არაბი ასტრონომი ალ-სუფი, რომელიც ჩვენს ერამდე X საუკუნეში ცხოვრობდა, აგვიღწერს "პატარა ციურ ღრუბელს", რომელიც ბნელ ღამეებში იოლად გაირჩევა ანდრომედას თანავარსკვლავედის ν ვარსკვლავის ახლოს. ევროპაში მას მხოლოდ XVII საუკუნის დასაწყისში მიაქციეს ყურადღება: გალილეოს თანამედროვემ და მისმა თანაშემწემ ცის პირველ ტელესკოპურ დაკვირვებებში, ასტრონომმა სიმონ მარიუსმა, 1612 წელს პირველად მიმართა ტელესკოპი ამ უცნაური ციური ნისლოვანებისაკენ. "მისი სიკაშკაშე" – წერს მარიუსი, – "ცენტრთან მიახლოებისას თანდათანობით მატულობს. იგი ანთებულ სანთელს ჰგავს, რომელსაც გამჭვირვალე რქოვანი ფირფიტიდან ვუჭვრეტთ".
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ანდრომედას ნისლეულს ედმუნდ ჰალეი შეისწავლიდა, დიდი ნიუტონის მოსწავლე და მეგობარი. მისი აზრით, პატარა ნისლოვანი ლაქები: "სხვა არაფერია თუ არა სინათლე, რომელიც განუზომელი სივრციდან მოედინება, ეთერულ სამყაროში განთავსდება, რომელიც სავსეა დაღვრილი და თვითმნათი ნივთიერებით". სხვა, რელიგიურად განწყობილი ასტრონომები ირწმუნებოდნენ, რომ ამ ადგილებში "ციური ბროლის სიმყარე" ჩვეულებრივზე მცირეოდენ უფრო თხელია და ამიტომ იქიდან ცოდვილ დედამიწაზე ზეციური სამეფოს "ენითუთქმელი სინათლე" იღვრება.
ანდრომედას ნისლეულის ჭეშმარიტი ბუნების საკითხი XIX საუკუნეშიც კი ვერ გადაჭრეს. ცხადია, "ციური სიმყარის" გამჭვირვალობაზე უკვე აღარავინ საუბრობდა, სამაგიეროდ, მხურვალედ ედავებოდნენ ერთმანეთს – ეს ნისლეული მნათი აირებისაგან შედგებოდა თუ ჩვენი ვარსკვლავიერი სისტემის გარეთ არსებული ვარსკვლავებისაგან; ან იქნებ ამ ნისლეულიდან, ჩვენი მზის კოსმიურ სამეზობლოში, ახალი პლანეტა იბადება.
როგორც ყოველთვის ხდება მსგავს სიტუაციებში, დავა მხოლოდ მაშინ გადაწყდა, როდესაც გამოჩნდა ახალი, საკმარისად მძლავრი კვლევითი საშუალებები. 1924 წელს ედვინ ჰაბლმა, სახელგანთქმულმა ამერიკელმა ასტრონომმა, მაუნთ უილსონის ობსერვატორიის 100-დუიმიანი რეფლექტორის მეშვეობით მიღებულ ფოტოსურათებზე, ანდრომედას ნისლეულში პირველად "გაარჩია" (უფრო სწორად, გამოყო) ცალკეული ვარსკვლავები. მკვლევართა თვალებმა პირველად იხილეს მილიარდობით მზისაგან შემდგარი, დიდებული ვარსკვლავიერი სისტემა, შესაძლოა, მილიარდობით დასახლებული პლანეტით. მოკლედ რომ ითქვას, მათ წინაშე წარსდგა მ ე ზ ო ბ ე ლ ი გ ა ლ ა ქ ტ ი კ ა.
ანდრომედას ნისლეულის ცალკეულ ვარსკვლავებად დაყოფამ მაშინვე გადაჭრა მისი დედამიწიდან დაშორების საკითხიც. ის, რაც შეუძლებელი იყო მთლიანად ნისლეულისათვის, შედარებით იოლი აღმოჩნდა მისი შემადგენელი ვარსკვლავებისათვის. ზოგიერთი მათგანის ფიზიკური თავისებურებების შესწავლამ დარწმუნებით აჩვენა, რომ ანდრომედას ნისლეული იმყოფება არა ჩვენს გალაქტიკაში, არამედ – გაცილებით უფრო შორს, 520 კპს მანძილზე (თანამედროვე მონაცემებით). ასე ჩაეყარა საფუძველი გარეგალაქტიკურ ასტრონომიას - ციურ მეცნიერებას, რომელიც დღეს ასე მძლავრად ვითარდება.
ანდრომედას ნისლეული – ერთადერთი გალაქტიკაა, რომელსაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შეიძლება შეუიარაღებელი თვალით დავაკვირდეთ. მისი ვარსკვლავიერი სიდიდეა 4m,3. ბნელ ღანეებში ეს "ნისლოვანი ვარსკვლავი" სრულიად მკვეთრად მოჩანს, ამიტომ ცამრგვალზე მის მოსაძებნად მხედველობის განსაკუთრებული სიმახვილე სულაც არ არის აუცილებელი.
თვალებს ნისლეული პატარა, ოვალური, მანათობელი ლაქის სახით წარმოუდგება, რომლის უდიდესი განიკვეთი დაახლოებით 1/4 გრადუსის (15') ტოლია (სურათი 226). მაგრამ ეს მთელი ნისლეული როდია, არამედ მისი ყველაზე უფრო კაშკაშა ნაწილი. კარგ ფოტოსურათებზე (იგულისხმება დედამიწიდან გადაღებული ფოტოები!) ანდრომედას ნისლეული გაცილებით მსხვილია: მისი სიგრძე 160' უახლოვდება, ხოლო სიგანე – 40'. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთ ფოტოსურათებზე, ფართობის მიხედვით, ნისლეული თითქმის 7-ჯერ აღემატება მთვარის დისკის ფართობს!
სურ. 226. ანდრომედას ნისლეული - გალაქტიკა M31 ცაზე (მარჯვნივ) |
მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ არის მთელი ნისლეული. მიკროფოტომეტრი – ასტრონომიული ობიექტების ნეგატივებზე გაშავების საზომი ხელსაწყო – ემულსიაზე სინათლის ზემოქმედების კვალს იქაც კი აღიქვამს, სადაც თვალი უკვე ვეღარაფერს ამჩნევს. ანდრომედას ნისლეულთან მიმართებაში ნეგატივების გამოყენებით გარკვეული იქნა მისი ჭეშმარიტი ზომები – 270' (ანუ 4º,5) სიგრძეში და 240' (4º) სიგანეში! ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ანდრომედას ნისლეულს ცაზე 14 კვადრატული გრადუსის ოდენა ფართობი უჭირავს, ანუ სავსე მთვარეზე 70-ჯერ უფრო დიდი ადგილი! ჩვენი თვალები მიკოფოტომეტრის მგრძნობელობის რომ იყოს, ანდრომედას ნისლეული ცაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედის მესამედი ზომისა გამოჩნდებოდა.
კიდეებისკენ თანდათანობით "კლება" და "შემღვრევა" – ყველა გალაქტიკისათვისაა დამახასიათებელი. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ გალაქტიკათშორისი სივრცე ცარიელი სულაც არ არის, არამედ – სავსეა უაღრესად გაუხშოებული ნივთიერებით – გალაქტიკათშორისი პლაზმით.
მიაქციეთ ყურადღება სხვა ფაქტსაც: თუკი ანდრომედას ნისლეული თვალს ოვალური ლაქის სახით წარმოუდგება, მიკროფოტომეტრისათვის იგი თითქმის ბურთისებურია. ანდრომედას ნისლეულის ეს თავისებურება მიგვითითებს მის ნათესაურ კავშირზე როგორც ჩვენს გალაქტიკასთან, ასევე – სხვა სპირალურ ვარსკვლავიერ სისტემებთანაც. მათი ბრტყელი, ბლითისმაგვარი ფორმები მხოლოდ მოჩვენებითია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბრტყელ დისკს გალაქტიკის ვარსკვლავთა მხოლოდ მთავარი ნაწილი წარმოქმნის. მათი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი შეადგენს ბურთისებურ "პირბადეს", ფრიად გამჭვირვალე "ბურთს", რომელიც თავის თავში მოიცავს ასევე ეკვატორულ "ბლითსაც".
ჩვენთვის ცნობილი გალაქტიკებიდან ანდრომედას ნისლეული ყველაზე უკეთაა შესწავლილი. დედამიწელი ასტრონომებისთვის ამ ციური "კუნძულის" აგებულების ბევრი ისეთი დეტალია ცნობილი, რომლებიც, შესაძლოა, მისმა გონიერმა მკვიდრებმაც კი არ იციან.
ანდრომედას ნისლეული – უზარმაზარი ვარსკვლავიერი სპირალია, რომლის განიკვეთი 27 კპს შეადგენს (სურათი 227). ამ სპირალს ჩვენს არც გვერდიდან ვუყურებთ და არ წინიდან (ან ზემოდან). ის ჩვენი მხედველობის არის მიმართ ნახევრადმობრუნებულ მდგომარეობაშია. დაახლოებით ასევე მოჩანს ანდრომედას ნისლეულიდან ჩვენი გალაქტიკა – ირმის ნახტომი.
ამ გალაქტიკებს ბევრი რამ აქვთ საერთო. ცენტრში უზარმაზარი ბურთისებური შესქელებაა, სადაც უმეტესად თავმოყრილია ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავები – გალაქტიკის ბირთვები. ამ ბირთვებიდან გამოდის თვალუწვდენელი, სპირალისებური ვარსკვლავიერი ტოტები. ანდრომედას ნისლეულის ახალ, შესანიშნავ ფოტოსურათებზე, მისი შუაგულის მოყვითალო შეფერილობისაგან განსხვავებით, მისი ტოტები მოცისფრო ფერისაა. ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ბირთვში ძირითადად თავმოყრილია ჩვენი მზის მსგავსი ყვითელი ვარსკვლავები. სამაგიეროდ, სპირალური ტოტების მოხაზულობა და სილუეტი ცხელი, მოცისფრო-მოთეთრო გიგანტი ვარსკვლავებისაგანაა შექმნილი.
ანდრომედას ნისლეულში ფეთქდება ახალი ვარსკვლავები, პეიოდულად "გვიკრავენ თვალს" მრავალრიცხოვანი ცეფეიდები. უეჭველია, რომ აქვეა ცვალებადი ვარსკვლავების ჩვენთვის ცნობილი სხვა კლასებიც. 1885 წელს იქ ზეახალმა ვარსკვლავმა იფეთქა, რომელიც ამ გალაქტიკის მილიარდი ვარსკვლავივით კიაფობდა!
ანდრომედას ნისლეულის შიგნით და მის გარშემო დაახლოებით 140 სფერული ვარსკვლავიერი გროვაა აღმოჩენილი, რომლებიც ძალზე წააგავს ჩვენს გალაქტიკაში არსებულ მსგავს ობიექტებს. ჩვენს მეზობელ გალაქტიკაში არის ასევე გაფანტული ვარსკვლავიერი გროვები, აიროვანი ნისლეულები, მყარი, უწვრილესი კოსმოსური მტვრის ღრუბლები. ამ უკანასკნელებითაა გამოწვეული მრავალრიცხოვანი, ბნელი "ჩავარდნები" ანდრომედას ნისლეულის საერთო, მნათ ვარსკვლავიერ ფონზე, რაც კარგად გაირჩევა ფოტოსურათებზე.
ისევე, როგორც ჩვენს ვარსკვლავიერ სისტემაში, ანდრომედას ნისლეულის ვარსკვლავები მისი ბირთვის გარშემო ბრუნავენ. როდესაც მსგავსი გალაქტიკების ბრუნვაზე საუბრობენ, საქმე ეხება საკმაოდ რთულ პროცესებს: ანდრომედას ნისლეულის მსგავსი გალაქტიკები ერთი მთლიანი საგანივით როდი ბრუნავენ (ვთქვათ, როგორც ედისონის ფირფიტა ან კომპაქტ-დისკი); და არც როგორც მზის სისტემის პლანეტები. ჭეშმარიტება სადღაც ამ ორ უკიდურესობას შორის ძევს – მყარი სხეულის ბრუნვა და პლანეტების "კეპლერისეული" მოძრაობები. გალაქტიკაში ბრუნვის კუთხური სიჩქარე ცენტრიდან მანძილის ზრდის მიხედვით იკლებს, თუმცა, უფრო ნელა, ვიდრე ეს კეპლერის კანონების მიხედვით ხდება. ასეთია სპირალური გალაქტიკების ბრუნვის ზოგადი სურათი. დეტალები კი ძალზე რთულია და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დატვირთული.
ანდრომედას გალაქტიკა ჩვენს ირმის ნახტომს დაახლოებით 110 კმ/წმ სიჩქარით უახლოვდება! მის ტანგენსურ, ანუ კუთხურ სიჩქარეზე დამოკიდებულებით ეს 4-4,5 მლრდ წელიწადში მოხდება. შეჯახების შედეგად მოსალოდნელია გალაქტიკების შერწყმა, რომლის შედეგიც უზარმაზარი სპირალური ან დისკოსებური გალაქტიკის ფორმირება იქნება. შეჯახება გალაქტიკურ გროვებში ხშირი მოვლენაა, თუმცა ვარსკვლავებს შორის უზარმაზარი მანძილების გათვალისწინებით მათი და პლანეტების შეჯახების ალბათობა უკიდურესად მცირეა, თუმცა მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გრავიტავიული "არეულობა" - ზოგიერთი ვარსკვლავი თავისი პლანეტური სისტემებით სივრცეში მნიშვნელოვნად გადაინაცვლებს და შეიძლება ღია კოსმოსშიც იქნას გატყორცნილი.
შეჯახების მომენტისთვის ჩვენი მზის სისტემის ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ის გალაქტიკა ირმის ნახტომის პერიფერიაზე განთავსდება, ამიტომ დიდი შანსია, რომ ანდრომედას გალაქტიკამ მოახლოებისთანავე შთანთქოს (რაც მხოლოდ არსებული ღამის ცის სურათის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს). რაც შეეხება კაცობრიობას - ანდრომედას მოახლოებამდე დიდი, ძალიან დიდი ხნით ადრე მზის ნ ა თ ო ბ ა იმდენად მოიმატებს, რომ დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ჩვენი შთამომავლები ამ მოვლენას სატურნის ან იუპიტერის რომელიმე მთვარის ან პლუტონ-ქარონის ტერაფორმირებული სისტემიდან დააკვირდებიან.
ანდრომედას ნისლეული გარშემორტყმულია ოთხი, გაცილებით უფრო მცირე ზომის ვარსკვლავიერი სისტემით. მათ შორის უმთავრესია ელიპსური გალაქტიკა M32 (”დრაკონის გალაქტიკა”), რომელიც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში იქნა აღმოჩენილი. იგი დიდ სასკოლო რეფრაქტორშიც მოჩანს. მისი განიკვეთი დაახლოებით 0,8 კპს-ა, ხოლო მოსახლეობა დაახლოებით მილიარდი ვარსკვლავია. ასეთივე მცირერიცხოვანია სხვა ჯუჯა გალაქტიკის - NGC 205 მოსახლეობაც, თუმცა ზომების მიხედვით იგი ორჯერ უფრო დიდია პირველთან შედარებით. 1944 წელს აღმოჩენილი სხვა ორი თანამგზავრიც მათი მსგავსია. ამ პაწაწინა ვარსკვლავიერ სისტემებთან შედარებით, ანდრომედას ნისლეული და ჩვენი ირმის ნახტომი პირდაპირ თვალუწვდენელი ზომებისაა. თუმცა, ეს თვითკმაყოფილების საფუძველს როდი გვაძლევს - ჩვენთვის უკვე ცნობილი გიგანტური გალაქტიკების რაოდენობა უკვე მილიარდობით მილიარდია (სურათი 228).
სურ. 228. Hubble კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათი, რომელიც სულ პაწაწინა სივრცეში მილიარდობით გალაქტიკას გვიჩვენებს
ვარსკვლავი ალამაქი და მისი ორჯერადი თანამგზავრი დედამიწიდან ძალზე შორს – 125 კპს მანძილზე იმყოფებიან.
საინტერესოა ანდრომედას ο ვარსკვლავიც. იგი უცნობი ტიპის ცვალებადია, რომლის ბრწყინვალება 3m,5-4m,0 ფარგლებში იცვლება. სპექტრის მიხედვით, ანდრომედას ο ორი ცხელი ვარსკვლავისაგან შედგება, რომლებიც სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო ერთნახევარი დღეღამის პერიოდით ბრუნავენ.
No comments:
Post a Comment