ესა თუ ის თანავარსკვლავედი, ხოლო ზოგიერთი თანავარსკვლავედის სახელწოდების მნიშვნელობაზე დღემდე დაობენ. დღეისათვის არსებული 88 თანავარსკვლავედის სიაც კი შედგენილია არა მარტო რაღაც ლოგიკური პრინციპის მიხედვით, არამედ სურვილით, რომ ბოლოს და ბოლოს უცვლელად შევინახოთ ცის ამ დროისათვის ჩამოყალიბებული სურათი.

ჩვენ არ ვისახავთ მიზნად მოგითხროთ თანავარსკვლავედების ისტორია - ეს თემა საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე ცალკე წიგნს მოითხოვს. ჩვენ მხოლოდ თანავარსკვლავედების სახელწოდებრივი კლასიფიკაციით შემოვიფარგლებით, ხოლო შემდგომში, თანავარსკვლავედის განხილვისას, მისი სახელწოდების წარმოშობასაც მოვფენთ ნათელს.

88 თანამედროვე თანავარსკვლავედიდან უმეტესობას საკმაოდ სოლიდური ასაკი აქვს. ეს თანავარსკვლავედები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იყო ცნობილი და ცნობები მათ შესახებ მოიპოვება ბიბლიაში; ჰომეროსის, ჰეზიოდეს, თალესის, ევდოქსის, ჰიპარქესა და სხვა უძველესი ავტორების ნაწარმოებებში. აი, ამ უძველეს თანავარსკვლავედთა ჩამონათვალი: დიდი დათვი, ორიონი, კურო, დიდი ძაღლი, მენახირე, პატარა დათვი, დრაკონი, ჰერკულესი, მერწყული, თხის რქა, მშვილდოსანი, მეისრე, დელფინი, კურდღელი, ერიდანუსი, ვეშაპი, სამხრეთის თევზი, სამხრეთის გვირგვინი, სამსხვერპლო, კენტავრი, მგელი, ჰიდრა, ფიალა, ყორანი, სასწორი, ბერენიკეს თმები, სამხრეთის ჯვარი, კვიცი, ჩრდილოეთის გვირგვინი, გველისმჭერი, მორიელი, ქალწული, ტყუპები, კიბო, ლომი, მეეტლე, ცეფევსი, კასიოპეა, ანდრომედა, პეგასი, ვერძი, სამკუთხედი, თევზები, პერსევსი, ქნარი, გედი, არწივი. ამ 47 თანავარსკვლავედიდან უმეტესობა მორფოლოგიური წარმოშობისაა - მათში ძველი ბერძნული მითებისა და ლეგენდების პერსონაჟებია ასახული. თანავარსკვლავედების ფიგურებიანი რუკის მაგალითი მოყვანილია სურათზე 1.

სურ. 2. თანავარსკვლავედების უძველესი ფიგურებიანი რუკა.

თანავარსკვლავედების სხვა ჯგუფი პირველად მოიხსენიება ასტრონომ ჟან ბაიერის მიერ, რომელმაც 1603 წელს ვარსკვლავიერი ცის შესანიშნავად გაფორმებული ატლასი გამოსცა. მასში შედიან: ფარშავანგი, ტუკანი, წერო, ფენიქსი, მფრინავი თევზი, სამხრეთის ჰიდრა, ოქროს თევზი, ქამელეონი, სამოთხის ფრინველი, სამხრეთის სამკუთხედი, ინდიელი. სავარაუდოდ, მკითხველი ამ ჩამონათვალში დროების სურნელს შეიგრძნობს - ეს იყო უდიდესი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა, როდესაც ევროპელების თვალწინ უცნობი სამხრეთის ქვეყნების ეგზოტიკური პეიზაჟები გადაიშალა. აქ თითქმის არ არის ნახსენები მორფოლოგიური სახელი, მაგრამ არიან ეპოქის ისეთი აქტუალური პერსონაჟები, როგორებიცაა ინდიელი, ფარშავანგი თუ სამოთხის ფრინველი.

დედამიწის სფეროს ჭეშმარიტი სურათი თანდათანობით გამოიკვეთება და ამასთანავე, ახალი თანავარსკვლავედებით ივსება სამხრეთის უცნობი ვარსკვლავიერი ცა. თუმცა, ფეხდაფეხ ივსება ჩრდილოეთის ცის თეთრი ლაქებიც.

XVII საუკუნის დასასრულს, სახელოვანი დანიელი ასტრონომის, ჰეველიუსის მიერ შედგენილ თანავარსკვლავედთა სიაში ვხვდებით საუკუნის განმავლობაში წარმოქმნილ კიდევ მთელ რიგ ახალ თანავარსკვლავედს. ესენია: ჟირაფი, ბუზი, მარტორქა, მტრედი, მეძებარი ძაღლები, მელაკუდა, ხვლიკი, სექსტანტი, პატარა ლომი, ფოცხვერი, ფარი.

1752 . სამხრეთის ვარსკვლავიერი ცის სახელგანთქმულმა მკვლევარმა, ფრანგმა ასტრონომმა ლაკაილმა, ეს ჩამონათვალი კიდევ 14 თანავარსკვლავედით შეავსო. აი, ისინიც: მოქანდაკე, ღუმელი, საათი, ბადე, საჭრისი, მხატვარი, სამსხვერპლო, კომპასი, ტუმბო, ოქტანტი, ფარგალი, ტელესკოპი, მიკროსკოპი, მაგიდა მთა. ყველა ეს თანავარსკვლავედი ვარსკვლავიერი ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე განთავსდება. ისღა დაგვრჩენია, რომ სია კიდევ ხუთიოდე თანავარსკვლავედით შევავსოთ. სამი მათგანია: კიჩო, გემბანი და იალქანი - რაც უძველეს დროში გემის თანავარსკვლავედის მთავარ ნაწილებს შეადგენდა - სწორედ იმ მითიური გემის, რომლითაც, თუკი ძველბერძნულ ლეგენდებს დავუჯერებთ, გმირი არგონავტები კოლხეთისაკენ გაემგზავრნენ. მეოთხე თანავარსკვლავედი - გველი, იმითაა შესანიშნავი, რომ ვარსკვლავიერ რუკებზე მას ცამრგვალის ორი განცალკევებული ნაწილი უჭირავს. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ცამრგვალზე ერთმანეთის მახლობლად გველის ორი თანავარსკვლავედი განთავსდება. სინამდვილეში კი ეს ერთი თანავარსკვლავედია, რომელიც გველისმჭერის თანავარსკვლავედით გაიყოფა. უძველეს ვარსკვლავიერ რუკებზე გამოსახულია ადამიანი, რომელსაც ხელში გველი უჭირავს. თანამედროვე რუკებზე კი ეს ძველი თანავარსკვლავედი ორადაა გაყოფილი. ესენია: გველისმჭერი და გველი. ბოლო, 88- თანავარსკვლავედი თარაზო (გონიო), სამხრეთის ვარსკვლავიერ ცაზე განთავსდება და მისი წარმოშობაც ისევე უნებლიეა, როგორიც სამხრეთის სამკუთხედის.

თანავარსკვლავედების ამ მოკლე ჩამონათვალიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მათგან ყველაზე ხნიერები თავის წარმოშობას სხვადასხვა ძველ მითებს უნდა უმადლოდნენ. რაც შეეხება XVII და XVIII საუკუნეებში აღმოცენებულ თანავარსკვლავედებს, "კლასიკური" მორფოლოგიური სახელწოდების მქონეები მათ შორის თითქმის არ არსებობენ, რის გამოც მათი შემთხვევითი წარმოშობა მხოლოდ ავტორების ფანტაზიებს თუ შეიძლება მიეწეროს.

აქამდე მხოლოდ ევროპელების მიერ შემოღებულ თანავარსკვლავედებზე ვსაუბრობდით. ეს, ცხადია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აზიისა თუ ამერიკის ხალხები ვარსკვლავიერი ცის "დარაიონებით" არ ყოფილან დაკავებული. ვარსკვლავთა ხილულ განლაგებებს სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა ფიგურებად აღიქვამდა. მაგალითად, შუა აზიაში დიდი დათვის შვიდვარსკვლავა ჩამჩას "მიბმულ ცხენს" უწოდებდნენ. ძველ ეგვიპტეში კი იგივე თანავარსკვლავედს "ჰიპოპოტამი" ეწოდებოდა.

საინტერესოა, რომ XVII და XVIII საუკუნეებში ზოგიერთი ევროპელი ასტრონომი, სხვადასხვა მოტივით, ცდილობდა ცამრგვალზე ახალი თანავარსკვლავედები დაემკვიდრებია, ზოგჯერ უკვე არსებული უძველესი თანავარსკვლავედების დამახინჯებისა და განადგურების ხარჯზეც კი. ასე, მაგალითად, 1725 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ფლემსტიდმა, ხელქვეითის თვალთახედვიდან გამომდინარე, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედის მთავარ ვარსკვლავს "კარლოს II-ის გული" უწოდა (დღეს მას სირიუსი ეწოდება). ამ მაგალითს მიმბაძველებიც გამოუჩნდა: XVIII საუკუნის ბოლოს ინგლისელმა ასტრონომმა ჰელმა ცამრგვალზე "გეორგის ქნარი" განათავსა, ხოლო გერმანელმა ასტრონომმა ბოდემ - "ფრიდრიხ II-ის რეგალიები". სხვათა შორის, პრუსიელი მეფის "რეგალიებისათვის" ადგილის გასუფთავების მიზნით ბოდემ "გვერდზე გაწია" ანდრომედას ხელი, რომელიც მას სამიათასი წლის განმავლობაში ჰქონდა გაწვდილი!

შემდეგი ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ რა დონემდე მიდიოდა ზოგჯერ თანავარსკვლავედთა ავტორების სულელური ქმედებები. ცნობილმა ფრანგმა ასტრონომმა ლალანდმა ცამრგვალზე კატის თანავარსკვლავედი განათავსა. ნაწარმოებებში ის თავის საქციელს ამგვარად განმარტავს: "მიყვარს კატები, მე მათ პირდაპირ ვაღმერთებ. იმედია, როგორმე მომიტევებენ, თუკი ჩემი დაუღალავი სამოცწლიანი მუშაობის შემდეგ მათ ზეცაში განვათავსებ."

ზოგიერთი ასტრონომის მიერ განხორციელებული ყველა ეს რეფორმატორული ქმედება არაფერია თანავარსკვლავედების სრული "რეკონსტრუქციის" პროექტებთან შედარებით, რაც XII საუკუნეში ეკლესიის ზოგიერთი მსახურის მიერ იქნა შემოთავაზებული. ერთერთი ასეთი შემოთავაზების მიხედვით, თანავარსკვლავედების "უწმინდური წარმართული" სახელწოდებები ქრისტიანულით უნდა შეეცვალათ. მაგალითად, ვერძის თანავარსკვლავედი უნდა წოდებულიყო პეტრე მოციქულის თანავარსკვლავედად, თევზები - მოციქულ მათეს და .. რაც ყველაზე უარესია, პროექტის მარცხიანი ავტორი ამას როდი დასჯერდა. იგი მოითხოვდა, რომ მზისათვის იესო ქრისტე ეწოდებინათ, ხოლო მთვარისათვის - ქალწული მარიამი. პლანეტებსაც შესაფერის სახელებს დაარქმევდნენ - მაგალითად, ვენერა იოანე ნათლისმცემლად იქცეოდა!

ასტრონომებმა, ცხადია, კატეგორიულად უარყვეს ამგვარი რეფორმა. უფრო მეტიც, მის უაზრობაზე ეკლესიის მსახურთა პროგრესულად მოაზროვნე ნაწილიც კი მიუთითებდა. მართლაც, თუკი ციურ მნათობებს შემოთავაზებულ სახელებს დაარქმევდნენ, იძულებული იქნებოდნენ, რომ წარმოეთქვათ არა უბრალოდ შეუსაბამო, არამედ - ღვითსსაგმობელი ფრაზებიც კი. მაგალითად: "იესო ქრისტე ჰორიზონტს იქით ჩაეშვა" ან "მოხდა ქრისტეს დაბნელება ქალწულ მარიამის მიერ"!

ვარსკვლავიერი ცის უძველეს ჩუქურთმებზე თავდასხმა (თუმცა, უკვე უკანასკნელად) XIX საუკუნეშიც კი განხორციელდა. 1808 წელს ნაპოლეონის ზოგიერთი ქლესა გერმანელი მეცნიერის მიერ შემოთავაზებული იქნა, რომ მისი სახელი ორიონის თანავარსკვლავედისათვის ეწოდებინათ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ თვით ფრანგ ასტრონომებსაც კი ეს იდეა სრულიად აბსურდულად და მიუღებლად მოეჩვენათ.

1922 წელს ჩატარდა საერთაშორისო ასტრონომიული ყრილობა, რომელმაც, როგორც იქნა, საბოლოოდ დაამყარა წესრიგი ციურ "მეურნეობაში". ციდან ერთხელ და სამუდამოდ მოაცილეს როგორც ფრიდრიხის რეგალიები, ასევე - ლალანდის კატაც და 27 სხვა უიღბლო თანავარსკვლავედი. დარჩენილ 88 თანავარსკვლავედს შორის კი მკვეთრი საზღვრები იქნა გავლებული.


ყრილობის ერთერთი დელეგატის მიერ ისიც კი იქნა შემოთავაზებული, რომ საერთოდ გაეუქმებინათ თანავარსკვლავედები და შეეცვალათ ისინი სტანდარტული ზომის ოთხკუთხა ფართობებით. მაგრამ ასტრონომთა უმეტესობამ ამას მხარი არ დაუჭირა. ყრილობის გადაწყვეტილებით, შენარჩუნებული იქნა თანავარსკვლავედების უძველესი სახელწოდებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცის თანამედროვე მკვლევარს ისინი თითქმის აღარაფერში სჭირდება, ვინაიდან ამჟამად ვარსკვლავებს მათი კოორდინატების მიხედვით პოულობენ. თუმცა, მეორეს მხრივ, თანავარსკვლავედები სასარგებლოა ვარსკვლავიერ ცასთან პირველი ნაცნობობის დროს. ხოლო რაც მთავარია, თანავარსკვლავედები - ეს არის უძველესი კულტურის ძეგლების სამუდამოდ დამკვიდრება, რომლებიც თავისებურად, მაგრამ მაინც ასახავენ ასტრონომიის განვითარების ეტაპებს.