შემოდგომის ცის ქვეშ ჩვენ განვიხილავთ თანავარსკვლავედთა იმ პანორამას, რომელსაც დამკვირვებელი 31 ოქტომბრის 23 საათისათვის იხილავს. თვალი გადავავლოთ ტიპიურ შემოდგომის ცას (სურათი 222).
ცისკიდურის სამხრეთ ნახევარზე, დაახლოებით სამხრეთის წერტილის ზემოთ, ჰორიზონტიდან ნახევარ გზაზე, მოჩანს თითქმის ერთნაირი ბრწყინვალების მქონე ოთხი ვარსკვლავისაგან შემდგარი, უზარმაზარი კვადრატი. ეს კვადრატი პეგასის თანავარსკვლავედის მთავარი ნაწილია. მისი მარცხენა ზედა კუთხიდან, სამხრეთისაკენ და ცოტა ზემოთ, სამი ვარსკვლავის ჯაჭვი მიემართება. ეს ვარსკვლავები ანდრომედას თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავებია.
ამ ორი ვარსკვლავის ზემოთ მოჩანს თითქმის ასეთივე ბრწყინვალების მნათობი, რომელიც პერსევსის თანავარსკვლავედის მთავარი α ვარსკვლავია, ხოლო თვითონ პერსევსის თანავარსკვლავედი სამი α, β და δ ვარსკვლავების სამკუთხედით ხასიათდება.
ცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ანდრომედას ქვემოთ და პეგასის მარცხნივ, მოჩანს თითქმის ერთნაირი ბრწყინვალების ორი ვარსკვლავი, რომლებიც ვერძის თანავარსკვლავედს უდგანან სათავეში. პეგასი, ანდრომედა, პერსევსი და ვერძი – შემოდგომის ცის ყველაზე უფრო შესამჩნევი თანავარსკვლავედებია. სხვების მოძებნა კი ამ თანავარსკვლავედებიდან გადასვლით მოგვიწევს.
ანდრომედასა და ვერძს შორის განთავსდება პატარა თანავარსკვლავედი – სამკუთხედი. თვითონ სამკუთხედი, რომელსაც α, β და γ ვარსკვლავები წარმოქმნიან, ნაკლებად შესამჩნევია, ვინაიდან ცაზე ისედაც შეიძლება გონებრივად ავაწყოთ უამრავი სხვა სამკუთხედი.
კიდევ უფრო ნაკლებადაა გამოხატული ხვლიკი – სუსტი ვარსკვლავების ჯგუფი, რომელთა გარშემო პეგასი, ანდრომედა, კასიოპეა, ცეფევსი და გედია გადაჭიმული. ვერძის მარჯვნივ თევზების უზარმაზარი თანავარსკვლავედია, რომელიც ასევე არ მოიცავს კაშკაშა ვარსკვლავებს. ვერძისა და თევზების ქვემოთ, ცის მნიშვნელოვანი ნაწილი ვეშაპის თანავარსკვლავედს უჭირავს, რომელშიც ძნელად თუ ვინმე ამოიკითხავს ამ უზარმაზარი ცხოველის მოხაზულობას.
შემოდგომის თანავარსკვლავედების სახელების წარმოშობა განსხვავებულია: პეგასში, ანდრომედსა და პერსევსში, ცხადია, მკითხველმა უკვე ამოიცნო სახელგანთქმული მითოლოგიური მოთხრობის პერსონაჟები. ასეთივე ძველია სამკუთხედის, ვერძის, თევზებისა და ვეშაპის წარმომავლობაც. სამკუთხედის და ვერძის თანავარსკვლავედებს დიდი ისტორიები არ უკავშირდება, სამაგიეროდ, იგივე რუკაზე უცნაურად გამოიყურება ორი, კუდზე თასმებგამობმული თევზი. ერთერთი გადმოცემით, როდესაც ძველად, გაზაფხულის პირზე, მზე ამ თანავარსკვლავედში გადავიდოდა, წვიმებისა და წყალდიდობების ხანა იწყებოდა. ვეშაპის თანავარსკვლავედის წარმოშობასთან დაკავშირებით, ყველაზე უფრო პოპულარულია ლეგენდა, რომ ვარსკვლავიერი ცის ამ უბანში, ძველი ბერძნების ფანტაზიით, ასახულია სწორედ ის ზღვის ურჩხული, რომელმაც კინაღამ გადაყლაპა ანდრომედა (სურათი 223).
ხვლიკის თანავარსკვლავედი ჩვენთვის უკვე ნაცნობი დანიელი ასტრონომის – ჰაველიუსის ფანტაზიის შედეგია. 1690 წელს, ცის ამ უბანში განთავსებულ სუსტი ვარსკვლავების ჯგუფს ჰაველიუსმა ხვლიკის თანავარსკვლავედი უწოდა. მოტივი უბრალო იყო: ცის ამ უბანში ადგილი მხოლოდ პატარა ცხოველისათვის დარჩა, ვარსკვლავებში კი შეიძლება ამოვიცნოთ ქერცლი, რომელიც დროდადრო ამ ფაქიზი ქვეწარმავლის ზურგზე გაიბრწყინებს.
No comments:
Post a Comment